ჭანდრების მწვანე საყდარი


galerea



aRwera

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ჭანდრებიდან 5 კილომეტრის მანძილზე, ნასოფლარ ცილისწყაროს ჩრდილოეთით, ხევებს ჭანჭრობი და სანახშირეს შორის. სტილისტური ნიშნებით ტაძარი თარიღდება XII საუკუნით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია ცილინდრული გადახურვის და კონქის დიდი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, გამოფიტულია საპირე ქვები, ჩამოცვენილია ორნამენტების დიდი ნაწილი, დანგრეულია ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენები (გაირჩევა მხოლოდ გეგმა). ეკლესია დარბაზულია (9.6 მეტრი * 6.2 მეტრზე), ნაგებია კირქვითა და შაბიამნის ფერი ტუფით (სავარაუდოა, აქედან მომდინარეობს ეკლესიის სახელწოდება). გარედან ტიმპანით, ხოლო შიგნიდან თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთის ნიში წრის სამიმეოთხედის ფორმისაა, ჩრდლოეთისა სწორკუთხა. ერთი სარკმელი დასავლეთითაა, ორი – სამხრეთით. სარკმლები თაღოვანია. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა ორ საფეხურიანი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. გრძივ კედლებზე თითო წყვილი დეკორატიული თაღია. ეკლესიას მთელ პერიმეტრზე ლილვიანი საფეხური მიუყვება. ფასადის დეკორი ძირითადად მოყვითალო ფერის ქვაზეა ამოკვეთილი. სარკმელთა საპირეები მსგავსი ხერხით არის შესრულებული – მთლიანად ფართო ჩუქურთმიანი არშიითაა გარშემორტყმული. არშიის ჩარჩოს ორმაგი ლილვი აქვს შემოვლებული. ქვემოთ, კუთხეში ორნამენტირებული სწორკუთხედებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმელთა საპირეების ქვედა შემკრავი ლილვები ფასადის ღერძზე ვერტიკალურად ეშვება და ეყრდნობა ეკლესიის საფეხურს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მოჩარჩოების თაღოვან ნაწილზე სიმეტრიულად განლაგებულია სამი გირჩი. სარკმლის საპირესა და გირჩებს გარედან შემოვლებული აქვს შეწყვილებული გრეხილი ლილვების ერთსაფეხურიანი დეკორატიული თაღი, რომელიც ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილებს შეწყვილებული ბურთულებით ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე სარკმელს სწორკუთხა ორნამენტირებულ ფილებზე დაყრდნობილი გრეხილი ლილვებითა და ფართო ორნამენტირებული არშიით შეკრული თაღი აქვს. სამხრეთ ფასადის სარკმლები მოჩარჩოებულია ორნამენტირებული არშიით. ამ ფასადზე შესასვლელ კარს შემოუყვება ორი გრეხილი ლილვი და ფართო ორნამენტირებული არშია, რომელიც ეყრდნობა ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილას. ეკლესიას გრეხილი ლილვისა და ორნამენტირებული წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდანი ჰქონდა. ფასადებზე ორნამენტი სხვადასხვა ხასიათისაა. ხშირად გვხვდება ლათინური „ს“-ს ნახატი. კვეთა უმთავრესად ორღარიანი.