ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
ახალსოფლის (თეთრიწყარო) წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თარიღდება XI ს-ით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომლის თაღოვან გადახურვაში გამოსახულია წმინდანის ფიგურა. ლავგარდანი და სარკმელები ჩუქურთმითაა შემკული. აღმოსავლეთ სარკმელის თავზე გამოსახულია დანიელი ლომებთან. ეს კომპოზიცია გამოსახულია ერთ ფილაზე, რომელსაც გარს არტყია მოჩუქურთმებული არშია. მის ქვევით ერთ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ვერ წაიკითხა. სარკმელის ქვემოთ, ორივე მხარეს, ფრინველებია გამოსახული. დასავლეთ სარკმელის თავზე ღვთისმშობლისა და წმინდანის გამოსახულებაა ჯვრით ხელში, ხოლო ამ კომპოზიციის ქვემოთ, სარკმელის გვერდებზე გამოსახულია ლომი და ხარი. სამხრეთის ერთი სარკმელის ზემოთ ეკლესიის მოდელის გამოსახულებაა, რომლის ორივე გვერდზე ყურძნის მტევნებით შემკული ორი ფიგურაა. მეორე სარკმელთან მტრედებია გამოსახული. დასავლეთის და სამხრეთის მხრიდან ეკლესიას მიშენებული ჰქონდა ეგვტერები, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, დაშალეს და ქვები მანგლისის ტაძრის სარესტავრაციოდ გამოიყენეს. ეკლესიის ირგვლივ ძველი საფლავის ქვები და არქიტექტურული დეტალებია მიმობნეული, მათ შორისაა სტელის ფრაგმენტი ”ხელის” გამოსახულებით. ექთიმე თაყაშვილმა ზოგიერთ ქვაზე ასომთავრული წარწერებიც შენიშნა. ერთ-ერთ ქვაზე, რომელიც მისი აზრით, ეკლესიას ეკუთვნოდა, სამსტრიქონიანი წარწერა იყო. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა ძალიან დაზიანებული იყო, ექ. თაყაიშვილმა წაიკითხა ერთი სტრიქონი: „ადიდე ბაგრატ მეფეთა მეფე“. მისი აზრით, ამ წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ IV (1027-1072 წლები).