დმანისის სიონი
galerea
aRwera
დმანისის სიონი დმანისის ნაქალაქარი ნაგებობაა, მდებარეობს თბილისიდან 100 კმ. მანძილზე, სამხრეთ-დასავლეთით, კლდოვან კონცხზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას. როგორც ქალაქი, დმანისი წარმოიშვა არა უადრეს IX ს-ისა, თუმცა დასახლებული ადგილი ბევრად უფრო ადრე არსებობდა, რაზეც მეტყველებს ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები, რასაც ცალკე სტატია დაეთმობა ჩვენს ვებგვერდზე. ქალაქის აყვავების ხანა XII-XIII საუკუნეები იყო. შემდეგ ბევრჯერ გამხდარა უცხოელთა თავდასხმის საგნად და საბოლოოდ დაცარიელდა XVIII ს-ში. შედგებოდა ორი ნაწილისაგან შედგებოდა: საკუთრივ ქალაქისაგან (კონცხზე), რომელსაც 13 ჰექტარი ეჭირა, და გარეუბნისაგან მის სამზრეთით, ფინეზაურის ორივე ნაპირზე საგანგებოდ იყო გამოყოფილი ციტადელი. გათხრების დროს აღმოჩნდა ზოგი ქუჩის ტრასა, ბასტიონები, ხელოვნური მიწისქვეშა გასასვლელები, აბანოები, სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები.
სიონი VI ს-ის – სამეკლესიიანი ბაზილიკის ერთი უმთავრესი ნიმუშთაგანია. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან — სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა — საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები
მისი გვერდის ნაწილები გადაკეთებულია 1213-1222 წლებს შუა, გიორგი-ლაშას დროს, დასავლეთით ეკლესიას მიაშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე. მორთულობას უკვე ეტყობა ერთგვარი სიმშრალე და დაწვრილმანება, ე. ი. თვისებები, რომლებიც შემდეგ. უფრო მკვეთრად იჩენს თავს. კარიბჭეზე საინტერესო წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში მოხსენებულია მეფე ლაშა-გიორგი.
დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილო-აღმოსავლეთით წმ. მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს.
ტაძრის გარე ზომებია: სიგრძე (დასავლ. კარიბჭის გარეშე) – 23 მ-მდე, სიგანე – 20,5 მ., მარტო შუა ეკლესიისა – 11,5მ.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები:ანზორ მჭედლიშვილის