ავრანლოს მეგალითური ციხე და ნამოსახლარი
galerea
aRwera
ავრანლოს ციკლოპური სიმაგრე და ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. ავრანლოს ჩრდილო -დასავლეთით 0.5 კმ-ის დაცილებით, მდ. ქციის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრის სიმაღლეზე. „ციკლოპური“ სიმაგრე გამართულია იქ, სადაც მდ. ქციის ღრმა კანიონი მთავრდება და მდინარე წალკის ქვაბულის გაშლილ ველზე გამოდის. სასიმაგრო სისტემა სამ ტერასაზეა გაშენებული, რომლებიც მდინარისაკენ ეშვებიან. პირველი ტერასა მთის ძირში, მდინარის მარცხენა ნაპირსა და ქარაფოვან კლდეს შუა ექცევა; მეორე უშუალოდ მთის ფერდობზეა შექმნილი; მესამე კი ქციის კანიონის თავზე არსებულ გაშლილ მინდორზე გადის. სასიმაგრო კომპლექსი აგებულია მდინარის ტერასის ფრიალო ნაპირთან, რომლის მკვეთრად დაქანებული კალთები დამატებითაა გამაგრებული მშრალი წყობის კედლების საფეხურებიანი სისტემით. ციხე შედგება ციტადელისა და მასთან დაქვემდებარებული ცალკეული გამაგრებული ეზოებისა და მცირე ტერასების სისტემისაგან, რომლებიც ერთმანეთთან ვიწრო გასასვლელებითა და კარიბჭეებითაა დაკავშირებული. ციტადელი აგებულია, ზედა, მესამე ტერასის სამხრეთ კიდეზე არსებულ, ოდნავ შემაღლებულ, ბუნებრივ კონცხზე. ციტადელის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები მიუყვება კონცხის კიდეებს და იმეორებს კონცხის მოყვანილობას. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლების გასწვრივ ჩამოდის პატარა ხევი, რომელიც მდ. ქციას მარცხენა შენაკადს წარმოადგენს. დასავლეთი კედლის გასწვრივ კი ხელოვნური თხრილია გაჭრილი. ციტადელს ორი კარი აქვს: ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთის. კედლები ნაგებია ბაზალტის დიდი ზომის დაუმუშავებელი ლოდებით, რომლის შიდა და გარე პირს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია ქვებით. გალავნის კედლების სისქე 3-4 მეტრს აღწევს. ციხის შიგნით საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია. ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის კედელს კუთხეებში და ცენტრში აქვს მკვეთრად გამოყოფილი ბურჯები. კიდევ ერთი ბურჯი შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის ქვედა ნაწილში. მეორე ტერასა ციტადელის სამხრეთი კედლის ძირშია გამართული. მისი სიგანე 4-5 მეტრს უდრის და სასიმაგრო სისტემის მთელ სიგრძეზე გრძელდება. ტერასის ჩრდილოეთი კიდე კლდოვან მასივს მიუყვება, სამხრეთით კი გალავანია გამართული. ტერასაზე ნაგებობათა ნაშთები შეინიშნება. მდინარის ნაპირთან ფრიალო კლდის ძირში პირველ ტერასაზე, გამართულია დამოუკიდებელი გალავანი, რომლის შიგნითაც შუა საუკუნეებში ეკლესია აუგიათ. ციკლოპური სიმაგრის ქვედა ტერასის ზღუდე გამოყენებულია ეკლესიის გალავნად. 1920 წელს ადგილობრივმა ბერძნებმა ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე ააგეს ღვთისმშობლის ეკლესია, რესტავრირებულია XX საუკუნის 90-იანწლებში. იგი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას და ნაგებია დამუშავებული ქვის კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. თაღის ზემოთ ჯვარია გამოსახული. შესასვლელთან აღმართულია თუნუქის სამრეკლო. ეზოს დასავლეთ ნაწილში ეკლესიის წინ მოწყობილია დარნები. აქვეა ძველი საფლავის ქვები.