აბულეთი


galerea



aRwera

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მის დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ ძეგვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აბულეთის ბორცვზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა შენაკადის, ე.წ. ზარიძეების წყლის სათავესთან, ადგილ ნაბაღრებში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის შემდეგი ობიექტები: წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (18.5 მეტრი * 10 მეტრზე). დგას ბორცვის თხემის აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება XI საუკუნით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მ). ნაგებია ტლანქად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებით. გარეთა საპირე ქვებს შორის არსებული სიცარიელეები ზოგან შევსებულია ანტიკური კრამიტის ნატეხებით. ეკლესიას ეტყობა, რომ მოგვიანებით შეუკეთებიათ (სამხრეთი კარის აღმოსავლეთ წირთხლის ზედა ნაწილში შემორჩენილია ბრტყელი კვადრატული აგურის წყობა). ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. აფსიდის სამხრეთ მხართან ნახევარწრიული ნიშაა. სამხრეთი კარის დასავლეთით, მიწის ზედაპირიდან 1.8 მეტრის სიმაღლეზე, კედლიდან გამოშვერილია კონსოლი (0.7 მეტრი * 0.7 მეტრზე, სიგრძით 1მეტრი), ხოლო კარის აღმოსავლეთით, კედელზე მთლიანი თლილი ქვის პილასტრია (სიმაღლე 1.5 მეტრი, სიგანე 0.6 მეტრი), რომელსაც ბალიშისებრი კაპიტელი აქვს. პილასტრს დასავლეთ მხარეს მთელ სიმაღლეზე სამი პარალელური ვერტიკალური ლილვი დაუყვება (საფიქრებელია, რომ პილასტრის ქვა სხვა ნაგებობიდან არის გადმოტანილი, რადგან ჩრდილოეთი კედლის შესაბამისი პილასტრი სრულიად სხვანაირია). სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი ნახევარწრიული ნიშაა. თითოეული მათგანი მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. წმ. გიორგის სახელობის ჩრდილო - დასავლეთით დგას მცირე ეკლესიის ნანგრევები. ის დარბაზულია (8.5 მეტრი * 5 მეტრზე), შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სხვა ნაგებობათა ნაშთებიცაა, რომელთა გეგმა და დანიშნულება გაურკვეველია. აბულეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველ ნაგებობათა სხვა ფრაგმენტებიც, რომელთა ერთი ნაწილი ეკლესიების აგების დროს გამოუყენებიათ. საფიქრებელია, რომ ეს არქიტექტურული ფრაგმენტები ანტიკური ხანის ტაძრისაა, რომლის ადგილას ფეოდალურ ხანაში მონასტერი აუგიათ. მცირე ეკლესიის სამხრეთ კედელთან დევს ქვიშაქვის კანელურებიანი სვეტი (სიგრძე 1.8 მეტრი, დიამეტრი ქვევით 0.4 მეტრი, ზევით 0.35 მეტრი); დასავლეთის კედელთან აღმოჩნდა ბაზალტის სვეტის ქვედა ნაწილი, ბაზისი და სვეტისთავი. სვეტი (დიამეტრი 0.52 მეტრი) გლუვია. მისი ქვედა ნაწილი გაფართოებულია 0.07 მეტრის სიმაღლის საფეხურისებრი ზოლით. სვეტის ძირში გაკეთებულია ღრმული. ბაზისის სხვადასხვა დიამეტრის ლილვების მონაცვლეობის შედგენილი პროფილირებული ზედა ნაწილი დგას კვადრატულ საფუძველზე. ბაზისის ზედაპირზე, ცენტრში ამოჭრილი ღრმული შეესაბამება სვეტის ღრმულს. სვეტისთავს, რომელიც ორი პარალელური გლუვი ცილინდრული ძელაკისაგან შედგება, ბრტყელი ოთხკუთხა აბაკი აქვს. ბორცვზე 1977-81 წლებში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარე მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე გაითხარა იქნა 2 სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით. N1 სათავსი (3.5 მეტრი * 2.35 მეტრზე) ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. შემორჩენილია კედლის (სისქე 0.8 მეტრი) წყობის 3-4 რიგი. სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელთან პურის საცხობი თონე (გარე დიამეტრი 0.75 მეტრი, შიდა - 0.55 მ მეტრი, კედლის სისქე 0.1 მეტრი) იყო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ კედელთან - კერა. N2 სათავსის (6 მეტრი * 3.6 მეტრზე) კედლის წყობის 2 - 3 რიგია შემორჩენილი. სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებული იყო ნავისებრი საწნახელი (3 მეტრი * 0.6 მეტრზე), რომელიც ფართო ღარით თაღარს უკავშირდებოდა. საწნახელი და თაღარი შეთეთრებულია კირხსნარით. ქვაყუთები ბანურ სახურავიანი სამარხებია, რომელთა კედლებად გამოყენებულია ქვიშაქვის ფილები. ყველა სამარხი ინჰუმაციური და კოლექტიურია. სამარხებში აღმოჩნდა მინის მძივები. ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე აგრეთვე გაითხარა ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის, ადრინდელი, განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის ნასახლარის კულტურული ფენები.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი