ხვითის, ნასოფლარ ბენისის, ეკლესია


galerea



aRwera

ხვითის, ნასოფლარ ბენისის, ეკლესია არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლ ხვითის ჩრდილო დასავლეთით 2-3 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით ძეგლი თარიღდება IX საუკუნით. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (10.25 მეტრი * 5.5 მეტრზე). ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, კარ–სარკმლის თაღები და სატრიუმფო თაღი იმპოსტებიანად კარგად დამუშავებული შირიმის ქვითაა ნაწყობი.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. თაღების შემადგენელ ქვებზე მოწითალო ფერის საღებავით ქვის წყობის სხივისებური იმიტაციაა გამოყვანილი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელთან შირიმის ქვით ნაწყობი სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებზეც ნალისებრი სატრიუმფო თალია გადაყვანილი. საკურთხეველი გამოყოფილი იყო კანკელით, რომლის მოჩუქურთმებული ფრაგმენტები გვიანდელი კანკელის რიყის ქვის წყობაშია ჩატანებული. ორი თაღოვანი სარკმელია სამხრეთ კედელში. საკმაოდ მაღალი პროპორციების დარბაზი გადახურულია ნალისებრი კამარით. მის შუა ნაწილში შეკიდული საბჯენი თაღია, რომლის ქუსლებთან მოთავსებულ იმპოსტებს გვიანდელი სწორკუთხა კონტრფორსები ფარავს. სატრიუმფო თაღის ქუსლებთან მკვეთრად გამოკვეთილი იმპოსტების პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. თარო მორთულია შეღრმავებულ ხაზებს შორის მოქცეული ლილვით.

აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმელთან, კედელში ჩასმულია ორი რელიეფური ფილა. პირველი ფილა სარკმლის ზედანია, რომელზეც თაღია ამოკვეთილი. ფილაზე გამოსახული ჩუქურთმა მოჩარჩოებულია მარტივი ზოლით, რომელიც ჩუქურთმასთან ერთად საერთო სიბრტყეშია. მოჩარჩოების ზედა და ქვედა ნაწილები სარკმლის თაღის წვეროსთან ნასკვით უკავშირდებიან ერთმანეთს. თაღის გვერდებზე შექმნილი არეები სტილიზებული ფოთლებითაა შევსებული. მეორე ფილა პირველზეა შედგმული და მარტივი თაროთია მოჩარჩოებული. ფილის ღერძზე, ერთიმეორის თავზე, ორი ერთნაირი, მაგრამ სხვადასხვა ზომის ეკლესიის მოდელია გამოსახული. ფილის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში, მარცხნივ კი კტიტორი, რომელსაც ზედა მოდელი უჭირავს და ღვთისმშობლისკენ აქვს გაწვდილი. კტიტორისა და ღვთისმშობლის ორივე მხარეს, ოდნავ ზემოთ, ანგელოზებია; მარჯვენა ანგელოზი თავისი სამოსელის ბოლოთი ლათინური S-ისებრი მოხაზულობის ფოთლოვან ელემენტთანაა გადაბმული. ასეთივე ფოთლოვანი მოტივის კვალი შეინიშნება ფილის მარცხენა არეში, ანგელოზის ქვემოთ.  ფილის თავისუფალ არეებზე და ეკლესიის მოდელებზე ნუსხური წარწერებია, რომლებიც დაზიანებულია და ძნელად გასარჩევია. მხატვრულ - სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე, ფილები X საუკუნის II ნახევრით შეიძლება დათარიღდეს. ორივე ფილა ეკლესიის კედლებში შეკეთების დროსაა ჩასმული.

ამ ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაღების მწკრივით დამუშავებული შირიმის ლავგარდნის რამდენიმე ქვა.

 ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს ეკვრის გვიანდელიმი მინაშენი, რომელზეც შემორჩენილია თაღების ფრაგმენტები - ორი ბურჯი, ერთი თაღი მთლიანად და მეორე თაღის მხოლოდ ქუსლი .თაღები ნაგებია კვადრატული  აგურით, ხოლო ბურჯები, კედლები და აფსიდი – რიყის ქვით. კედლებისგან მხოლოდ ქვემოთა ნაწილებიღაა შემორჩენილი. ერთადერთი შესასვლელი მინაშენს დასავლეთით აქვს. უშუალოდ ეკლესიასთან დამაკავშირებელი კარი მინაშენს არ ჰქონია.

ეკლესიას ორსართულიანი სამრეკლო (4.7 მეტრი * 3.9 მეტრზე) მიშენებული აქვს ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთზე. ის თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან, შესასვლელის თხელი არქიტრავის ზემოთ, ტიმპანია, მის თავზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი. ასეთივე სარკმლებია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიც. პირველი სართული გადახურულია შეისრული კამარით. მეორე სართული (ფანჩატური) სამ მხარეს შეისრული თაღითაა გახსნილი. ჩრდილოეთით უფრო დაბალი თაღია. თაღის არეში გამოდის ეკლესიის სარკმელი. ეს სართული სხმული გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. სამრეკლო დასრულებულია პირამიდული სახურავით, რომლის საბურავი მთლიანად ჩამოცვენილია.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუას