ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის მონასტერი (ქაფანაქჩის ეკლესია) — წმინდა გიორგის სახელობის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა და მონასტერი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში, ბოლნისის სიონისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

ეკლესიამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, თუმცა ამჟამად უკვე სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებულია. კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, ლამაზი ფერის მწვანე კვადრებით. შუა ეკლესიის ორივე შესასვლელის თავზე (სამხრეთიდან) საგანგებო დიდ ლოდებზე ამოკვეთილი იყო დიდად საინტერესო რელიეფური კომპოზიციები - მარჯვენა კარის ზემოთ ქრისტეს ამაღლება ანგელოზთა მიერ, მარცხენას ზემოთ – ღვთისმშობლის ამაღლება. სტილისტური ნიშნებით ძეგლი, რომელიც სამეკლესიიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს (არ არის დასავლეთის შემაერთებელი ნაწილი განაპირა ეკლესიებს შორის, არ არის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან), V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება. ქვემო ბოლნისის ეკლესიის სიგრძე-სიგანე გარედან: 13X11 მეტრია. აგებულია ნათალი სხვადასხვა ფერის ტუფისა და ქვიშაქვით. ტაძარს აღმოსავლეთით ნახევარწრიული განზიდული აფსიდი აქვს. კედლები დასრულებული იყო შეკბილული ლავგარდნით (ფრაგმენტები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში), რომელიც ტაძრის აღდგენისას შეიცვალა მარტივი თაროსებრი კარნიზით. კამარას არ აქვს საბჯენი თაღები. გვერდითა ეკლესიები გაცილებით დაბალია ცენტრალურთან შედარებით. სამხრეთის ნავი სამი თაღით გახსნილი გალერეა იყო, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდებოდა. აფსიდს სარკმელი არ აქვს. თაღები მრგვალ სვეტებს ეყრდნობა. აფსიდის კონქი აქაც იმპოსტებს ეყრდნობოდა. კამარა კი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შექმნილ თაროსებრ შვერილზე იყო გადასული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი ორია, ორივე არქიტრავული გადახურვით. შუაში მდებარე კარი უფრო ფართოა, ვიდრე დასავლეთისა. ნახევარწრიული აფსიდის კონქი იმპოსტებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე, ქვემოდან მესამე რიგში, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული ანბანის ასო „რ“. 2012 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად ცენტრალურ ეკლესიას გაუკეთდა აგურის კამარა და სახურავი, ჩაისვა სარკმლები და კარები. აღდგა ტაძრის გარშემო არსებული გვიანი პერიოდის გალავანი. ტაძრიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 მეტრში აშენდა საღვდელმთსახურო დამხმარე ნაგებობა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ამ ტაძარში ინახებოდა ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

2019 წლის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის