ბოლნისის სიონი
galerea
aRwera
ბოლნისის სიონი, ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, ახლანდელ სოფელ ბოლნის-ხაჩინში, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე. ქალაქი ბოლნისიდან 8 კმ-ში, თბილისიდან დაახლოებით 70 კმ-ში. ეს ერთერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში, მისი შესწავლა ჯერ კიდევ 1916 წელს დაიწყო გ. ჩუბინაშვილმა, 1936-1937 წლებში კი, შოთა რუსთაველის პირველი იუბილეს (1937) მომზადებასთან დაკავშირებით, ბოლნისის გასაწმენდად და გამოსაკვლევად დიდი მუშაობა ჩაატარა საგანგებო ექსპედიციამ ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით. ამ მუშაობის მოთავე იყო აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი. მუშაობამ უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო: ძეგლის გარშემო ტერიტორია გაითხარა, გამოჩნდა შენობის დაფარული ნაწილები და მანამდე უცნობი ფრაგმენტები, მათ შორის სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვითაც მოხერხდა სიონის ზუსტად დათარიღება. წარწერაში, ნათქვამია: „შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებას ამის ეკლესიაისაა და ათხოჴთმეტ წლისა შემდგომად განხეშორაო“, ე. ი. ტაძრის შენება დაიწყო პეროზის მეფობის მეოცე წელს და 15 წელიწადში დამთავრდაო (წარწერიანი ქვა თავდაპირველად ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე იყო. ახლა იგი თბილისშია გადმოტანილი, საქართველოს სახ. მუზეუმში, მის ნაცვლად კი პირია ჩასმული). ამ წარწერამ დაადასტურა გ. ჩუბინაშვილის მიერ ადრევე გამოთქმული მოსაზრება სიონის აშენების ხანის შესახებ V-VI სსთა მიჯნაზე. მეორე წარწერა, აღმოსავლეთ ფასადისა, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, იხსენიებს ტაძრის მაშენებელს დავით ეპისკოპოსს, მესამე – ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზე, კიდევ ორ უცნობ პირს. სამივე წარწერა ძალიან ლამაზი, ნათელი, მკაფიო მოხაზულობის რელიეფური (და არა ამოკვეთილი) ასოებითაა შესრულებული. ბუნებრივია, რომ ტექსტები ხანმეტია (მთავარი წარწერა გაშიფრა აკად. ა. შანიძემ).
აღსანიშნავია ტაძრის მხატვრული გაფორმება: ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მათ შორის ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი აშენდა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის ხანაში, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობისა და ბრძოლის შედეგად ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქთაგან დამოკიდებულებას თავი დააღწია. თვით ბოლნისის საეპისკოპოსოც, რამდენიმე სხვა საეპისკოპოსოსთან ერთად, ვახტანგმა დააარსა. მით უფრო საკვირველია, რომ მაშენებელთა წარწერაში ვახტანგი კი არ არის მოხსენებული, არამედ ირანის მეფე პეროზი. გ. ჩუბინაშვილის აზრით, ალბათ ირანის მძლავრობა მაინც იმდენად საგრძნობი იყო 484 წლის აჯანყებისა და ირანთან ვახტანგის ომის შემდეგაც კი, რომ ამ ამბიდან 10 წელიც რომ გავიდა, ბოლნისის სიონის დამთავრებისას, მისმა მაშენებელმა დავით ეპისკოპოსმა არც საქართველოსა და ირანის ცოცხალი მეფეები ახსენა, არც პიტიახში, არამედ მხოლოდ უკვე გარდაცვლილი სპარსთა მეფე პეროზი, რომლის დროსაც შენება დაიწყეს. მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული (საკურთხევლის გვერდით), VIII საუკუნისაა.
დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა – დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. 1634 წელს, სპარსელების შემოსევის დროს, ძლიერ დაზიანდა კამარები და ნაწილობრივ დასავლეთი კედელი. მთელი ზემო ნაწილი კამარებითურთ და სხვა დაზიანებული ნაწილები უმეტესად აგურით აღადგინეს XVII საუკუნის პირველ ნახევარშივე, მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით. მაშინ გაჭრეს დასავლეთის კარიც, რომელიც თავისი აგურის მოჩარჩოებით და ისრული თაღით მკვეთრად გამოიყოფა კედლის ვრცელ ზედაპირზე.
XVII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ამას გარდა გვერდით სამრეკლოც ააშენა გიორგი XI-ის ბრძანებით.
ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
ბოლნისის საეპისკოპოსო გაუქმდა, ფაქტიურად, XVIII ს-ის პირველსავე წლებში, რადგანაც მოსახლეობა – იმ კუთხის მძიმე ისტორიული ხვედრის წყალობით, გაუთავებელი რბევა აოხრების შედეგად – შეიცვალა და ქართული ელემენტი შემცირდა.
1702 წელს თბილელი ეპისკოპოსი უკვე თბილელ-ბოლნელად იწოდება. XVIII ს-ის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაურბევიათ ლეკებს. მემატიანეები მოგვითხრობენ სისხლისმღვრელი ბრძოლის ამბავს.
ბოლნისის სიონის მეცნიერული შესწავლა, როგორც ითქვა, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა XX-საუკუნის 30-იან წლებში. ძეგლი რამდენიმეჯერ შეკეთდა. უკანასკნელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო მუშაობა 1970-1971 წლებში ჩატარდა არქიტექტორ რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში გადახურეს ჩრდილოეთ გალერეა და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ტაძრის გარეთა ზომებია: სიგრძე – 27,8 მ, სიგანე – 245 მ, სიმაღლე შიგნით 11 მ.
სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის