კვირიკეწმინდა, კვირიკეთი


galerea



aRwera

კვირიკეწმინდა, კვირიკეთი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევის მოპირდაპირედ მტკვრის მარჯვენა მხარეზე, ტყით დაფარულ გორაკზე. სწორედ ეს ის კვირიკეწმინდაა, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფე ქრისტეფორემ დააფუძნა. გიორგი მერჩულეს თხზულებაში მოხსენებულია ორნაირად: კვირიკეთი და კვირიკეწმინდა (გვ. 19, 76-–78). მეცნიერები საკმაოდ ბევრს მსჯელობდნენ აღნიშნულ თხზულებაში კვირიკეწმინდის მონასტრის ლოკალიზების შესახებ. არსებობდა ვერსიები, რომ კვირიკეწმინდა შესაძლოა ყოფილიყო ფოთოლეთის ეკლესია, ან მწვანე მონასტერიც, თუმცა საკითხის და ზემოხსენებული ძეგლების დეტალურად შესწავლის შედეგად მათი როგორც კვირიკეწმინდად არსებობის შანსი გამოირიცხა, ამას ემატება აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული გადმოცემებიც. აქედან გამომდინარე, კვირიკეწმინდის ეკლესია შესაძლოა დათარიღდეს 840 წლით.

კვირიკეთის ტაძარი სამნავიანია, შუა ნავით გვერდებისაგან გამოყოფილია თაღიანი სვეტებით. ტაძარი ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით, შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. შიგნიდან შელესილია და მთლიანიდ მოხატული, ახლა მხატვრობა მხოლოდ ფრაგმენტებად არის შემორჩენილი. ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა ძალზედ სავალალოა, ჩანგრეულია სახურავი და კამარები, აგრეთვე კედლებიც გარკვეულ დონეზე დანგრეულია და უნიკალური მხატვრობა შეუქცევადად ზიანდება.

მხატვრობა შედარებით კარგად არის შერჩენილი საკურთხევლის ჩრდილო კედელზე. მოხატულობა სამ იარუსიანია, ზემო იარუსზე გამოსახულია ფრთებ შეკრული ანგელოზი, რომლის უკან ხარის თავია გამოსახული. ანგელოზს უჭირავს „ლაბარიუმი“, რომელზედაც აწერია ბერძნულად: „აგიოს, ფილოს, აგიოს“, ანგელოზის ქვეშ მოჩანს რამდენიმე ასომთავრული ასო. ლაბარიუმთან არის მჯდომარე ფიგურის მოკეცილი მარჯვენა ფეხი, ტახტისა და მუთაქის თავი (უნდა იყოს მჯდომარე მაცხოვარი). მაცხოვრის ქვეშ გამოსახულია წმინდანები ხელში გრაგნილებით, თავთან ასომთავრული წარწერით: წმ. ნიკოლოზ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვა. მესამე იარუსზე არიან მღვდელმთავრები, ხელში სახარებითა და ჯვრებით, თავთან ასომთავრული წარწერით: წმ. ფოკა, წმ. გრიგოლ ნოსელი და სხვა. მხატვრობა კარგადაა შესრულებული, სავარაუდოდ X-XI საუკუნის შედევრს უნდა წარმოადგენდეს.

აქვეა ნამოსახლარი, სახლები დარბაზულია და დიდი ლოდებით მშრალად ნაგები. ზოგს შერჩენია კედლებიც. დარბაზები სხვადასხვა მოცულობისაა, ზოგის ფართობი უდრის 10X5 კვ. მეტრს.

ეს ნასოფლარი, საკვირიკე ანუ კვირიკეწმინდა, მოხსენიებულია გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში, როგორც სოფელი კვირიკეწმინდა (იხ. დავთარი, გვ. 98). ამ დავთრის მიხედვით იგი მდებარეობს აწყურის რაიონის ახალციხის ლივაში და აქ იგი სიის მიხედვით აღნიშნლიას მე-7 სოფლად. მის შემდეგ, მე-11 ადგილას სოფ, დვირია მოხსენებული, მე-13 ადგილას კი სოფ. ტაძრისი. სწორედ ამ ტაძრისისა და დვირის მიდამოშია დღესაც საკვირიკეს ნასოფლარი და მისი მონასტრის ნანგრევი.

გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის შედგენისას კვირიკეწმინდაში ჯერ კიდევ ყოფილა დარჩენილი რამდენიმე კომლი ქართული მოსახლეობისა მოხსენებულია სახელებიც: მახარებელ ივანეს ძე, გიორგი მახარას ძე, ჯიმშერა ძე მისი, დემეტრე ვარძელისძე (გვ. 93)...

აქ იმართებოდა დღესასწაული „კვირიკობა“, ზაფხულში ივლისის თვეში და სალოცავად მოდიოდნენ ბორჯომის ხეობის სხვადასხვა სოფლებიდან.

საკვირიკე ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან, ხოლო უნიკალური ტაძარი და მხატვრობა გადაუდებელ დახმარებას და სარესტავრაციო სამუშაობს საჭიროებს.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის