წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
galerea
aRwera
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, განვითარებული შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი. მდებარეობს ქ. წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე. ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად.გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.
შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.
ტოპონიმი წალენჯიხა წარმოშობილი ჩანს კოლხური ტომის ჭანების სახელისაგან (ჭანის ჯიხა – ჭანის ციხე, ჭანის დიხა – ჭანის მიწა). ხალხური გადმოცემით წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია თამარ მეფის სახელთან. მის თანახმად, თამარ მეფეს სვანეთში ასვლისას ამალით აქ შორიახლო შეუსვენებია, გზა რომ განაგრძეს, გაირკვა, რომ ხურჯინაკიდებული ერთი ჯორი აკლდათ. სწრაფად გააგზავნეს მაძებარნი, მოიძიეს და მეფეს მოახსენეს: იმ ადგილას ვნახეთ სადაც პატარა მიწა და პატარა წყალიაო (ჭე დიხა დო ჭე წყარი). თამარს მოსწონებია ეს ადგილი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მშენებლობის ხელმძღვანელიც დაუტოვებია. სხვა გადმოცემით, სქურის ეკლესიის მოძღვრებს თვალახვეული ხარი გაუშვიათ, სადაც დაწვება იქ ეკლესია აშენდესო. ხარი აქ დაწოლილა და მდევრებს მათთვის ამბავი ჩაუტანია, ხარმა ის ადგილი აირჩია სადაც პატარა მიწაა და პატარა წყალიო (ჭე დიხა დო ჭე წყარიო).
კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის