რუხის ციხე


galerea



aRwera

          რუხის ციხე მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში, თბილის სოხუმის გზატკეცილზე. ეს ციხე უტყვი მოწმეა უამრავი ბრძოლებისა, თურქებისგან აწიოკებული ხალხისა. მიუხედავად იმისა, რომ ციხე საკმაოდ დაზიანებულია დღესაც დიდად აოცებს მნახველს.

            ფეოდალურ საქართველოში ასეთი დიდი ციხე-სიმაგრე ვაკე ადგილას ძალიან იშვიათი მოვლენაა, თუმცა იგი გარკვეული პირობების გამოა, ადრეულ პერიოდებში ციხეებს მაღალ, მიუდგომელ ადგილებში აშენებდნენ, თუმცა მოგვიანებით, როდესაც თურქთა ლაშქრობები ძალიან გახშირდა, გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ აეშენებინათ დიდი ფართობის ციხე-სიმაგრეები, სოფელთან ახლოს, სადაც მოსახლეობა თავს დროულად შეაფარებდა, ასევე მოახდენდა საქონლის, ქონების დამალვასაც.

            რუხი ამჟამად სოფელია, თუმცა იგი XVII-XVIII საუკუნეებში ქალაქად იხსენიება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი იმდროინდელ სადადიანოში ერთადერთი იყო, იგი საკმაოდ მცირე ზომის ყოფილა. რუხის ქალაქად ჩამოყალიბება უკავშირდება იმ პერიოდს როდესაც, საქართველო დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად, მათ შორის იყო სამეგრელოც.

            რუხის განვითარებაში და ქალაქად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევან II დადიანს (1611- 1657), მისი დიდი სურვილი ყოფილა, რომ რუხი ექცია დიდ სავაჭრო ქალაქად და აქ სავაჭროდ მოსულიყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა ეს მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან სამეგრელოს ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონია, ეს იმ პერიოდში თურქებს ჰქონიათ დაკავებული.

            ამჟამად რუხის  ნაქალაქარის ნაშთები აღარ შეინიშნება, სავარაუდოა, რომ შენობები ხის ყოფილა.

            რუხის ციხე ვახუშტის ცნობით, ლევან დადიანის მიერ არის აგებული 1647 წელს, თუმცა არსებობს სხვა ცნობებიც, რომლის მიხედვით ციხე ათიოდე წლის წინაა აგებული. ციხე ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი ნაგებობაა. საგულისხმოა ის ფაქტი, ამ პერიოდში საკმაოდ დასუსტებულმა ქვეყანამ შეძლო ასეთი მასშტაბის ციხის აგება. რაც შეეხება ლევან დადიანის მმართველობის ხანას, ამ პერიოდშია აღდგენილი არაერთი ეკლესია-მონასტერი და ციხე-სიმაგრე.

            თავდაპირველად ციხის ძირთან იყო ენგურის კალაპოტი, რომელიც თანთანდათან ციხისკენ მოიწევდა. მისი დაფიქსირება მოხერხდა XX საუკუნის 60 იან წლებში, ხიდის საშუალებით.

            ციხე რთულ რელიეფზეა აგებული, მისი ჩრდილო მხარე  მაღლობზეა განლაგებული, რაც მისი დაცვას უწყობდა ხელს, ასევე ციხის დასაცავად ხელს უწყობდათ მდინარეც. ციხის ქვედა ნაწილი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 500 კვადრატული მეტრია.

            ციხეში ყოფილა წყაროც, რომელიც გადმოცემით დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო. ახლა ამ ადგილას მცირე ჩაღრმავებული ადგილია.

            ციხეში შესასვლელი მხოლოდ ქვედა ეზოშია, შესასვლელი მოწყობილია კოშკის ქვედა გასასვლელში, თავდაცვის ორგანიზების მხრივ  ამ ადგილას ორი კარი ყოფილა, კოშკი დაახლოებით ათიოდე მეტრისაა, მის თავზე  სავარაუდოდ საბრძოლო მოწყობილებები იქნებოდა, ამჟამად კოშკის ზედა ნაწილი ჩამოქცეულია.

ციხის ქვედა ნაწილს ერთი კოშკი იცავს. იგი დგას სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. აქაც კოშკის ქვედა ტანი თითქმის ათი მეტრის სიმაღლეზე მასიურია და იქ, სადაც იწყება გალავანზე გამავალი საბრძოლო ბილიკი, მოთავსებულია სართულები: ამ კოშკის ზედა ნაწილში მოწყობილი ყოფილა სამი სართული. ამათგან კარი მხოლოდ ქვედა ორს ჰქონია. საქმე ისაა, რომ ციხის მშენებლებს გაუთვალისწინებიათ მებრძოლთა მოძრაობა ბილიკზე და სიმაგრე ისე აუგიათ. ეს კარგად ჩანს ამ კოშკის მაგალითზეც, კოშკის პირველ სართულს კარი აღმოსავლეთით აქვს, რომელიც უშუალოდ ციხის სამხრეთი კედლის საბრძოლო ბილიკზე გადის. ხოლო, რადგან ციხის დასავლეთი კედელი სამხრეთი კედლისგან თითქმის ორი მეტრით მაღლაა, ამიტომ იმ მხარეს გამავალი კარი ვერ იქნებოდა პირველ დონეზე. აქედან გამომდინარე, მშენებლებმა დასავლეთ გალავანზე გამავალი კარი მოაქცია კოშკის მეორე სართულის ჩრდილო კედელში. ასეთი გადაწყვეტის გამო, მეორე სართულის კოშკი უშუალოდ გადის დასავლეთ ბილიკზე. თვით კოშკის მეორე და მესამე სართულების კედლებში სათოფე-სამზერები იყო მოთავსებული.
      ციხის ციტადელი ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, მისი ფორმა ელიფსს წააგავს,  ბოლოები კოშკებითაა გამაგრებული. ციტადელის მთავარი კოშკი ჩრდილოეთითაა. იგი ყველა მხრიდან საკმაოდ მედიდური შესახედავია, მას ციხის დაცვაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ამ კოშკის ქვედა ნაწილიც ყრუა, პირველი სართული დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლიდან იწყება, ამჟამად კოშკისგან შემორჩენილია მხოლოდ ოთხი სართული და მეხუთის ნაწილი. კოშკის ყოველი სართული ისრული მოხაზულობის კამარითაა გადახურული და ბუხრებითა და სათოფეებითაა აღჭურვილი. ციხის ბოლო სართული აღჭურვილია ყველანაირი თავდაცვითი საშუალებებით.
        ციხის გალავანი 8-10 მეტრის სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზემოთ კი არის საბრძოლო ბილიკი, რომელიც 3-5 მეტრის სიგანისაა.
    რუხის ციხის ომების შესახებ მცირე ცნობები არსებობს. ციხეს ნათლად ეტყობა, რომ იგი ბევრი ომების მომსწრეა. რუხთან გამართული ომის შესახებ აქვს მოთხრობილი ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს, რომელიც 1672 წელს სამეგრელოში თათართა შემოსევას შესწრებია. იგი თავის ჩანაწერებში აღწერს საკმაოდ მძიმე სურათებს, თუ როგორ ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობა გახიზვნას.
      მომდევნო ცნობები ციხის შესახებ XVIII საუკუნეებს ეკუთვნის. მემატიანეს ცნობით რუხის ციხეში ყოფილა განლეგებული ის დიდი ზარბაზნები, რომლებიც XVI საუკუნეში ქართლის მეფეს სიმონს ბრძოლაში წაართვა დადიანმა.
        ვახუშტის ცნობით ციხე 1725 წელს ოსმალებს დაუნგრევიათ, თუმცა ციხე კვლავ განუახლებიათ.
      1769 წელს ციხესთან მიმდინარეობდა, რუსეთ თურქეთის ომიც. 1770 წელს რუსმა გენერალმა ტოტლებენმა, ქართველ მთავრებთან ერთად გაანთავისუფლა ციხე თურქებისაგან.
       რუხის ციხე უკანსკნელ საუკუნეებში სამეგრელოს მთავარ დასაყრდენ ციხეს წარმოადგენდა.
       ციხიდან კარგად ჩანს დეფაქტო საზღვარი ენგურის ხიდზე და აფხაზეთის სანახები.

 

ინფორმაცია მოამზადა   ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის