ბეწენწურების კომპლექსი
galerea
aRwera
ღვთისმშობლის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთ განაპირას. განეკუთვნება XIII-XIV საუკუნეებს ეკლესია დარბაზულია ( 9 მეტრი * 6.2 მეტრზე) ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. კედლები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია შირიმის სუფთად გათლილი ფილებით. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, რის გამოც წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამონგრეული კამარა და კონქი. ჩამოშლილია საპირე ქვებისა და ლავგარდნის დიდი ნაწილი. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან შირიმის მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზის გრძივ კედლებს მხრების გარეშე შეერთვის. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშით. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვიშაქვით ნაწყობი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. გრძივ კედლებზე გამოყოფილია თითო ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. მოგვიანებით კამარისა და კონქის დანგრეული ნაწილები რიყის ქვით აღუდგენიათ. ამავე პერიოდს მიეკუთვნება აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი შირიმის პროფილირებული ლავგარდნის (თარო შეზნექილი ზედაპირი და ლილვი) ნაწილი, რომელიც თავდაპირველ, მსგავსი პროფილის ქვიშაქვის ლავგარდანზეა დაშენებული. ტაძრის ფასადები სადაა. ორივე შესასვლელი ორი სადა ლილვისგან შედგენილ თაღოვან ჩარჩოშია მოქცეული, არქიტრავზე კი თითო ტოლმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნახევრის ქვედა ნაწილში, წყობის ერთ-ერთ მოზრდილ ქვაზე, გამოკვეთილია ადამიანის სტილიზებული რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის მცირე ფართობიანი ეზო შემოზღუდული ყოფილა მრუდხაზოვანი გალავნით, რომლისგანაც ამჟამად მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიასთან ახლოს, ეზოს დასავლეთ ნაწილში, კამარაჩაქცეული აკლდამაა.
ბეწენწურების კოშკი არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოსთან. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (4.1 მეტრი * 3.7 მეტრზე), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე. ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები და მესამე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველი სართულის კედლებში შემორჩენილი საძელე ფოსოების მიხედვით, ამ სართულის გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში გაჭრილი კარის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში თაღოვანი ბუხარია, აღმოსავლეთ კედელში და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში – სათოფურები. პირველ სართულსაც ბრტყელი გადახურვა ჰქონია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის