ვეჯინის ლავრა
galerea
aRwera
სოფ. ვეჯინი გაშენებულია ცივ-გომბორის მთაგრეხილის ძირზე. სამხრეთით ვეჯინს დაჰყურებს მთა, რომელზეც დგას X-XIს.ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მძლავრი ციხე-სიმაგრე. ნაგებია რიყის ქვით. დროთა განმავლობაში ბევრჯერ გადაუკეთებიათ, განსაკუთრებით საფუძვლიანად კი XVIII ს-ში. ამ ციხეს „თამარ-ციხეს“ ეძახიან.
ვეჯინში გავრცელებულია გადმოცემა, რომლის თანახმად, სახელწოდება ვეჯინი თამარის ხანაში შეიქმნა - მეფეს ვეჯინში სტუმრობა მოსურვებია, მობრძანებულა კიდეც და უთქვამს: „მე აქ ვეჯინეო“. რა თქმა უნდა ეს ხალხური ეტიმოლოგიაა და არაფერი აქვს საერთო მეცნიერულ ეტიმოლოგიასთან.
რომელი საუკუნიდან ითვლის ვეჯინი თავის არსებობას ძნელი სათქმელია, რადგან ვეჯინი არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელია. ვეჯინის ისტორია, რომ წინაქრისტიანულ ხანაში იკარგება, შემდეგი გარემოებით მტკიცდება: ბაქსის ხეობაში აღმოჩნდა გომბეშოს გამოსახულებიანი ქვის ქანდაკება, რომელიც თავდაპირველი ადგილსამყოფელიდან დაუძრავთ და ასი მეტრის სიმაღლიდან გადმოუგდიათ. ვის დასჭირდა ამის ჩადენა ძნელი სათქმელია, შესაძლოა ამაში „ოქროს მაძიებლების“ ხელიც ერიოს, რადგანაც ხალხში გავრცელებული იყო აზრი, თითქოს გომბეშოს ქვეშ დიდძალი ოქრო იყო ჩამარხული. აღსანიშნავია, რომ ქანდაკების მიწიდან ამოგლეჯისას მის ქვეშ მრავლად უნახავთ ცხოველთა ძვლები, რაც წარმართული ხანის რიტუალს - ცხოველთა მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. თუმცა ეს ფაქტი არ იქნება საკმარისი ვეჯინის ძველისძველ სოფლად გამოცხადებისათვის, რადგან, როგორც ცნობილია, ქრისტიანობამ ბევრი რამ შეითვისა არქაული ეპოქებიდან. მაგალითად, ქრისტიანული რიტუალი - ფრინველის ან საქონლის ეკლესიის კედელთან დაკვლა, სანთლის კედლებზე ანთება და სხვა.
ქართულ წერილობით წყაროებში ვეჯინის შესახებ სულ რამდენიმე ცნობა შემოგვენახა. პირველად იგი X ს-ის დასაწყისში იხსენიება. ეს ის პერიოდია როდესაც ჰერეთი და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროებს წარმოადგენდნენ. კახეთის მთავარი ამ დროს კვირიკე I იყო, ხოლო ჰერეთისა - ადარნასე პატრიკი.
კვირიკე I-მა გადაწყვიტა, რომ დადგა მომენტი ჰერეთის შემოერთებისაო. ამ ცნობიდან ვარკვევთ, რომ Xს-ის დასაწყისში ვეჯინის ციხე შედიოდა ჰერეთის სამთავროში. ვეჯინის ციხის დათმობა ჰერეთის მთავართათვის მარცხს ნიშნავდა. ამჯერად ადარნასე პატრიკმა ზავი მოითხოვა, რის თანახმადაც ვეჯინი ისევ ადარნასე პატრიკს დარჩა.
რა მნიშვნელოვან ამბებს ჰქონდა ადგილი ვეჯინში X საუკუნის ოციანი წლებიდან XI საუკუნის ოცდაათიან წლებამდე, წერილობითი წყაროები არაფერს ამბობენ, ვიდრე კვირიკე III-მდე, რომელმაც შეძლო გაეერთიანებინა კახეთ-ჰერეთი.
არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვეჯინის ციხე კახეთის მეფეების - აღსართან I და აღსართან II რეზიდენცია იყო. სწორედ აქედან ებრძოდნენ ისინი გიორგი II და დავით აღმაშენებელს.
გიორგი II ლაშქრით ვეჯინს მოადგა 1082 წელს. მატიანე გვამცნობს: „და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად“, ე.ი. შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ალყამ რამდენიმე თვეს გასტანა: „... ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი“. ალბათ აუტანელი გახდა ალყა, რომ აღსართანი თვითონ მიდის მალიქ შაჰთან წყალობისათვის. სულთანმაც არ დააყოვნა და კახეთი ამ უკანასკნელს დაუტოვა. ვეჯინის ციხემ გაუძლო გიორგი II და თურქთა ლაშქრის ალყას, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვეჯინის ციხის საიდუმლო გვირაბები, საცავები, წყალსადენი უდიდესი ხელოვნებით ყოფილა ნაშენი. აღსართანის დიპლომატიურმა ნაბიჯმა კახეთის ბედი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მხოლოდ დავით აღმაშენებელმა მოაქცია ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და რა თქმა უნდა, ვეჯინი საქართველოს ერთ-ერთი ციხეთაგანი გახდა.
XII საუკუნიდან ვეჯინის ციხის მნიშვნელობა საგრძნობლად ეცემა. ეს გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, იმით, რომ დროებით მიყუჩდა შინა ომები და გარეშე მტერთა საომარმა ცენტრმაც შორს გადაიწია.
XII საუკუნიდან დაწყებული წყაროები სდუმან ვეჯინის შესახებ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვეჯინის ციხესთან მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ვეჯინმა, ისევე როგორც მთელმა კახეთმა და უფრო მეტიც, აღმოსავლეთ საქართველომ საერთოდ, თავის მხრებზე გადაიტანა: მონღოლები, თემურ-ლენგი, შაჰ-აბასი და მრავალი მომხდური; ამას ნათლად მოწმობს ის ფაქტიც, რომ ვეჯინის ციხე და ეკლესიები მრავალჯერ არის აღდგენილი და სახეცვლილი. უკანასკნელად ვეჯინის ციხე XVIII საუკუნეში ერეკლე II ბრძანებით შეაკეთეს. ხალხის მეხსიერებაში მამა-პაპათაგან განსაკუთრებით შემორჩა ხსოვნა ლეკთა თარეშისა, „შიშიანობა“, როგორც მას მოსახლეობა უწოდებს, მაშინ განსაკუთრებით აფარებდნენ თავს ვეჯინის ციხეს.
პოლიტიკურ ცენტრთან ერთად ვეჯინი სავაჭრო ადგილიც რომ უნდა ყოფილიყო, ამის დადასტურებაა, ვეჯინის ციხის მიდამოებში, 1924 წელს აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა - სპილენძის 2759 მონეტა. ამ მონეტების მომჭრელებად თამარ მეფე და დავით სოსლანი არიან გამოცხადებული. ვეჯინის განძს, რომელსაც სხვანაირად თამარის ფულის განძსაც უწოდებენ, როგორც ავღნიშნეთ, სპილენძის მონეტები შეადგენს, რომლებზედაც არაბული წარწერებია. მონეტების შუბლზე წერია: „დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელისა“. ზურგზე წარწერილია თამარისა და დავითის სახელები და მოჭრის თარიღი - ქრონიკონით 420 ე.ი. 1200 წელი. ამ განძიდან 2656 მონეტა თარიღიანია, 103 მონეტა კი უთარიღოა. უთარიღო მონეტები მოჭრილი უნდა იყოს 1189-1200 წლებში.
ვეჯინის ისტორიის ამოვსება ნაწილობრივ შეუძლია ისტორიულ საბუთებს. ისინი უმეტესად თავადთა მამულების კუთვნება-განაწილებაზე მოგვითხრობენ.
ასეთია 1783 წელ გაცემული ოქმი თამარ დედოფლის მიერ იასე ეშიკაღასშაბისადმი, სადაც ვეჯინი ნახსენებია გურჯაანთან ერთად, რაც განპირობებულია თავადის, ამ შემთხვევაში ენდრონიკაშვილის, მამულის გავრცელების არეალით. საბუთში აღნიშნულია მამულის ერთი პირისათვის ჩამორთმევისა და მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტი.
ერთ-ერთი ასეთი საბუთიდან ვიგებთ, რომ ისეთმა დიდმა ფეოდალებმა, როგორებიც იყვნენ ვეჯინში მცხოვრები აბაშიძეები, ენდრონიკაშვილები, შალიკაშვილები, ვაჩნაძეები, - მოაწყვეს შეთქმულება ერეკლე II მიერ დაარსებული - მორიგე ჯარის მეთაურისა და სულისჩამდგმელის - ლევან ბატონიშვილის წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ ერეკლეს ძე ლევანი სწორედ ვეჯინში მოკლეს 1782 წელს.
ვეჯინის შესახებ გვაქვს ეპიგრაფიკული მასალაც, რომელიც XIX საუკუნის თავადთა საფლავის ქვებით შემოიფარგლება. ეპიტაფიებიდან ვიგებთ, რომ ვეჯინელი დიდი თავადები რუსეთის მეფის სამსახურში ყოფილან და საკმაოდ მაღალი ჩინებიც ჰქონიათ.
იმ გზის პირას, რომელიც ადის სოფლიდან მთის წვერისკენ, რამდენიმე დანგრეული ეკლესიაა.
გზის მარჯვნივ წყაროსთან არის პეტრე მოციქულის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. საყდრის თაღი 1976 წელს ჩამოიქცა. ჩრდილოეთის კედელი ტრაქტორის დაჯახების შედეგად შეინგრა. საყდარს ორი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან. შესასვლელებში ჩატანებულია წარწერიანი საფლავის ქვები. საყდარი აშენებულია რიყის ქვით. ეტყობა მრავალჯერ გადაკეთებულა. ამას მოწმობს კედლებში ჩატანებული აგური, რაც მის გადაკეთებას XVI საუკუნეზე ადრე ვერ გადასწევს. საყდრის შიდა კედლები შელესილია, ნაგებობა უგუმბათოა, შუა მორკალული თაღით ორ მხარეს დაფერდებულია. მისი დამათარიღებელი არავითარი მონაცემი არ მოიპოვება. ეს საყდარი ადრე მოქმედი ყოფილა. აქ აღდგომას ნათლავდნენ ბავშვებს. ასრულებდნენ ქრისტიანულ რიტუალებს.
ვეჯინის ციხისკენ მიმავალი გზის მარცხნივ, ორმოცი მეტრის მოშორებით, არის წმ. გიორგის ეკლესია (აქვეა ერთი კოშკიც). ნაგებობა თითქმის მთლიანად დაზიანებულია. ჩრდილოეთის კარს ზემოთ მოჩანს ნიში, სადაც ჯვარის გამოსახულება ან წარწერიანი ქვა უნდა ყოფილიყო ჩატანებული. ეკლესიის შიგნით აღმოსავლეთით ნაგებობას დატანებული აქვს გასასვლელი პატარა სენაკი, სადაც სანთლებს ანთებდნენ და შესაწირავს ტოვებდნენ.
ამის შემდეგ გუმბათიანი, აგურით განახლებული ე.წ. ყველაწმინდაა. თადაპირველად აქ რიყის ქვით ნაშენი მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რომელიც XVII ს-ის დასაწყისში აგურით ნაშენ ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობად გადაუკეთებიათ. რომელზეც შემდეგ აგურით დაუშენებიათ გუმბათი. გ. ჩუბინაშვილი ძეგლის რესტავრაციის ხანად XVII საუკუნეს დებს, მაგრამ თავს იკავებს დაათარიღოს თავდაპირველი ნაგებობა, რომელზედაც დააშენეს გუმბათი. ძველი ეკლესია ძალზედ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან ახალი კი არ ააშენეს, არამედ უკვე არსებული განაახლეს.
მთის წვერზე არის ნაგებობების მთელი კომპლექსი: მარტო ეკლესიები სამია: ამაღლების, აღდგომისა და წმ. მარიამის ეკლესიები.
ამაღლების ეკლესია არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა სოფელ ვეჯინში. აქ იმართება რელიგიური დღესასწაული ამაღლლება, ხოლო ვეჯინის ციხის კომპლექსს მთლიანად „ამაღლებას“ უწოდებენ. ამაღლება არის უგუმბათო ორფერდა ნაგებობა. ჩვეულებრივი ფორმის სარკმელი არის საკურთხეველში და პატარა სარკმელი - დასავლეთ კარების თავზე.
ამ ეკლესიას აქვს მინაშენი ეგვტერივით. იგი ორგანყოფილებიანია. მინაშენს შესავალ კარებზე ჩუქურთმები აქვს და შესასვლელის მარჯვენა გვერდზე, ქვაზე, ჯვარია მოჩუქურთმებული. მარცხნივაც არის ქვაზე ჯვარი, მხოლოდ ცოტა სხვა ფორმის, ვიდრე მარჯვნივ.
კედლებზე შემორჩენილია მხატვრობისა და წარწერების ნაშთები. მხატვრობა XVI-XVII ს.ს.-ით თარიღდება.
აღმოსავლეთის კედელზე დასავლეთის კარის პირდაპირ, შესვლისთანავე თვალში გვხვდება ზალზე მქრქალად შემონახული ქალის ფრესკა, რომლის სახის გარჩევა ძალიან ძნელია. ქალს ამკობს წითელი მოსასხამი, მარცხენა ხელში უჭირავს გაშლილი გრაგნილი. ფრესკის გაწმენდა-რესტავრაცია, ალბათ, აღადგენს ჭეშმარიტ სურათს და გამოარკვევს გამოსახული პირის ვინაობას.
იმავე აღმოსავლეთის კედელზე, თაღის ქვემო ნაწილში გამოსახულია სცენები საღმრთო წერილიდან, კერძოდ, შობა და ხარება. მოცემულია ასომთავრულით შესრულებული წარწერები.
ცაში გამოსახულია დედაღვთისა ჩვილით და აქეთ-იქეთ მთავარანგელოზებით. ამის ქვევით დახატულია ექვსი წმინდა მამა, ამათგან სამს აქვს ხელში გრაგნილები ბერძნული წარწერებით. გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირს ხელში უჭირავთ საკუთარი თხზულებების ნაწყვეტები, რაც შეეხება წმ. ნიკოლოზს, მის გრაგნილზე ათანასე ალექსანდრიელის ნაწარმოებია მოყვანილი.
ეკლესიის შიგნით ორი საფლავიც არის შემორჩენილი. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს დასავლეთის კედელტან მდებარე საფლავი ერთ-ერთ კვირიკეს ეკუთვნის.
ამაღლების ეკლესიის ჩრდილოეთით აშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელზედაც მიშენებულია აღდგომის ეკლესია. მკვლევარი გ. ჩუბინაშვილი ვეჯინის ორსართულიან სამრეკლოს სტილისა და ფორმების მიხედვით მთელი კახეთის ფარგლებში უძველეს სამრეკლოდ თვლის და ათარიღებს XV საუკუნეზე ადრინდელად. მეორე სართულზე მხოლოდ ერთი ზარი ეკიდა, სადაც ადიოდნენ აღდგომის ეკლესიის შიდა კიბით.
სამრეკლოს გვერდით აშენებულია წმ. მარიამის ეკლესია. ეკლესიის შიგნით იყო ორი ჩასასვლელი გვირაბში. ჩასასვლელები ეკლესიას ქვემოთ, ხეობაში მდებარე სათვალთვალო კოშკს უკავშირებდნენ. ახლა ეს ჩასასვლელები ამოვსებულია.