აგურის საყდარი


galerea



aRwera

აგურის საყდარი მდებარეობს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხრეთით 3-4 კმ-ზე, ხშირტყიანი მთის ფერდობზე. შედგება ორი ნაგებობისაგან: მცირე დარბაზული ეკლესიისა და მასზე ჩრდილოეთიდან მიშენებული სამეკლესიანი ბაზილიკისგან.

დარბაზული ეკლესია (5,6X3,5 მ) ადრინდელ ფეოდალუ ხანას მიეკუთვნება. ნაგებია ქვიშაქვით, თაღები ნატეხი ქვითაა ამოყვანილი, ზოგან (სატრიუმფო თაღი) კვადრატული ფორმის აგურიცაა ჩართული. ფასადები მოპირკეთებულია კარგად შერჩეული, მოზრდილი რუხი, ღვინისფერი და მოყვითალო ჟანგმოკიდებული ქვებით. ეკლესია დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა, დანგრეულია დასავლეთის და სამხრეთის კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა.

საკურთხეველი დარბაზისგან ნახევაწრიული აფსიდის მხრებითა და ბემითაა გამოყოფილი, სატრიუმფო თაღი გადაყვანილია აფსიდის მხრებზე. მას ქუსლის დონეზე თაროსებრი იმპოსტები ჰქონია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის დასავლეთ და გრძივ კედლებზე ერთსაფეხურიანი თაღოვანი შეღრმავებებია. ჩრდილოეთ კედლის თაღში სამეკლესიან ბაზილიკაში გასასვლელი კარია გაჭრილი. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შელესილობა. ეკლესიას შემორჩენილი აქვს თაღების მწკრივით დამუშავებული ქვის ლავგარდნის ფრაგმენტები, რომელიც ამჟამად ეკლესიის ეზოშია მომიფანტული.

სამეკლესიანი ბაზილიკა (12X10,7 მ) IX-X საუკუნეებით თარიღდება, ნაგებია აგურით. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია: დანგრეულია შუა ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთის ნაწილი, სამხრეთ ეკლესიაში ჩამონგრეულია კამარა, დასავლეთის კედელი კამარის ქუსლის დონემდეა შემორჩენილი, მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ ეკლესიის დასავლეთის სათავსი, ხოლო სამკვეთლოში შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის კედელი.

შუა ეკლესია გვერდი ეკლესიებთან შედარებით ფართო და მაღალია. არქიტრავით გადახურული ფართო შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სატრიუმფო თაღის ქუსლებთან გამოშვერილი აგური იმპოსტის დანიშნულებას ასრულებს. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში კი სამკვეთლოში გასასვლელი, შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი კარია.

ჩრდილოეთ ეკლესია განივი კედლით გაყოფილია ორ არათანაბარ სწორკუთხა სათავსად. აღმოსავლეთის, უფრო მოკლე სათავსი სამკვეთლოა. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (შემორჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლი), სამხრეთ კედელში – ცრუთაღიანი ღრმა ნიში, ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ სხვა შენობის კედლის ნაშთი ჩანს. სამხრეთ ეკლესიას აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ნალისებრი აფსიდი აქვს. აგურის წყობით გამოყვანილი სატრიუმფო თაღი უშუალოდ აფსიდის მხრებს ებჯინება. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია კამარის ქუსლი.

როგორც ზემოთ აღინიშნა ძეგლი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. ძალზედ გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ IX-საუკუნის რომელიც ეკლესია არც ძალიან შორს არის დასახლებული პუნქტიდან, გზის პრობლემაც მოგვარებულია და მაინც ასეთ მდგომარეობაშია.