ორმაშენის ეკლესია
galerea
aRwera
სოფელ ბახჩალარამდე მისასვლელი გზის აღმოსავლეთით არის სოფელი ორომაშენი, დ. ბერძენიშვილის აზრით ორომაშენი, სადაც ეკლესია დგას, ამ სოფლის ძველი სახელი არ არის. იგი აქ გადმოუტანიათ ზურტაკეტის სოფელ ორომაშენიდან გადმოსახლებულებს. როგორც ცნობილია, წინა საუკენეებთან მიმართებით, დღეს ამ მიდამოების ეთნიკური შემადგენლობა შეცვლილია. ძირითად ქართველ მოსახლეობას მიუტოვებია ეს სანახები XVIII საუკუნეში და მისი ადგილი დაუკავებიათ გადმოსახლებულ აზერბაიჯანელებს და ბერძნებს. ქართველი მოსახლეობის გადასვლასთან ერთად გაქრა ზოგიერთი ნასოფლარის ქართული სახელოწოდება და ზოგმა თურქულ ტრანსკრიფციაში განიცადა სახეცვლილება. ასე, მაგალითად – ვახუშტისეული „საჭე“ გახდა „საჯა“, „ორმოშენი“ – „ორმაშენი“. დღეს, ეკლესიას ვუდგებით კერძო მოსახლის ეზოს გავლით, დასავლეთის მხრიდან. ეკლესია ერთნავიანია, თლილი ქვის სივრცე ორი წყვილი პილასტრითაა დაყოფილი. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა, ეკლესიის შიდა სივრცე ძალიან პატარაა, აღმოსავლეთ მხარეს გაშლილი, აბსიდია, სარკმელი და კონქი მორღვეულია, შემორჩენილია სარკმლის მარცხნივ სახატე და სასანთლე ოთხკუთხა ნიშები, გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია სამხრეთ კედლის ნახევარი დანგრეულია. მისი შიდა და გარე მოპირკეთება გაძარცულია. სამხრეთის კედლის მოპირკეთება შიდა მხრიდან შერჩენილია პილასტრის კაპიტელამდე, ჩრდილოეთი კედლის შიდა მხარეს შერჩენილია სამივე პილასტრი კაპიტელებით და სამივე სართავი თაღი ადგილზეა, ხოლო თაღებს ქვემოთ არე განგრეულია. პილასტრების კაპიტელები ნახევარწრეებითაა გაფორმებული. აღმოსავლეთი ფასადის საპირე წყობა მთლიანად გაძარცულია. შედარებით უკეთაა შერჩენილი საპირე წყობა დასავლეთ კედელზე, იქვე მიწაზე გდია დასავლეთი სარკმლის ზედა ნაწილი დეკორაციული საპირეთი. სარკმლის საპირეს მეორე ნაწილზე ასომთავრული წარწერაა. ეკლესიის ქვედა მხარეს სამხრეთის მიმართულებით, ერთ - ერთი მოსახლის ბაღჩის ღობეში ჩატანებულია ეკლესიის ორნამენტირებული ქვა. მთლიანად ეკლესია ნაგებია მოვარდისფრო, რუხი ფერის კარგად თლილი ქვის კვადრებით. წარწერების მიხედვით და არქეოლოგიური მონაცემებით ძეგლი XI-XII საუკენეებს უნდა მივაკუთვნოთ.