არჯევან-სარვანის ეკლესია
galerea
aRwera
არჯევან - სარვანის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, წალკის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. აშენებულია დიდი ზომის დამუშავებული კვადრებით. გადახურულია ლორფინით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის სარკმელს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირე. სარკმლის მარჯვენა მხარეს ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი გადმოგვცემს „ეკლესია თითქმის მთლად არის შემორჩენილი, დაზიანებულია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და სამხრეთის სარკმელი. ეს ძალზე ლამაზი ეკლესიაა. სარკმლები და კარები გარშემოვლებულია ქვაში კვეთილი ორნამენტით. აღმოსავლეთის კედელზე სარკმლის ქვეშ კარგად შემორჩენილი ხუცური წარწერაა: ,,სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისათა აღვაშენე წმიდა ესე ეკლესია მე მექარვე და შვილთა მისთა და სიგლახაკითა ჩვენითა, გიორგი მეფეთა მეფობასა შიგან, სალოცველად მეფობისა მათისა.” ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ეკლესია აიგო არა უგვიანეს XI-XII საუკუნეებისა, გიორგი I ან გიორგი II-ის დროს. ნ. ვაჩეიშვილი არჯევან-სარვანის ღმრთისმშობლის ეკლესიას მეფე გიორგი I ზეობის ხანით – XI საუკუნის 20 -იანი წლებით ათარიღებს. ეკლესია რესტავრირებულია 2006 წელს შპს „არქიტექსის“ მიერ (რესტავრატორი შ. მელიქიძე). ეკლესიის ეზოში სამაროვანია გამართული, ჩრდილო -აღმოსავლეთით კი ნამოსახლარის ნაშთები შეინიშნება.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი