ქვემო ყარაბულაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

ქვემო ყარაბულაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დგას სოფლის ნაპირზე მცირე ზომის ბორცვზე. გომარეთელი ქართველები ამ ეკლესიას გაღმა სარკის წმინდა გიორგის უწოდებენ. ეკლესია დარბაზულია და სამშენებლო წარწერის მიხედვით 1040 წელსაა აშენებული. გეგმით სწორკუთხაა (5 მეტრი x 2 მეტრი) დარბაზული ნაგებობა გარედან ნაწილობრივ ნათალი, შიგნიდან კი უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. წყობის ჰორიზონტალობა თითქმის დაცულია. გარედან არქიტრავული და შიგნიდან თაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია. აფსიდა ნახევარწრიულია, სარკმელი სწორ წირთხლიანია. მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს სხვადასხვა სიმაღლეზე მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია ამოკვეთილი. კონქი მხარზე გადასულ გათლილი ქვით გადაყვანილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობოდა. დარბაზი დანაწევრებული არაა, შესაბამისად, კამარა კედლებზე იყო გადაყვანილი. ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო და მოხატული. მხატვრობის უსახური ფრაგმენტები ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. 1944 წელს ლ. რჩეულიშვილს ტაძარში უნახავს ქვაჯვარის ბაზისი ჯვრის გამოსახულებით, რის გამოც, მეცნიერი თვლიდა, რომ ეკლესია ქვაჯვარის ბუდედ იქნა აშენებული. ტაძრის გარშემო ქვის გალავნის ნაშთია შემორჩენილი. ტაძრის არქიტრავის ქვის შუაში ბოლნური მედალიონის გვიანი ვარიაციაა ამოკვეთილი რომლის ორივე მხარეს ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი: „ ქრისტე სახელითა ღმრთისაითა, ესე ეკლესია წმინიდისა გიორგისი მას ჟამსა აღეშენა ოდეს იოვანეს ჰქონდა ნიკოლოზის ძესა, სადიდებელად სულისა მათისა დღეგრძელებისათვის ძისა მათისა ნიკოლოზისა ქორონიკონი იყო სჲ (1040 წელი). ქვეო ყარაბულაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წარწერასა და მისგან 8 კილომეტრით დაშორებული სოფელ ბახჩალარის ნაეკლესიარის ბალავრის დიდ ჯვრიან ქვაზე არსებულ წარწერას შორის ვლინდება გარკვეული კავშირი. კერძოდ ამ ორ ტექსტში მოხსენიებულ ქტიტორთა დაკავშირება ერთმანეთთან ძალიან ბუნებრივი ჩანს: საერთოა სახელები, ეპოქა (განსხვავება 23 წელია), საერთო ტერიტორია (მდ. ყარაბულახის მარჯვენა სანაპირო). ეს ადგილობრივი ფეოდალები თავის საქონებელ სოფლებში აგებენ ეკლესიებს. დამახასიათებელია ერთი და იმავე სახელების გამეორება ამ ფეოდალურ საგვარეულოში: ნიკოლოზი ჰქვია პაპასა და შვილიშვილს (გაღმასარკის წმ. გიორგის წარწერაში), შესაძლოა პაპისავე, ან ბიძის სახელია ივანეც...საინტერესო ჩანს ხაზგასმით ნათქვამი: „ეს ეკლესია... მას ჟამსა აღეშენა, ოდეს იოვანეს ჰქონდა ნიკოლოზის ძესა“. თითქოს ისე გამოდის, რომ ქვემო ყარაბულახი, სოფელი, სადაც შენდება ეკლესია, ამ ფეოდალების საგვარეულო საქონებელი, შთამომავლობით კი არაა, არამედ ახალი შეძენილია, რის მატერიალურ დასაფუძვლებასაც ეკლესიის აგებაში ხედავენ.

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი