საფდერეს ეკლესია
galerea
aRwera
ეკლესიის ზომები დაახლ. 5,5X3,5 მ-ა. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 2 მ-ს სცდება. კედლის სისქე 60 სმ-ა. შიდა და გარე კედლები ნაგებია მუქი ნაცრისფერი ქვით. პერანგის ქვები მაღალი ოსტატობითაა ნათალი და არათანაბარი წყობით უფრო ამდიდრებს მოკრძალებული ტაძრის არქიტექტურას. მთლიანი ნაგებობა სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ცოკოლის პირველი საფეხური შედარებით უხეში წყობით შედარებით უხეშად ნათალი ქვისგანაა ნაგები. მეორე და მესამე საფეხური კი, ტაძრის პერანგის ქვების მსგავსად, მაღალი სიზუსტითაა ნათალი და წყობაც უფრო დახვეწილია. ეკლესიას სარკმელები საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში ჰქონდა (გვერდითა კედლები იმდენად ჩამოშლილია, სარკმლების არსებობას ვერ დაადგენ). შესასვლელი სამხრეთი მხრიდან ჰქონდა. შესასვლელში მცირე საფეხური მიუთითებს ეკლესიის იატაკის დონის სავარაუდო სიმაღლეზე. ადგილზე ვივარაუდეთ, რომ ინტერიერში დაგროვებული ნანგრევების და მიწის ფენა დაახლ. 30-40 სმ უნდა იყოს.
შელესილობა შემორჩა მხოლოდ ჩრდ. კედლის დას. ნაწილში. მოხატულობის კვალი არ ჩანს. შელესილობაზე განირჩევა გასული საუკუნის რუსული ნაკაწრი წარწერები (ისევე როგორც ინტერიერის სხვა ადგილებში და მიმდებარე კლდეებზე).
ეკლესიას ჩრდილოეთიდან აკრავს კლდის დიდი მასივი, რომელიც კედელივითაა აღმართული. მეტიც, მაღალი კლდე სამხრეთისკენაა გამოზიდული და გარკვეულწილად ეკლესიას თავზეც ექცევა. ტაძრის ჩრდ-აღმ მხარეს არის რამდენიმე დიდი ბუნებრივი გამოქვაბული, რომელსაც ეტყობა ადამიანის ხელიც. იქვე მოიპოვება კერამიკის ფრაგმენტები. ერთ-ერთ მღვიმეში შესაძლებელია მეორე იარუსზეც ასვლა, თუმცა, ჯგუფის წევრებმა ეს ვერ მოახერხეს ქვის ცვენის გამო.
ეკლესიის დასავლეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, მდინარის ორივე მხარეს, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე შეიმჩნევა ნასახლარების კვალი, რომელთაც ეკლესია ზემოდან დაჰყურებს. ჩვენ მოვახერხეთ უშუალოდ ეკლესიის კლდოვანი ბაქნის ქვემოთ მდებარე ნასახლარის დათვალიერება. ბუნებრივია, რომ უშუალოდ ეკლესიის ქვემოთ გვეგულებოდა ტაძრის ნაკლული ქვები. მართლაც, ამ ადგილას არის საკმაოდ დიდი ნაშალი, სადაც ვიპოვეთ ეკლესიის რამდენიმე პერანგის ქვა. ლოგიკურად, თუ ეკლესიას გააჩნდა საამშენებლო ან რაიმე სახის წარწერა, ეს იქნებოდა სამხრეთ მხარეს, უფრო მეტი ალბათობით ტიმპანის ქვაზე. ეს ქვა ჩვენ ვერ ვიპოვეთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ის დღესაც ეკლესიის კლდოვანი ბაქნის ქვემოთ, ზემოდან ჩამოშლილი მიწისა და კლდის ფრაგმენტების ქვეშ იქნება მოქცეული.
ზოგადი დაკვირვებით, ეკლესია X-XI საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
ახლა კი მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული დაკვირვება.
მდ. სარფდერეს ხეობას ამ მხარეში ყველაზე დიდი აუზი აქვს. ისტორიულად სავაჭრო-სატრანზიტო გზები სწორედ ხეობებზე გადიოდა, ხოლო მათი მნიშვნელობა ხეობის სიდიდესა და სტრატეგიულ მდებარეობაზე იყო დამოკიდებული. სარფდერეს ხეობაც, მეზობელ ხეობებსა და ხევებთან შედარებით, გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ხეობაზე ოდესღაც გადიოდა ჯავახეთის სამხრეთ ნაწილში გარდამავალი გზა. ამ პუნქტის აქ გაჩენა ლოგიკურია, რადგან აქ იკვეთება მდ. სარფდერე და მდ. ჩათახი. სარფდერეს ეკლესია და დიდი ნასახლარი, ამ ხეობის უკიდურესი დასავლეთ პუნქტი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ასე ჩანს. ბუნებრივია, ამხელა ნასახლარს სჭირდებოდა დაცვა და ლოგიკურად, მასთან ახლოს, სავარაუდოდ, უფრო დასავლეთით, უნდა იყოს ციხე-სიმაგრეც. თუმცა, ვერც აეროფოტოებით და ვერც ადგილზე, მსგავსი სიმაგრე ვერ ვნახეთ. ნასახლარის დასავლეთით ჩანს ბუნებრივი მღვიმეები. ამ ეტაპზე უცნობია იყენებდნენ თუ არა ამ მღვიმეებს ამ ნასახლარის მკვიდრები სიმაგრედ ან სახიზარად. ამ გარემოებამ შეიძლება გადაყვიტოს ციხე-სიმაგრის აუცილებლობის საკითხი.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ჟღენტმა
ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი