გეგუთი


galerea



aRwera

გეგუთის სასახლე — ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, რიონის ნაპირას.

ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის. ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „...წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა (აღნიშნულია — იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე). სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი გაგრძელდა მისი ნგრევა, სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები იყენებდნენ ქუთაისში შენობების ასაშენებლად. გეგუთის კომპლექსის პირველმა მკვლევარმა, შვეიცარიელმა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და განსაზღვრა ცალკეული სათავსების ფუნქცია.

ნანგრევებს 2000 მ² მეტი ფართობი უჭირავს. 1937 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად (პროფ. ლევან მუსხელიშვილი, არქიტექტორი ვ. წილოსანი, ფოტოგრაფი გილგენდორფი) ნაწილობრივ გაიწმინდა რამდენიმე სათავსი და დაზუსტდა არსებული გეგმის დეტალები. გათხრებისას აღმოჩენილი სხვადასხვა დროის 60–მდე არტეფაქტი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 1954 – 1962 წლებში კომპლექსი გაიწმინდა და ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები (პროფ. ვახტანგ ცინცაძე).

გეგმაში სასახლე უახლოვდება კვადრატს (37X37 მ.). ცენტრში გამოიყოფა ჯვარისებრი ფორმის საზეიმო დარბაზი, რომელშიაც საგანგებო შესასვლელის - ვესტიბულის გავლით ხვდებოდნენ. შუა კვადრატული დარბაზი გადახურულია  14 მეტრის დიამეტრის გუმბათით, რომელზედაც გუმბათქვეშა კვადრატიდან გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში მდებარე დიდი ტრომპების საშუალებით. როგორც ჩანს, გუმბათის ცენტრში ყოფილა სასინათლო ხვრელიც. დარბაზს ოთხი მხრიდან ეკვრის  შეისრული კამარებით დახურული სადგომები. დარბაზის ირგვლივ განლაგებულია სხვა საცხოვრებელი და დამხმარე ოთახები (საწოლი, სალარო, სამზარეულო). სამიოდე მეტრის სიმაღლის თლილი ქვის კვადრებით ნაწყობ ცოკოლზე შემდგარი შენობა აგებულია აგურისაგან. სასახლის კედლები შიგნით მოპირკეთებული ყოფილა და ზემო ნაწილებში, ალბათ, ნაძერწითა და ფერწერით მორთული. სასახლე ნანგრევებშიაც დიდ შთაბეჭდილებას სტოვებს. გუმბათის სიმაღლე იატაკიდან 20 მეტრს აღწევს. ერთი ოთახი ზომით 10 მ X 9 მ.  აღჭურვილია ბუხრით (2მ X1,9 მ).  XIII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის