საკირეს წითელი ეკლესია
galerea
aRwera
იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც შემოგვინახეს ადრექრისტიანული ხანის სტელების ნაწილები, მაგრამ თვით ეკლესიები მნიშვნელოვნად გვიანი დროისაა (უმთავრესად შუა საუკუნეებისა), აღსანიშნავია პატარა ეკლესია, ე.წ. კიზილ-ქილისა (წითელი საყდარი), რომელიც მდებარეობს სოფ. პატარა დმანისიდან - სამხრეთით 12 კმ მანძილზე (თბილისიდან 92 კილომეტრზე), სამხრეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. ეს ეკლესია მკვეთრად დაქანებული კლდის ფერდობზეა აშენებული წითელი ტუფის ქვით (აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდებაც) მუღანლოს წყლის მარცხენა ნაპირას. ეკლესია დაფარულია მთლიანად პატარა, მაგრამ ძველი ტყით. მთავარი გზიდან მხოლოდ ტყე მოჩანს. ეს კლდე, ეტყობა ადრე მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული, რომლისგანაც პატარა კორომიღა გადარჩენილა. ეკლესია წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას (ზომები: 8.2 მეტრი * 2.5 მეტრზე) ორფერდა სახურავით. კარი ეკლესიას სამხრეთის მხარეს აქვს. ეკლესიას სამი პატარა სარკმელი აქვს, ერთი - საკურთხევლის კედელში, მეორე - სამხრეთის, ხოლო მესამე დასავლეთის - კედელში.
ეკლესია ჩრდილოეთის მხრიდან კლდეზეა მიდგმული. მას აშკარად ეტყობა მერმინდელი გადაკეთების კვალი და რომ იგი გვიანი ხანის ნაგებობაა, ეს კარგად დასტურდება, სხვა ნიშნების გარდა, იმ ფაქტებითაც, რომ მის კედლებში როგორც შიგნით, ისე გარეთ ფასადებში, ჩაშენებულია ადრექრისტიანული ხანის ქვის სტელების ფრაგმენტები, რომელთა საერთო რაოდენობა 17 ერთეულს უდრის. სტელების ფრაგმენტების ერთი ნაწილი კედლებში ზურგითაა ჩაშენებული და ამიტომ სტელებს შემკულობა ამ წახნაგებზე, ჩვეულებრივ, არ აქვთ. ადრექრისტიანული დროისათვის დამახასიათებელი ორნამენტული მოტივებითაა შემკული ეკლესიის კედლებში ჩაშენებული სტელების 11 ფრაგმენტი, რომელთაგან 2 წარმოადგენს სტელების კაპიტელებს, 6 საკუთრივ სტელების ფრაგმენტებია, ხოლო 3 - სტელების ბაზისების ფრაგმენტი.
განსაკუთრებით საყურადღებოა ორი კაპიტელი, რომელიც საკურთხევლის ამოშენებულ პილასტრებს ეყრდნობა ჩრდილოეთით და სამხრეთით. ჩრდილოეთის კაპიტელზე (ზომა 0.59 * 0.41 მეტრი. კაპიტელის ქვედა ნაწილის სიგანე - 0.5 მეტრი), ცენტრში გამოსახულია ბოლნური მედალიონი, მის ორსავე მხარეს დატოტვილი ფართოფოთლებიანი ხეებია; ასევე, მედალიონის ზევით ასეთივე სტილიზებული ხეა გამოსახული. ზემოხსენებული მედალიონის ორსავე მხარეს, ზევით, შვილდივით მოხრილი ვაზის რტოა დიდი მტევნებითა და სპირალურად დახვეული „ულვაშებით“. ზედა ნაწილი კაპიტელისა, რომელიც დანარჩენ სიბრტყესთან შედარებით წინ არის გამოწეული, (ლავგარდანივით), შემკული ყოფილა ნახევარვარდულებით — ოთხფურცლიანი დიდი ვარდულის, ორი ქვედა ფურცლისაგან შედგენილი არშიით. სწორედ ასეთი ტიპის არშიითაა შემკული ბოლნისის სიონის ზოგიერთი კაპიტელი და ბაზა და ამ შემთხვევაშიც ეს მოტივი ბოლნისის მსგავსად, აქაც არშიის როლს ასრულებს. კაპიტელის ზედა ნაწილი, მარცხენა წახნაგი ჩამოტეხილი ჩანს და ორნამენტული მოტივების ნაწილიც ჩამოჭრილია. მეორე, სამხრეთის კაპიტელის (ზომა: 0.53 (0.55) მეტრი * 0.43 მეტრზე) ცენტრშიც აგრეთვე ბოლნური მედალიონია ჩასმული და მედალიონის ორსავე მხარეს აგრეთვე მშვილდივით მოხრილი ვაზის რტოებია გამოსახული ყურძნის თითო დიდი მტევნით, ფოთლებითა და სპირალურად დახვეული ულვაშებით. მედალიონს ზემოთ გამოსახულია ექვსფურცლოვანი ვარდული. ამ კაპიტელის ზედა ნაწილიც ლავგარდანივით წინ არის გამოწეული და შემკულია ორფურცელა ვარდულების ისეთივე მოტივით, როგორსაც ამას პირველ - ჩრდილოეთის კაპიტელზე ვხედავთ. ამ კაპიტელის მარცხენა ნაწილი აშკარად ჩამოტეხილია და ამ მხარეს, კაპიტელის ზედაპირზე, შერჩენილია ვაზის რტოს მოტივის ერთი ნაწილი - თვით რტო არ ჩანს და მხოლოდ სპირალურად დახვეული ულვაშებია შერჩენილი. ეტყობა ეს კომპოზიცია ორივე კაპიტელზე თავიდან მთლიანად უნდა ყოფილიყო გამოხატული, მაგრამ, შემდეგ ეს კაპიტელები გადაუკეთებიათ, გვერდები ჩამოუთლიათ და ორივე მათგანი მოგვიანებით მეორეჯერ გამოუყენებიათ. კაპიტელები, ჩვენი აზრით, უფრო დიდი მასშტაბის ძველი ეკლესიის ნაწილებს უნდა წარმოადგენდნენ.
საყურადღებო სტელების ფრაგმენტებია ჩაშენებული საკურთხევლის წინ, ორსავე მხარეს; სამხრეთის მხარეს კედელში ვერტიკალურად ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტი (ზომა: სიმაღლე - 0.6 მეტრი წახნაგების სიგანე - 0.25 მეტრი), რომლის ერთ წახნაგზე (დასავლეთ მხარე) გამოსახულია ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმული ორ-ორი წმინდანი ნიმბებით. ასეთი წმინდანები ფრაგმენტზე ორია გამოსახული ვერტიკალურ სიბრტყეში. ამავე სტელის მეორე (ჩრდილოეთ) წახნაგზე წრიულ ჩარჩოებში ჩასმულია ცხოველების - ჯიხვის, ზღაპრული ფასკუნჯისა და ირმის გამოსახულებები. მედალიონების ჩარჩოები ერთმანეთზეა გადაწნული. აღსანიშნავია, რომ ჯიხვისა და ირმის გამოსახულება რეალისტურად არის გადმოცემული.
ჩრდილოეთის სტელის ფრაგმენტზე (ზომა: სმაღლე - 0.55 მეტრი, წახნაგების სიგანე - 0.26 მეტრი), რომელიც აგრეთვე ვერტიკალურად არის ჩაშენებული საკურთხეველთან, გამოსახულია ბუნზე დადგმული ბოლნური მედალიონი ორსავე მხარეს ნახევარპალმენტებით, ხოლო ბუნი, თავის მხრივ, ორსაფეხურიან კვარცხლბეკზეა აღმართული მედალიონის ზემოთ ოთხკუთხა ჩარჩოში, გამოსახულია სამფურცელა ყვავილები, რომელთა შორის არსებული არე შევსებულია წიწვოვანი მოტივით. ასეთივე სამფურცელა ყვავილის გამოსახულებას ვხედავთ კვარცხლბეკზე, სტელის ქვედა ნაწილში. სტელის ფრაგმენტს წარმოადგენს ქვა, დადგმული ეკლესიის ინტერიერში საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ტრაპეზის ქვის მოვალეობას ასრულებს. ამ ქვის ფასადზე გამოსახულია არატოლმკლავებიანი ე.წ. აყვავებული ჯვარი, ქვევით, გვერდებზე გამოსახული ნახევარპალმეტებით. სტელის ნაწილს წარმოადგენს აგრეთვე ეკლესიის შიგნით, სამხრეთის კედელში ჩაშენებული ფრაგმენტი, რომელზედაც შერჩენილია ორხარისხიანი კვარცხლბეკი, სამფურცელა ყვავილის და ჯვრიანი ბუნის ქვედა ნაწილის გამოსახულება სტილიზებული პალმეტების ნაწილებით.
უძველესი ქვის ძეგლების ფრაგმენტებიდან აღსანიშნავია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადში, გარედან, სარკმლის ჭრილის ზემოთ ჩაშენებული მეტად საინტერესო ფრაგმენტები სხვადასხვა სტელებისა და ბაზებისა. სხვებზე მეტად საყურადღებოა წითელი ტუფის ბაზის ფრაგმენტი (ზომა: 0.65 მეტრი * 0.35 მეტრზე), რომელზედაც შერჩენილია მთელი კომპოზიცია: ცენტრში კლასიკური ბოლნური მედალიონია, მედალიონის მარჯვნივ და მარცხნივ ფარშევანგების გამოსახულებანია, რომლებიც, თავისი ნისკარტებით ეხებიან მედალიონის ზემოთ რელიეფურად გამოსახულ პატარა ჯვარს. ეს კომპოზიცია უნებურად მოგვაგონებს ბოლნისის სიონის ბაპტისტერიუმის შუა კაპიტელის წინა წახნაგზე გამოსახულ კომპოზიციას: ორ ფარშევანგს, რომელთა შორის და ცოტა ზევით, ასევე რელიეფური ჯვარია მოთავსებული. ამ ბაზიდან მარცხნივ, კედელში ჩაშენებულია პატარა ბაზა (ზომა: 0.28 მეტრი * 0.28 მეტრზე.) ტიპიური ბოლნური მედალიონით. ამ მედალიონის ჩარჩო სამკუთხედების ჯაჭვისაგან შედგება. ეს ბაზაც წითელი ტუფისაგან არის გამოთლილი. მესამეა სტელის ფრაგმენტი (ზომა 0.4 მეტრი * 0.23 მეტრზე), აგრეთვე წითელი ტუფისა, შემკული ვაზის რტოს მოტივით, რომელიც სავსებით ემსგავსება ამავე ეკლესიის საკურთხევლში ჩაშენებულ ზემოხსენებულ კაპიტელებზე გამოსახულ ვაზის მოტივს.