კლდეკარის ციხე
galerea
aRwera
კლდეკარის ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის უღელტეხილზე. ციხიდან კარგად ჩანს სამხრეთითა და აღმოსავლეთით წალკისა და მანგლისის მიდამოები, ჩრდილოეთით - თეძამისა და ტანის ხეობები. თრიალეთის ამ ქედზე კედელივითაა აღმართული კლდე, ამ კლდეს ორ ადგილას აქვს კლდეკარი. ერთი მათგანი დაბლაა და მაღალ კლდეშია გაჭრილი, მეორე უფრო მაღლაა და შედარებით დაბალ კლდეშია გაჭრილი. სწორედ გასასვლელებს და საქარავნო გზებს აკონტროლებდა ეს ციხე. ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა შიდა ქართლი ახლანდელ წალკის მიდამოებს და მის სამხრეთ სანახებს. კლდეკარის ციხე წარმოადგენდა კლდეკარის ერისთავების ბაღვაშთა მთავარ დასაყრდენ ციხეს. სამწუხაროდ ჩვენამდე კლდეკარის ციხემ საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია. დღევანდელი ნაშთებით ირკვევა, რომ ციხე საკმაოდ მასშტაბული იყო. დღეს შეიმჩნევა კოშკების და სასახლის კვალი. nbsp; კლდეკარს მეტად რთული ცხოვრება ჰქონია, მისი აგებაც და დაქცევაც უშუალოდ არის დაკავშირებული ბაღუაშთა საგვარეულოსთან, მათ აღზევებასთან, დაპირისპირებთან, როგორც მეფესთან ისევე ადგილობრივ ფეოდალებთან.
კლდეკარის ციხე აუგია ლიპარიტ ერისთავს IX საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდიდან ძლიერდებიან კლდეკარის ერისთავები. კლდეკარის ერისთავები ძლიერდებიან იმ დონეზე რომ ეურჩებიან მეფეებს. ისტორიაში დაფიქსირებულია ერთი ასეთი საინტერესო ფაქტი. ბაგრატ III -ს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში არ ემორჩილებოდა რატი ერისთავი. რატის ერთგვარად მფარველობდა დავით კურაპალატი, ბაგრატს არ სურდა ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა, რის გამოც თავს იკავებდა რატი ერისთავთან შებრძოლებაზე, მაგრამ ერთი მომენტში, დავითმა ნება დართო ბაგრატს, რომ ემოქმედა საკუთარი ნების და სურვილის შესაბამისად. სწორედ ამის შემდეგ ბაგრატმა დასძრა ჯარი, მან პირდაპირ მისვლას ხერხი იხმარა და ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო რომ მოზამთრდა მოულოდნელად თავს წამოადგა რატი ერისთავს. რატიმ ბრძოლას დანებება არჩია და მეფეს ჩაბარდა თავის შვილთან ერთად. კლდეკარის ციხე მეფემ დაიკავა, ხოლო რატი კი არგვეთის მამულებში გადავიდა. მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის ბრძოლა განსაკუთრებულად გამწვავდა XI საუკუნის 20 იანი წლებიდან, იგი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და რამდენიმე ათეული წელი გასტანა.
თავდაპირველად ლიპარიტ ერისთავიც და ბაგრატ IV-ც ერთად იყვნენ და ერთად იბრძოდნენ. 1028 წელს ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინემ დაპყრობის მიზნით გამოგზავნა ლაშქარი პარაკიმანოსის სარდლობით. ლიპარიტ ერისთავმა მედგარი წინააღმდეგობა კლდეკარის ციხესთან და მტერი უკან აქცია. 50 იანი წლებიდან ბაგრატსა და ლიპარიტს შორის განხეთქილება მოხდა და ერისთავი ისე გაძლიერდა, რომ მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავა და უფლისწულის გაზრდაც იკისრა. ლიპარიტის გაძლიერება სხვა დიდებულებს არ მოსწონდათ. ამიტომ მათ მოაწყეს შეთქმულება მის წინააღმდეგ. დიდებულებს ხელმძღვანელობდა სულა კალმახელი. მან ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრო და მეფეს მიგვარა. გახარებულმა მეფემ დიდებულები დიდად დაასაჩუქრა. სულა კალმახელმა ლიპარიტს წაართვა ძლიერი ციხეები, როგორიც იყო არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისი და ყველის ციხე, ხოლო კლდეკარის ციხე მეფის ჯარმაც ვერ აიღო. შეთანხმების შედეგად ციხე დანებდა მეფეს. ბაგრატმა ლიპარიტი ბერად აღკვეცა, ხოლო ივანეს კი მარგვეთი ჩააბარა.
მომდევნო წლებში ივანეს დაუბრუნებია კლდეკარის ციხე, თუმცა რა პირობებში მოხდა ეს გაურკვეველია.
XI საუკუნის 70 იან წლებში ივანე და სხვა დიდებულები კვლავ ეურჩებოდნენ გიორგი II-ს, მათ შორის იყო ივანე ბაღვაშიც, თუმცა მეფემ განდგომილები შემოირიგა და დასჯის მაგივრად დაასაჩუქრა და ივანეს სამშვილდე გადასცა, მაგრამ ივანემ პატივი ვერ შეიფერა და მეფეს კვლავ განუდგა.
დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ წლებში ლიპარიტ ბაღვაში დავითს ერთგულებდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და 1094 წელს დავით აღმაშენებელმა ლიპარიტ ბაღვაში ჯერ ძელზე გასვა, ხოლო შემდგომ საბერძნეთში გააძევა. კლდეკარის საერისთავო კი გაუქმდა. შედგომ პერიოდებში კლდეკარის ციხემ მნიშვნელობა დაკარგა.
კლდეკარის ციხე 1177 წელს მეტად მძიმე მოვლენის მომსწრე გახდა. როგორც ცნობილია გიორგი III -ს აუჯანყდა ძმისწული დემნა, მას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად უპირატესობა აჯანყებულებს ჰქონდათ, თუმცა შემდგომ სასწორი გადაიხარა, აჯანყებულები კლდეკარის ციხეში შეიკეტნენ, მაგრამ მეფის რაზმებმა ციხე აიღეს და დემნას თვალები ამოწვეს.
მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ციხეც და კლდეკარის საერისთავოც ნაკლებად იხსენიება წყაროებში.
ამჟამად კლდეკარის ციხე ძალიან დაზიანებული სახით არის შემორჩენილი. ძნელია აღადგინო პირვანდელი სურათი, თუმცა ამ დარჩენილი ნანგრევებითაც კარგად წარმოგიდგება ადამიანს ციხის პირვანდელი მასშტაბები. ამ მედიდურ ნანგრევებზე ასულ მნახველს დღესაც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს ციხეც, მისი ადგილმდებარეობა, გაშლილი სანახაობა. ციხე დღესაც დარაჯობს „კლდეკარს“, ძველ საქარავნო გზებსაც და თრიალეთის ქედებსაც.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის