ოფრეთის ციხე


galerea



aRwera

შულავრისწყლის მარჯვენა სანაპიროზე  შემორჩენილია  ოფრეთის  ციხის  ნანგრევები,  მას  ახლა  ჩახლაბერდს უწოდებენ. ეს მოზრდილი ციხე - დარბაზი,  თავისი მცირე ეკლესიით, აშკარად ადრეფეოდალური ხანის ძეგლია. ეკლესიის ნალისებური  აფსიდა,  ციხის  კედლების  წყობა  (ე.  წ. „უჯარმული“),  საპატიო  სიძველის  მანიშნებელია.  ამ  მხრივ  ნიშანდობლივია  დიდი  მსგავსება წოფის ციხესთან, სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც, გეგმარებითაც. X ს-ის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი მას შუშანიკის წამებასთან აკავშირებს,  ე.  ი.  ციხე  მას  ვარსქენ  პიტიახშის  საკუთრებად  წარმოუდგენია  უკვე  V  ს-ში .  ოფრეთის  ციხესთან  ამოდის  გზა  ხოჟორნის ხევიდან,  უერთდება  შულავრისწყლის  გზას,  გადადის  ფოლადაურის  ხეობაში  და  თეთრი  ხიდის გავლით მიემართება მგლის კარის უღელტეხილისაკენ. ამრიგად ციხის მდებარეობა  სტრატეგიულად  ძალზე  მომგებიანია  და  ასრულებს  იმ  გამაგრებული  ბორცვების  რიგს,  რომლებიც  წოფისხევით  მომავალ  ძველ  გზას  იცავდნენ.  შეიძლება  ვიფიქროთ,  რომ  შულავრისხევის  ზემო წელი,  სადაც  ოფრეთის  ციხე  ბატონობდა,  შედიოდა  „აშხარაცუიცში“ მოხსენიებულ  წოფისხევის  (წობოფორ)  ტერიტორიულ - ადმინისტრაციულ  ერთეულში.  ეს  კი  სწორედ ბოლნისის ხევს (ბოლნოფორს) ემიჯნებოდა. დაახლოებით  IX  ს-დან  ქვემო  ქართლის  ძველი  ტერიტორიულ - ადმინისტრაციული  ერთეულები ხევები  იცვლებიან  ახალი  ერთეულებით.  ზოგიერთმა  ციხემ  დაკარგა  ხევის  გამაერთიანებელი  მნიშვნელობა  (წოფი,  ქვეში...),  გაჩნდნენ  ახალი  ციხეები ხოჟორნი,  ბერდიკი,  ქავაზინი,  დმანისი,  ლორე. ასევე  უფრო  მცირე  სიმაგრეები  ლოქისწყალსა  და  შულავრისხევზე.  ცხადია,  ყოველი  მათგანი  თავისი  მნიშვნელობის შესაფერის ციხე-ქვეყანას შეადგენდა. ვარდან დიდის ცნობით,  გურგენ  კვირიკიანს  978  წელს  მემკვიდრეობით  მიუღია  ქვემო  ქართლის  ოლქები  და  ციხეები,  მათ  შორის  „ხორხორუნიქი“  რომელიც არის ხოშორნი, ხორაკერტი და ბაზუნიქი, ბაზკერტი ტაშირის  მხარეებში.  სხვა  ცნობილი  ციხეებიც  ერგო  გურგენს,  რომლებსაც ქართველები სომხითს უწოდებენო. აქ  დასახელებული  ხოჟორნი  თავისი  ოლქით  იგულისხმება,  ე.  ი.  ძველი  წოფისხევით,  რომლის  ზემოწელზე  აშენდა  ის;  ხორაკერტიც  შულავრისხევის  ზემოწელს  უნდა  მოიცავდეს  ოფრეთის  ციხესთან  ერთად. კვირიკიანთა  ხელში  იყო  ოფრეთის  ციხე  XI   საუკუნეშიაც.  „მატიანე  ქართლისას“ ცნობით, 1065 წელს ბაგრატ IV-მ შეიპყრო კვირიკე სომეხთა მეფე  და  ძმა  მისი  სუმბატ.  ძელზე  გასმულ  კვირიკეს  ბაგრატმა  სამშვილდე მოსთხოვა. „აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კვირიკესი: ოფრეთს და კობას და ვარზაქარსა“. ქართველთა მეფემ მისცნა  და  უთავისუფლნა  ყოველნი  ციხენი...  სამშვილდე  ოდენ  იურვა  სახლად  თავისად  და  ეგრეთვე  მონებდეს  სომეხნი. ე. ი. მიუხედავად დამორჩილებისა, ოფრეთი შულავრისხევის ზემოწელთან ერთად, ისევ კვირიკიანებს დარჩენიათ. ბაგრატისათვის სომეხთაგან შეთავაზებულ ციხეთა შორის არ ჩანს ხოჟორნის  ციხე,  რომელიც  ამ  დროისათვის  უკვე  მხარგრძელთა  ხელში იყო, ეგების მათგანვე საკუთარ რეზიდენციად აშენებული. სამშვილდის  აღების  შემდეგ,  მალე  ბაგრატ  მეფემ  ქავაზინი  და  გაგიც  აიღო.  სამეფოდ  იქცა  ამ  ციხეთა  შემავალი  ოლქებიც,  აქვე  იქნებოდა ბოლნისისხევისა და შულავრისხევის ქვემო დინებანი. დაახლოებით 1185  წელს თამარ  მეფემ  სარგის  მხარგრძელს  ამირსპასალარობასთან  ერთად,  უბოძა  ლორე,  სათავადო  და  სამთავრო  სომხითსა  შინა.  როგორც  ჩანს,  მხარგრძელებს  ლორე  უბოძეს  სამემკვიდრეო  მფლობელობაში,  ასე  დარჩენილა  შემდგომშიაც.  ლორის  მეპატრონეებს  არც ძველი მამული ხოჟორნი დაუკარგავთ: XIII  ს-ის I  მეოთხედის იქაურ  წარწერებში  შანშე  ზაქარიას-ძე  მხარგრძელი  იხსენიება.  ამიტომ  შესაძლოა  ხორაკერტის  წარწერის  „ქვეყნისმპყრობელი  და  მხედართმთავარი“-ც შანშე მხარგრძელი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში შულავრისხევის   ზემოწელი,   ხოჟორნისხევთან   ერთად,   ლორის   სამფლობელოში აღმოჩნდებოდა. XII - XIII   სს.  ამბებთან  დაკავშირებით,  ოფრეთის  ციხე  აღარ იხსენიება. ჩანს, რომ ლორე-ტაშირის დიდ ერთეულში გაერთიანების შემდგომ,  მას  დაუკარგავს  ძველი  ფუნქცია.  ალბათ  ამასვე  მოწმობს  ის,  რომ  ციხეს  არ  ეტყობა  გვიანი  შეკეთების  კვალი.  რუბრუკვისი,  რომელიც  შანშე  ზაქარიას  ძესთან  სტუმრად  იყო  ნამყოფი,  წერდა:  „ეს საჰენზა (შაჰანშა-შანშე-დ. ბ.) წინათ მეტად ძლიერი ქართველი ყოფილა,  მაგრამ  დღეს  ხარკს  აძლევს  თათრებს,  რომელთაც  ყველა  მისი  ციხესიმაგრე  გაუნადგურებიათ.  მათ  შორის იქნებოდა ოფრეთის ციხეც, აქამდე თუ მოაღწევდა საერთოდ. ფეოდალური ხანის გვიან საუკუნეებში ბოლნისისხევი ძირითადი ერთეული  იყო  სამეფო-სამოურავო  სომხითისა.  სამეფო  ოჯახი  იქ  მამულების  ერთი  უდიდესი  მფლობელი  იყო  თავიდანვე.  1721  წლის  აღწერით მეფეს ეკუთვნოდა ქვემო ბოლნისში 84  გლეხი; სამწვერისში - 40;  კერატას  სოფელში  -  1,  შათიკას  სოფელში  - 13,  შულავერში  - 52  გლეხი.  დედოფალს  შუა  ბოლნისში  ეკუთვნოდა  - 68  გლეხი,  თეთრ  სოფელში  -11,  ოფრეთში  - 20,  შაქარას  სოფელში  - 21,  ჭიპექებში  - 3,  ხუჯაბში  -  12,  ზემო  ხუჯაბში  - 11  გლეხი.  ბატონიშვილებისა  ყოფილა ნაქალაქევში 13 გლეხი, ვანქში - 2, თუმანაშენში - 5, მანხუტში - 13, სარკინეთში -14, ყარა სოფელში -5, ქარის სოფელში - 6, წუღრუღაშენში -13, ახალ წუღრუღაშენში - 12 გლეხი. სხვა ფეოდალთაგან გამოირჩეოდნენ ყაფლანიშვილები, რომლებსაც ჰყოლიათ დამბლუტში - 10 გლეხი, დარბაზ თალაში - 20, წყლამში - 10, ჯურორში - 4, პატარა გორულში - 3, ზემო ბოლნისში - 1, ვაკერანში - 3, შამირზას სოფელში - 6, ჩიტალში - 4, ხანძორკუტში - 2, შუა ბოლნისში - 7, დეღცნუტში - 5, მირაშას სოფელში - 5, ურუტში - 3, ვანქში - 2, ჯიმშურას - 1 გლეხი. ადგილობრივ   მფლობელებში   დაწინაურდნენ   სამწვერისელი   აზნაურები   გოგიბაშვილ-შანშიაშვილები. დოლმაზ   გოგიბაშვილ-შანშიაშვილი XVII  ს-ის შუა წლებში ყაფიჩიბაშიც ყოფილა (სამეფო  კარის  მცველთა  უფროსი).  მისი  ყმა-მამული  ძირითადად  ბოლნისისხევში  იყო,  სოფლებში:  ახოთას,  ქვემო  ბოლნისს,  წერაქვს,  ჯიმშურასა და ბაღდადის ნასოფლარში; მისი სოფლები იყო ზიკრუტი და  ტანძუტი  ფოლადაურისწყალზე,  რომლებიც  მას  მოუშენებია,  ხოლო  როსტომ მეფეს გაუთარხნებია იქაური გლეხები. 1721   წლის   აღწერით,   შანშიაშვილებს   ეკუთვნოდათ   ყმები   სოფლებში: სამსონში - 2 გლეხი, შუა ბოლნისს - 3, ბორის სოფელში - 6, სახუნდარში - 19, პატარა სახუნდარში - 9, სოსანში - 7, ტანძუტს - 3, შანში სოფელში - 4, ჰაცუტში - 7, სამწვერისში კი ერთი გლეხი.