ქობთავის ეკლესია
galerea
aRwera
ქობთავის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ პალდოს ზემოთ (ჩრდილო - დასავლეთით) დაახლოებით 1.5-2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება VIII - IX საუკუნეებს. ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა თუმცა საეკლესიო ნაგებობის ამ არქიტექტურული ტიპისგან თავისებური, ორიგინალური გადაწყვეტით გამოირჩევა. ეკლესია სიგრძეში იმდენადაა დამოკლებული, რომ მისი გეგმის კონტური კვადრატს წარმოადგენს (8.7 მეტრი * 8.7 მეტრზე). საშენ მასალად დიდი ზომის, არცთუ ისე სუფთად გათლილი, ქვიშაქვაა გამოყენებული. ქვები არათანაბარი ზომის და არასწორი ფორმისაა. ისინი შერჩევის გარეშეა დაწყობილი, რის გამოც წყობაში არ იქმნება სწორხაზოვანი რიგები. თაღები შირიმის, ნათალი ქვითაა ნაწყობი. შირიმის, წვრილი ქვები ზოგიერთი სარკმლის წყობაშიცაა გამოყენებული, რაც, გვიანდელი რემონტის დროინდელია. გარდა ამისა, რემონტის დროს აგური და წვრილი ნატეხი ქვაცაა ნახმარი. შიგნითა კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სამივე ნავის სახურავის საფარი და გარეთა საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია შუა ნავის გრძივი კედლების ბოლოები. სამივე ნავის სახურავზე ამოსულია ხეები, ლავგარდნის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან (დავიწროებულია აგურისა და წვრილი ქვის წყობით) და ჩრდილოეთიდანაა (მოგვიანებით ამოუშენებიათ). ორივე კარი შესაბამისი კედლის შუაშია. ბაზილიკის საეკლესიო სივრცეს ეს სამივე ნავი ქმნის. მათ შორის შუა გვერდითა ნავებთან შედარებით ორნახევარჯერ უფრო განიერია და ბევრად უფრო მაღალი (დაახლოებით-2.2 ჯერ). შუა ნავი აფსიდიანია, გვერდითი ნავები – უაფსიდო. ნავები ერთმანეთს ორ-ორი, განიერი, ნახევარწრიულთაღოვანი მალით უკავშირდება. თაღებს შორის ოთხკუთხა ბურჯია, აღმოსავლეთით თაღები საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა, დასავლეთით კი მცირედშვერილ პილასტრს. თაღების ქუსლებთან პროფილირებული (თარო და ოდნავ შეზნექილი ზედაპირი) იმპოსტებია გამოყოფილი. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია. მასში ერთი თაღოვანი გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სარკმელი და ორი კვადრატული ნიშაა მოწყობილი. აფსიდის ნიშები კი ბოლოებთან სარკმლის ძირის დონეზე. აფსიდი გადახურულია შემაღლებული პროპორციების, წვრილი, ნატეხი ქვით გამოყვანილი კონქით, რომლის ოდნავ კვერცხისებრი ფორმისაა. იგი ეყრდნობა აფსიდის მხრების დამაგვირგვინებელ იმპოსტებს, რომლებსაც ნავების დამაკავშირებელი თაღების იმპოსტების ანალოგიური პროფილი აქვს. აფსიდის თაღის წინ კამარის საბჯენი თაღია. ეს უკანასკნელი იმპოსტების გარეშეა და ნავის კამარას უშუალოდ ერწყმის. საკურთხეველი ნავის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურით იყო ამაღლებული. საკურთხეველში ერთ ქვაში გამოთლილი, დიდი ტრაპეზი დგას. ნავის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თაღების საყრდენი ბურჯის აღმოსავლეთ წირთხლის გასწვრივ ვიწრო ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. კამარა ცილინდრულია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავები ვიწროა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. კედლების ღერძზე გაჭრილია თითო ვიწრო თაღოვანი სარკმელი, რომლებსაც თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. სამხრეთის ნავის სარკმლის თაღი შირიმის ერთიან ქვაშია გამოყვანილი. ნავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. ეკლესიის ფასადებზე საპირე წყობის ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოცვენილია. ქვების ნაწილი გამოფიტულია, ნაწილი კი (ძირითადად ჩრდილოეთ მხარეს) მიწითაა დაფარული. სარკმელს აღმოსავლეთ ფასადზე, ერთ ქვაში გამოყვანილი თაღი აქვს, რომლის თავზე დაბალი რელიეფით გამოყვანილი, ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცების მქონე, თაღოვანი თავსართია. სარკმლის სამხრეთით ოთხკუთხა ქვაზე ამოკვეთილია კვადრატულ ჩარჩოში ჩასმული რელიეფური ჯვრის გამოსახულება - დაგრძელებული ქვედა მკლავით. ამ ქვის სამხრეთით დაახლოებით 1 მეტრზე ერთ-ერთ ქვაზე, თაღოვან ჩარჩოში ჩასმული, გაფართოებულ ბოლოებიანი რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა, რომელიც ასევე ფონის ამოკვეთითაა გამოყვანილი. განაპირა ნაწილებს აშკარად ეტყობა გვიანდელი რემონტის კვალი. ამ რემონტის დროსაა განახლებული სამხრეთ ნავის ფასადის წყობის დიდი ნაწილი სარკმლის ღიობთან ერთად და ჩრდილოეთ ნავის ფასადის ზედა მონაკვეთი. მოგვიანებით აღდგენილი მონაკვეთები სამხრეთ ნავის, სამხრეთ ფასადზეცაა შესამჩნევი. ჩრდილოეთ შესასვლელი როგორც ეს შემორჩენილი კვალის მიხედვით ირკვევა, მოზრდილი ქვით თარაზულად იყო გადახურული. კედლები დასრულებული ყოფილა ქვიშაქვის თხელი ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის ჩრდილოეთით ორასიოდე მეტრზე, რამდენიმე გამოქვაბულია.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის