ბუჩუკუნის ციხე


galerea



aRwera

ბოლნისისა  და  დმანისის  ხევების  საზღვარზე,  ქედზე  დგას ბუჩუკუნის ციხე.  მას  რკინის  მთას  უწოდებენ  (დემირ  დაღ),  აქვე  იღებს  სათავეს  რკინისწყალი  (დემირ  სუ)  ფოლადაურის  მარჯვენა  შენაკადი.  ეს  სახელები შემთხვევითი არაა; ციხის სიახლოვეს რკინის წარმოების ნაშთებია, რაზედაც აშკარად მიუთითებს მადნის შემცველი კლდეები და წიდის დიდი რაოდენობა. ციხეს კონუსური კლდის თხემი უკავია, იქ მისასვლელად კლდეში ბილიკია გაჭრილი. მოზრდილი ფართობი უჭირავს  ნაგებობას,  რომელშიც  სამ  სართულად  ჩაყოლებულია  სამზერ-სათოფურები და ბუდეები გადახურვის კოჭებისათვის. მცირე ეზო  კედლითაა  გადაკეტილი.  კლდის  ქვევით  ოთხკუთხა  კოშკია  შემორჩენილი,  რომელიც  რეგულარული  წყობის  საშუალო  ზომის  ქვებითაა ნაგები. იგი ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს. ეს  ციხე  გზაჯვარედინს  აკონტროლებდა:  ერთი  გზა  კაზრეთის-ხევიდან  ბოლნისში  გადადის,  მეორე  უკანგორ-დამბლუტისაკენ  მიემართება,  მესამე  კი  ქედებით  მიდის  ლოქის  ციხისაკენ.  იგივე  ციხე  იცავდა  მნიშვნელოვან  რკინის  საწარმოს.  ასეთი  მეზობლობა  აუცილებელი  რომ  ყოფილა,  ჩანს  გიულდენშტედტის  ჩანაწერიდან:  მას  დამბლუტის გაუდაბურებული გარემო ხელსაყრელად ვერ მიუჩნევია რკინის  წარმოების  მოსაწყობად.  ამაზე  ერეკლე  მეფეს  უთქვამს,  რომ  იგი  აქ  ციხეს  ააშენებდა  რკინის  მწარმოებელთა  დასაცავად . ვახუშტი  ბატონიშვილი  ბუჩუკუნის  ციხეზე  არაფერს  ამბობს,  თუმცა კი რუკაზე აღნიშნული აქვს. ციხის შემორჩენილი კედლების ორი  ძირითადი  ფენა  აქაური  წარმოების  ინტენსიურობაზე  უნდა  მიგვანიშნებდეს ადრე და გვიანფეოდალურ ხანაში.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

გამოყენებული ლიტერატურა: ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან,
დევი ბერძენიშვილი

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის