ქვითკირისწყაროს წმ. გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება განვითარებული შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7.7 მეტრი * 5 მეტრზე) ნაგებია ქვიშაქვის, რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით. სამხრეთიდან, ეკლესიაზე მიშენებულია კოშკის რომლის პირველი სართულიდან აქვს ეკლესიას შესასვლელი. კარის ტიმპანის ქვაზე ამოკვეთილია ადამიანის სქემატური გამოსახულება. დარბაზისაგან მცირე მხრებით გამოყოფილ ნახევარწრიულ აფსიდში აგურით გამოყვანილი ისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. ხოლო ჩრდილოეთითით ტრაპეციული ფორმის ერთი სარკმელი. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, დგას შაბიამნისფერი ქვიშაქვის ექვსწახნაგა ტრაპესი, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. აფსიდის სამხრეთ მხარის გაყოლებაზე მოგვიანებით გაჭრილია პატარა კარი. კარის ტიმპანის ქვაზე ჯვარია გამოსახული. გრძივი კედლების კონსოლზე გადაყვანილი საბჯენი თაღით დარბაზის კამარა გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად. სამხრეთის კონსოლი თარაზულად განლაგებული ოთხი ფესტონითაა შემკული, ჩრდილოეთისა ვაზის მტევნების გამოსახულებით. დარბაზში შემორჩენილია ქვიშაქვის სანათლავის ნაწილი. წაკვეთილი კონუსის ფორმის, ფოთლოვანი ორნამენტით შემკულ ქვაზე დადგმულია სქელი კვადრატული ფილა, რომლის ზედა სიბრტყეზე რვაქიმიანი ვარსკვლავია ამოკვეთილი, ხოლო კიდეებს მცირე სიღრმის ღარი გასდევს, ფილის ცენტრში პატარა ხვრელია, რითაც სანათლავის ზედა ქვა ქვედას უკავშირდებოდა. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის ფილაზე გამოსახულია წნული ორნამენტით შემკული მაღალი ჯვარი. ჯვრის სამხრეთის მკლავი ქვეშა ქვიშაქვის ფილაზე, შემორჩენილია წარწერის ფრაგმენტები. ჯვრის ქვედა მკლავის ქვეშ ცხვრის თავის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის აქეთ-იქით წყობაში ჩასმულია თითო სწორკუთხა ფილა, რომლებზეც თითო დრაკონის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი თაღოვანი ნიშია (ამოშენებულია) ჩრდილოეთის ფასადს საპირე წყობა თითქმის მთლიანად ჩამოშლილი აქვს.
კოშკი ეკლესიაზე სამხრეთიდანაა მიშენებული ისე რომ მისი ჩრდილოეთ კედელი ეკლესიის სამხრეთ კედელზეა დაყრდნობილი. პირველი სართული ნაგებია რიყის ქვით, ხოლო ზედა სართულები აგურით. პირველი სართული, რომელსაც სწორკუთხა კარი დასავლეთიდან აქვს, აგურის ისრული კამარითაა გადახურული. კოშკის ზედა სართულებზე მოხვედრა მხოლოდ ეკლესიის სახურავიდან შეიძლება. მეორე სართული ყრუა, მასში ჩასასყლელი მესამე სართულიდანაა. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელი თითქმის მთლიანად ჩანგრეულია. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ კედელში კარია, დანარჩენ კედლებში თითო სარკმელი (დასავლეთისა გადაკეთებულია სათოფურად). სართული ისრული კამრით ყოფილა გადახურული. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, ხოლო სახურავი კი ორფერდა.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუას