გარეჯის სატორგეს გუმბათიანი ეკლესია
galerea
aRwera
დავით გარეჯის ერთ-ერთი ნამონასტრალის სატორგედ ცნობილი კომპლექსი მდეობარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირას, დალის წყალსაცავის მიმდებარედ. კომპლექსი ე.წ. ყაჯირის მთის ქედებზე, კლდეშია გამოკვეთილი, სიგრძეში დაახლოებით 10-იოდე კილომეტრზეა გაშლილი. სატორგეს კომპლექსი დავით გარეჯის დღემდე დაფიქსირებულ მონასტრებთან შედარებით უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ყაჯირის მთა ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს და ერთ-ერთ ქედზე დაფიქსირებულია კოშკის ნაშთი, დიდად სავარაუდოა, რომ სატორგეს კომპლექსი, ისტორიის გარკვეულ ეპიზოდში სამხედრო-სტრატეგიულ ან საერო ფუნქციასაც ასრულებდა.
საფუძვლიანი კვლევა სატორგეს კომპლექსის შესახებ, ჯერ-ჯერობით, არ ჩატარებულა. დღეისათვის სამეცნიერო წრეებისათვის ცნობილია სატორგეს სამი ძირითადი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი.
სატორგეს აქამდე ცნობილი კომპლექსების მონახულების მიზნით, 2020 წლის 9 თებერვალს ა(ა)იპ “კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის” მიერ განხორციელდა მცირე ექსპედიცია, რა დროსაც ცენტრის ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონიტორინგის პროგრამების ხელმძღვანელმა ანზორ მჭედლიშვილმა, ფოტო გადაღებისას დააფიქსირა კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია. იგი მდებარეობს ყაჯირის მთის ერთ-ერთ მაღალ ქედზე.
2020 წლის თებერვალში დაიგეგმა კიდევ ერთი გასვლა აღნიშნული ეკლესიის მოსანახულებლად. პარალელურად მიმდინარეობდა სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება ეკლესიის შესახებ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუმცა, 2020 წლის თებერვალის თვეში განხორციელებული ექსპედიციისას, რთული რელიეფის გამო ეკლესიაში შესვლა სამთო-ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ვერ მოხერხდა. ხოლო კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შემდგომი ექსპედიციის განხორციელება გადაიდო მომავალ წლამდე.
სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებისა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატორგეს კომპლექსის ეს გუმბათიანი ეკლესია უცნობი იყო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე სპეციალისტებს შორის.
2021 წლის 25 აპრილს განხორციელდა მორიგი ექსპედიცია, ამჯერად შესაბამისი სამთო-ალპინისტური აღჭურვილობით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭიჭაღუამ, საკმაოდ რთული რელიეფის მიუხედავად, მოახერხა აღნიშნულ ეკლესიაში შესვლა. კლდეში ნაკვეთი უნიკალურია მისი მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით შემორჩენილ ეკლესიას ოთხკუთხა ფორმა აქვს და სამხრეთით, კლდეში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დანარჩენ ქვაბულებს. დღეისათვის ვიზუალური დაკვირვებით, ამჟამად ზემოხსენებული კარიც ამოქოლილია ნაშალი მასალით და გვერდით ნაგებობებში გასვლა შეუძლებელია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გვერდით ნაგებობების კვალი დაფიქსირებულია ფოტოებზეც, თუმცა ისინიც სრულად ამოვსებულია ნაშალი მასალით ან დიდწილად ჩამონგრეულია. ამჟამად ეკლესიის აღმოსავლეთის მხარე ჩამონგრეულია და საკურთხევლის ფორმის აღდგენა შეუძლებელია. ეკლესიის ინტერიერში ნალესობის, კედლის მხატვრობის, წარწერების ან სხვა სახის კვალი არ შეიმჩნევა. კედლები თანაბარი სიგრძისაა, დაახლოებით 4-5 მეტრის. თითოეული კედელი ორსაფეხურიანი დეკორატიული თაღითაა მოჩარჩოებული.
დარბაზი დასრულებულია კონუსისებრი გუმბათით, რომელიც სამსაფეხურიან გუმბათის ყელშია ჩასმული. გუმბათის პირველი საფეხური ვიწრო და სადაა. მეორე საფეხური 16 (აქედან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ თოთხმეტი, სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთის კედელიც სხვა კედლების ანალოგიურად იქნებოდა.) ჩაკვეთილი წრითაა გაფორმებული, მესამე საფეხური კი კუთხეებში ჩაკვეთილი 4 წრით. მსგავსი ანალოგი, დღემდე ცნობილ კლდეში ნაკვეთ ეკლესიებში არ მოიძებნებება, შესაბამისად სატორგეს კომპლექსის ეს ახლად გამოვლენილი გუმბათიანი ეკლესია უნიკალურ ძეგლად რჩება.
კვლევის საგანს აგრეთვე წარმოადგენს ზემოხსენებული ნახევარსფეროების მნიშვნელობა და რაოდენობა, თუ რა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეთ მათ. რაც შეეხება ძეგლის დათარიღებას, ზუსტი ანალოგებისა და საისტორიო წყაროების არ არსებობის გამო, წინასწარი ვარაუდით, შეიძლება დათარიღდეს IX-X საუკუნეებით. თარიღის დაზუსტებისათვის საჭიროა ძეგლის სიღრმისეული და კომპლექსური კვლევა.
ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუმბათზე და ეკლესიის ჭერზე შეიმჩნევა ფართო ბზარები. კლდე, რომელშიც ნაკვეთია ეკლესია, საკმაოდ მარტივად იშლება. არსებული გეოლოგიული მდგომარეობიდან გამომდინარე არსებობს დიდი რისკი, რომ ეკლესია სრულად ჩამოიშალოს.
ეკლესიის ზუსტი ზომები ასეთია:
ცენტრალური ღერძი აღმოსავლეთიდან (ჩამონგრევის ზოლიდან) დასავლეთისკენ - 4,4 მეტრი.
ცენტრალური ღერძი სამხრეთიდან (კედლებს შორის მანძილი თაღების ცენტრები) ჩრდილოეთისკენ - 4,6 მეტრი.
დიაგონალური ღერძი ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხიდან სამხრეთდა-სავლეთის კუთხისკენ (თაღების გადაკვეთის წერტილში) - 4,76 მ.
დიაგონალური ღერძი სამხრეთ-აღომსავლეთის კუთხიდან ჩრდილო-დასავლეთის კუთხისკენ (თაღების გადაკვეთის წერტილში) - 4,80.
სამხრეთის კედლის თაღის შიდა სიგანე - 2,4 მ.
დასავლეთის თაღის შიდა სიგანე - 2,7 მ.
გუმბათის ყელის მეორე იარუსის (16 ჩაკვეთილი ნახევარწრით რომ არის) ჩრდილოეთ კედელი 3,2 მეტრი.
გუმბათის ყელის მეორე იარუსის (16 ჩაკვეთილი ნახევარწრით რომ არის) დასავლეთიუს კედელი - დახლოებით - 3,30 მეტრი.
სიმაღლე იატაკიდან გუმბათის კონუსის ზედა წერტილამდე 5.1 მეტრი.
სიმაღლე იატაკიდან გუმბათის ძირამდე 3,8 მეტრი.
სამხრეთიდან შემომავალი კარის სიგანე - 1,2 მეტრი.
სამხრეთიდან შემომავალი კარის სიმაღლე 1,6 მეტრი.
ნაშალი მასალის მოცულობა იატაკზე მის სიმაღლეს წევს დაახლოებით 0,6 -1 მეტრით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი ეკლესიაში და მის გარშემო არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურისტულ ჯგუფებს, არ უწევს აღნიშული ობიექტის მონახულების რეკომენდაციას.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა;
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ვასილ ჭიჭაღუასი;