სხვილოს ციხე-დარბაზი


galerea



aRwera

სხვილოს ციხე გვიანფეოდალური ქართლის ერთერთი მთავარი სიმაგრეთაგანი იყო. ციხე მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალიდან 3-4 კმ-ში. სხვილოს მთა საკმაოდ მაღალია და მიუდგომელია, თუმცა საკმაოდ სტრატეგიული ადგილია აქედან მოჩანს მთელი ლეხურის ხეობა კასპამდე, საკორინთლო და ტირიფონის დიდი ველი. მშენებლებს გაუთვალისწინებიათ ის ფაქტი, რომ ციხის ბუნებრივი დაცვის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონოდათ, ამიტომ იძულებულები იყვნენ ციხის კედლებისათვის მიეცათ მეტი სიმტკიცე. კედლების სიმაღლე ზოგ ადგილებში ათ მეტრს აღწევს, სისქე ორ მეტრს. მაშინდელი ტექნიკისათვის ციხის აღება საკმაოდ ძნელი იყო. ცნობილია, რომ ციხე აღებულია მხოლოდ რამოდენიმეჯერ, მაგრამ ეს ფაქტი განპირობებული იყო არა ციხის ნაგებობის სისუსტით, არამედ დამცველთა მიზეზით. გეგმის მიხედვით ციხე გრძელი ოთხკუთხედის ფორმას უახლოვდება, ნაგებია რიყის ქვით, დუღაბით. მის ვიწრო ფრთებში დგას თითო კოშკი. ორივე კოშკი სავარაუდოდ ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიდა ტერიტორია მთლიანად სადგომებით ყოფილა დაფარული. ციხის კედლები და კოშკები თანადროულია, ხოლო შიდა ნაგებობები შედარებით მოგვიანებითაა აგებული. ციხეს ერთადერთი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, იგი ორი მეტრის სიმაღლეზეა, სავარაუდოდ ციხეში შესვლა კიბეებით ხდებოდა. გალავნის ფართობი ნახევარ ჰექტარს უდრის. ციტადელის მთავარი ნაგებობაა ჩრდილოეთის კოშკი, რომლესაც შესასვლელი ეზოდან, თითქმის ექვსი მეტრის სიმაღლეზე აქვს. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა, რაც მისი სიმტკიცისთვისაა. კოშკი ხუთსართულიანი ყოფილა, ქვედა სამ სართულს ჰქონია ხის გადახურვა, ხოლო მეოთხე სართულს თაღოვანი, მეხუთე სართულზე ყოფილა შვერილი აივანი, რომელსაც სავარაუდოდ ტერიტორიის დასაზვერვად იყენებდნენ. მეორე კოშკი შედარებით მცირეა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ამ კოშკსაც შესასვლელი ამაღლებული აქვს და ჩრდილოეთის კოშკის მსგავსადაა აგებული. ციხის შიდა ტერიტორია დაყოფილია კედლებით და თვითოელ მათგანში ძალიან მჭიდროდ არის ჩადგმული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. აქ არის ეკლესიის, წყალსაცავის, ბეღლის, საცხოვრებელი სახლების და სხვათა ნანგრევები. ჩრდილოეთის ეზო გაყოფილია ორ ნაწილად, შუაში მდგარა დიდი დარბაზი, რომელშიც ამილახვარი ცხოვრობდა. დღეს ქვითკირის დარბაზის მხოლოდ მცირე ნანგრევია. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დარჩენილია ოთხკუთხა საძირკველი რიყის ქვით ნაგები, შუაში ჩაღრმავებულია, აქვს დაკბილული საფეხურები, რომლებსაც ტახტს უწოდებენ. იგი ამილახვრის დასაჯდომი ყოფილა, საიდანაც მომჩივნებს სამართალს აძლევდა. ციხის ეზოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას ეკლესია. თავდაპირველად ეკლესია ერთსართულიანი ყოფილა, ხოლო მოგვიანებით, ხალხის სიმრავლის გამო მისთვის მეორე სართული დაუდგავთ. ორივე ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. ქვედა ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა, დარბაზული ტიპისაა. ეკლესია ნაგებია მოცისფრო ნატეხი ქვით. დასავლეთ ფასადზე აღმოჩენილი წარწერის მიხედვით ეკლესია აუგიათ ზედგენიძეებს, ალექსანდრე I -ის მეფობის დროს (1412-1442 წწ.). ზედა ეკლესია წმიდა თევდორეს სახელობისაა, არქიტექტორულად ეს ეკლესიაც დარბაზული ტიპისაა. ეკლესიის დასავლეთით, ციხის კედელთან დგას დიდი ზომის წყალსაცავი. ციხეში წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან, დაახლოებით სამი კილომეტრიდან, კერამიკული მილებით შემოყავდათ. სხვილოს ქონია ძალიან კარგი ე.წ. ჯანაურის წყარო. გალავანში წყალი შედიოდა ჯანაურის წყაროდან. ამ ადგილს დღესაც გალავნებს უწოდებენ. მხოლოდ გალავნის ნაშთიღაა დარჩენილი. სხვილოს ამ გალავანზე თქმულება არსებობს: სხვილოს ლეკები შესევიან და მტერი გალავანში დაბანაკებულა. სხვილოელებს მტერი ვერ გაურეკავთ, მაშინ ერთ ქართველ ქალს რომელიც ლეკის ცოლი ყოფილა, ლეკების ტყვია-წამალი მოუპარავს და ქართველებისთვის გადაუცია. ამით სხვილოელნი გამხნევებულან და გალავანს შესევიან, ხალხს დაუძახია- „ჯან-ურა“ და წყაროსაც ჯანაურა დარქმევია, ლეკები გაურეკავთ. ციხის შიდა ტერიტორია თითქმის სულ ათვისებული ყოფილა სხვადასხვა ნაგებობებით. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულ საკითხად რჩებოდა შიდა ნაგებობების განათების საკითხი. ნაგებობების ქვედა სართულები სავარაუდოდ კარიდან ნათდებოდა, ხოლო ზედა სართულები ბანიდან. სხვილოს ციხე დარბაზი იხსენიება X ს-ში. მისი პატრონები იყვნენ დაჩი და იოანე სხვილოსელნი, რომელნიც 980-992 წლებში მიემხრნენ კახთა ერისთავ კვირიკეს აფხაზთა მეფის, გიორგის წინააღმდეგ. „დაჩი და იოანე სხვილოსელნი, დაჩი კორინთალი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხოველნი... და მიერთნენ კვირიკეს და იუწყეს ბრძოლად ციხეთა და მცირეთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი.“ (ქართლის ცხოვრება ნაწ. 1. გვ.269. ) შემდეგში XIV საუკუნიდან მომხდარა ამილახვარ-ზევდგენიძეთა დაწინაურება, სწორედ ამ გვართანაა დაკავშირებული სხვილოს ციხის ისტორია. ამასთან დაკავშირებით არის გადმოცემა, როდესაც გიორგი ბრწყინვალე დაბრუნებულა ოსეთიდან, ეს ადგილები გაპარტახებული დახვედრია, ამ ადგილას დარჩენილი ყოფილა მხოლოდ ორი ქალი, რომელთაგან ერთი კოჭლი ყოფილა. მეფეს უთქვამს ვინც ამ ქალს შეირთავს მას მივცემო სხვილოს მამულს. სურვილი გამოუთქვამს ვინმე ზევდგენიძეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ დიდ გვარს. XV ს-ში, გიორგი VIII-ს მთელი ლეხურის ხეობა, სხვილოც ციხე-დარბაზით, უბოძებია ზევდგენიძე-ამილახვრისთვის. 1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინეს განდგომილნი მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თვისნი.“ მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგინიძემ (წმ. ცხოვრება ტომი IV გვ. 112 თბ. 2003წ.) შეიტყო შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემ არ ირწმუნა-წერს ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში“, - ვინაითგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა.“ როცა ერთგულმა ქვეშევრდომმა მეფე ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა- „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყვა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა.“ მეფე დათანხმდა,თუმცა დარწმუნებული იყო ქვეშევრდომთა უღალატობაში. „ღამესა მას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან.“ მეფემ სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრო. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო იოთამ ზედგინიძის შთამომავლობა, მის ძეს უბოძა სპასპეტობა ქართლისა, გორის მოურავობა და ამილახვრობა. მეფისთვის თავდადებული ქრისტიანი იოთამ ზედგინიძე ქართულმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა. სხვილოს ციხის შესახებ მეტი ცნობები გვაქვს XVII საუკუნიდან. 1629 წელს, შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდგომ თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობიდან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში შაჰ-აბასის დანიშნული ქართლის მეფის სვიმონ II-ს (სვიმონ ხანი) თავიდან მოშორება. ამ განზრახვის შესრულება დაევალა ზურაბ ერისთავს. იგი შეიპარა ციხეში და მოკლა სიმონ II, ხოლო მისი მოკვეთილი თავი თეიმურაზ I-ს მიართვა. 1632 წელს, როდესაც ირანის შაჰმა სეფი I-მა ქართლის მეფედ როსტომ-I გამოგზავნა, მან გამეფებისთანავე მოინდომა თეიმურაზის მომხრეების დასჯა. ერთერთი ასეთი იყო იოთამ ამილხვარი, რომელიც სხვილოს ციხეში იყო გამაგრებული. 1636 წელს როსტომ ხანმა სხვილოს ციხე ბრძოლით აიღო, სწორედ ამ ბრძოლებში ციხე ძლიერ დაზიანდა. ციხე-სიმაგრემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII საუკუნეში ლეკები, ყიზილბაშების წინააღმდეგ გივი ამილახვრის ბრძოლების დროს. 1742 წელს ამილახვარი თბილისიდან გაიქცა და თავისი ციხეები გაამაგრა, თვითონ კი სხვილოს ციხეში გამაგრდა. ასევე გივი ამილახვარმა მოახდინა ქართლის თავადების მობილიზება აჯანყებისკენ. სპარსელთა ლაშქარი დაბანაკებული იყო ქვემო ჭალასთან, სპარსელებს მეთაურობდა იმამ-ყული-ხანი. ფიცხელ ომში ორივე მხარემ დიდი მსხვერპლი მიიღო, მაგრამ საბოლოოდ ყიზილბაშები დამარცხდნენ და იქაურობას გაეცალნენ. მალევე იმამ-ყული-ხანი და ქერიმ-ხანი გაერთიანებული ლაშქარით კვლავ მობრუნდნენ და სხვილოს ციხე ალყაში მოაქციეს. ხანგრძლივი ალყის შემდეგ მათ ვერაფერი გაახერხეს და იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ ალყა და გაცლოდნენ იქაურობას. მომდევნო წლებში სხვილო კვლავ ამილახვრის ხელში იყო და საიმედო ციხედაც ითვლებოდა, მაგრამ როდესაც 1745 წელს მან ირანელებთან ბრძოლა წააგო და სხვილოს ციხეც დაკარგა. თუმცა მოგვიანებით ციხე კვლავ ამილახვრებს დაუბრუნდათ და მათ ხელში იყო XVIII საუკუნის მიწურულამდე. სხვილოს გალავანში და ციხე-დარბაზში ამილახვრები XVII ს-ის დამდეგამდე ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ დაბლა, ლეხურის პირას და ქვემო ჭალაში დასახლდნენ. 1905-1907 წლებში სხვილოს ციხე რევოლუციურად განწყობილი გლეხობის ადგილს წარმოადგენდა. სხვილოს ციხეზე არის გადაღებული ცნობილი ქართული ფილმი „შერეკილები“. ამჟამად სხვილოს ციხე მდებარეობს დეფაქტო საზღვართან.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის