დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

დიდი კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ტიპისაა. დგას სოფლის ცენტრში. აქვს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენები. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. მთავარი ეკლესია აგებულია ბაზალტის, დიდი ზომის თლილი კვადრებით, ხოლო მოგვიანებით აგებული მინაშენები ამოყვანილია ფლეთილი ქვით. სამხრეთის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერები: ქრისტე შეიწყალე ივანე, ქრისტე შეიწყალე სპირიდონა დაგუდა, ქრისტე შეიწყალე ქავთარ ტბელი; სამხრეთის კარიდან მარჯვნივ: ქრისტე შეიწყალე ზაქარია გიორგის ძე; აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხეში: ქრისტე შეიწყალე მიქელ ადარმადი; ჩრდილო მინაშენზე: ჯვარი პატიოსანი. ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტულია მრავალი წარწერიანი ქვა, რომლებზეც იკითხება: ივანე ერისთავი (ერისთავთ-ერისთავი); ერისთავთ - ერისთავი ვაჩე, ქრისტე შეიწყალე როსებაყ, წმინდა გიორგი, ქრისტე შეიწყალე ქვის მთლელები, მზის თვალისა, ქრისტე შეიწყალე კვირიკე მცირე. იქვეა საფლავის ქვა მჭედლის შრომის იარაღების გამოსახულებით: შეიწყალე მოდანას სული. სამხრეთ მინაშენში საფლავის ქვაა XVIII საუკუნის მხედრული წარწერით: მოიხსენე უფალო ამა საფლავსა მდებარი ყარაბუდახის შვილი თამრის ასული ანახანუმ. ეკლესიას გალავანი შემოუყვება, რომლის შიდა სივრცეში ყრია მრავალი არქიტექტურული ფრაგმენტი, ჩუქურთმიანი ქვები. კლდეისის წარწერაში მოხსენიებული ქავთარ ტბელი სავარაუდოდ ის პირია, რომელიც X საუკუნის 80-იან წლებში ქართლის აზნაურების ბრძოლას ბაგრატ III-ის ქართლში დამკვიდრების წინააღმდეგ ხელმძღვანელობს. ქართლის აზნაურებს „არა ენება გარდამოსვლა მისი (ბაგრატ III-ის), რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა“ და ამ აზნაურებმა, იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი, მიეგებეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა მოღრისასა“.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის