ზემო კრიხი
galerea
aRwera
ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კრიხში, მდინარე კრიხულის მარცხენა სანაპიროზე. ეკლესია აგებულია X-საუკუნის ბოლოს და XI-საუკუნის დასაწყისში. ეკლესია ნაგებია თლილი ქვისა და კირისაგან; იგი ერთნავიანი შენობაა ზომით: 13,4X5,7 მეტრი, ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდით. ზემო კრიხის ტაძარი, თავისი გეგმით, ცალნავიანი თემის თავისებურად გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ ცალნავიან ნაგებობისათვის დამახასიათებელი სამნაწილედი საკურთხევლის ნაცვლად, კრიხის ხუროთმოძღვარს სამნაწილიან ბემა შეუქმნია: საკურთხევლის გვერდით ორი ღრმა და მაღალი, კონქით დახურული ნიშია მოთავსებული. ეს თავისებურება, ისევე, როგორც ორი სარკმლით გაშუქებული ღრმა ბემა და დარბაზის მოკლე, ფართო და მაღალი ფორმა - ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიას განცალკევებულ ადგილს აკუთვნებს აღნიშნული თემის სხვა ძეგლთა შორის,
ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სამხრეთის კარის თავი, კარიბჭის კარი და თაღი სამწირველოს სარკმელი შემკულია ჩუქურთმიანი ქვებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კარიბჭის თაღი. იგი აწყობილია ძვირფასად ნამუშევარი ქვებისაგან. ჩუქურთმიანი ქვები ეკლესიას შიგნითაც აქვს სვეტის თავებად, საკურთხევლის ჩრდილო-დასავლეთი კედლის (კანკელთან) ძირს, იატაკთან, კედელში (პირით დასავლეთისაკენ) დატანებულია ქვის ქანდაკება დათვისა და ორი ბელის თავები, რომლებიც ლეგენდის მიხედვით დაუხოციათ ამ ადგილშივე, ყოფილ უდაბურ ტყეში, ეკლესიის აშენების წინ.
ტაძრის ხუროთმოძღვრული მორთულობა ექვემდებარება ნაგებობის საერთო გადაწყვეტას. ჩუქურთმათა განლაგებით მკვეთრად გამოვლინებულია ნაგებობის მთავარი ელემენტები: ინტერიერში აღმოსავლეთი კედელი საკურთხევლით, გარედან-სამხრეთისა და, საფიქრებელია, დასავლეთის შესასვლელიც. ჩუქურთმა, რომელიც ტაძრის თანამედროვეა, ორი სხვადასხვა ოსტატის ხელით არის შესრულებული. ორივე ოსტატი ქვაზე კვეთის თანაბარი ხელოვანია. პირველი ოსტატი ბრწყინვალე შემსრულებელია, მისი გრაფიკულად მოდელირებული ჩუქურთმა ჩრდილ-სინათლის ეფექტებით არის აღჭურვილი, იგი სავსეა მოძრაობითა და დაძაბულობით, ამასთანავე ამ ოსტატისათვის დამახასიათებელია ჩუქურთმის ჭრაცერად ჩაკვეთილი სიბრტყეებით, ამ ჩუქურთმათა მოტივების თავისებურება გვავარაუდებინებს, რომ ისინი ახალგაზრდა ოსტატის შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს. მეორე (საფიქრებელია, ხნიერი) ოსტატი ფორმებს სხვაგვარად შეიგრძნობს. მისი გრაფიკული ნახატი დუნეა და სიცოცხლეს მოკლებული. ჩუქურთმა განხორციელებულია ორ სიბრტყეში: ფონი და ჩუქურთმის ზედა პირი, რომელიც ხაზებით არის დასერილი, ოსტატი მოძრაობის შთაბეჭდილებას აღწევს სახის დანაწევრებით და კლასიკურად ნათელი საგნობრივი ფორმის უარყოფით. ტაძრის ჩრდილოეთის კედელში მოთავსებულია ორი წარწერა. მათში მოხსენებული შვილაი და. ფეთაისა-სწორედ პირველი და მეორე ოსტატი უნდა იყვნენ.
ეკლესია გაუახლებიათ 1884 წელს: დასავლეთი ნაწილის თვის სიგრძე მოუმატებიათ ძველი საქალებოს შემოერთებით. ამ განახლების დროს ნაწილი წარწერიანი და ჩუქურთმიანი ქვებისა გათლიათ და კედლებისათვის შეუხმარებიათ.
ორივე ოსტატის მიერ შესრულებული ჩუქურთმები, მათი დამახასიათებელი ნიშნებით, საშუალებას გვაძლევს ძეგლის აშენების თარიღი აგრეთვე X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედით განვსაზღვროთ, ზემო კრიხის ტაძრის მასათა განლაგება და ფასადების საერთო გადაწყვეტა მსგავსებას მეზობელ ზემო სვანეთის X საუკ. ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან ჰპოვებს. დეკორატიულ ელემენტების მოხმარების მხრივ--კრიხის ხუროთმოძღვრის ნაწარმოები, ისევე, როგორც რაჭის დანარჩენი ძეგლები (კუდაროს ძეგლები, მრავალძალი, ჯოისუბანი, სალხინო, ზედაშავრა-კვერთი, პატარა ონი, ხიმში, ნიკორწმინდა და სხვ.), საქართველოს სხვა მოწინავე პროვინციათა (ქართლი, ტაო-კლარჯეთი) ძეგლების რიგში დგას.
ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია შეისწავლა და დეტალურად აღწერა ისტორიკოსმა და მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ. საკმაოდ საინტერესოა მის მიერ დაფიქსირებული ტაძრის კედლებზე არსებული წარწერები და ფრესკები, რადგან გარკვეული მათგანი დროთა განმავლობაში უფრო მეტად დაზიანდა. ქვემოთ გთავაზობთ გიორგი ბოჭორიძის მიერ აღწერილ ტაძრის წარწერებს, მხატვრობას და სიძველეებს:
„გარედან ეკლესიას აქვს წარწერები ქვებზე. მათში დასავლეთის კედლისა დაძრულია თავისი პირვანდელი ადგილიდან წარწერები არის ასომთავრულიც და ნუსხურიც. ასომთავრული ნაწერია მსხვილი ხელით და საკმაო ჩაღრმავებით; ხოლო ნუსხური საშუალო ხელით და ოდნავი ჩაღრმავებით (უკანასკნელის ზოგიერთი ასო სტრიქონიც კი თითქმის არ მოჩანს). ეს წარწერები არის:
- ჩრდილო კედელზე აღმოსავლეთის მხრისაკენ ქვაზე მრგვლოვანი ასომთავრულით:
„უფალო განუსვენე სულსა ფეთაისასა“
- იმავე კედელზე, პირველი წარწერის მარცხნივ, დასავლეთით ქვაზე მრგვლოვანი ასომთავრულით:
„უფალო, განუსვენე სულსა შვილაჲსა“.
- იმავე კედელზე სარკმლის ქვევით მდებარე ქვაზე ზევითა ნაწილში არის ასომთავრული წარწერა, ქვევითა ნაწილი კი შემკულია ფოთლისა თუ ყვავილის სახის ჩუქურთმით. სწორედ ამავე წარწერის გაგრძელებაა დასავლეთი კარის მარცხნივ მდებარე ქვა, რომელიც დაცილებული და გადატანილი უნდა იყოს თავისი პირვანდელი ადგილიდან ეკლესიის განახლების დროს.
- წმიდანო მთავარანგელოზნო, შეიწყალე[თ მონა] თქვენი თედორე“.
- დასავლეთ კედელზე სამხრეთის კუთხისაკენ ქვაზე ასომთავრულით:
„წმიდაო მთავარანგელოზო კვიტაი შეიწყალე“
- სამწირველოს სამხრეთ კედელზე სახურავთან ახლოს ქვაზე ასომთავრულად:
„წმიდანო მთავარანგელოზნო, ადიდეთ მადიდებელი თქვენი“.
პირველი, მე-2 და მე-3 და მე-5 ნომრით აღწერილი წარწერები ერთი ხელით არის ნაწერი.
- იმავე კედელზე, სარკმლის მარცხნივ მდებარე ქვაზე ნუსხურად:
- სახელითა ღმრთისაითა, მე, კვრიკე, ჩემითა კალატოზობითა შევსწირე ამას ეკლესიასა კე
დრამაი“,
ზემოთმოყვანილი ყველა წარწერა (1-6) პალეოგრაფიული თვალსაზრისით ეკუთვნის X-XI საუკუნეებს
- იმავე კედელზე სარკმლის მარცხნივვე არის ნუსხური წარწერა ორ ქვაზე (პირველზე 2 სტრიქონი, მეორეზე დანარჩენი), ნაწერი წვრილად ოდნავი ჩაღრმავებით:
„ქ. სახელითა ღმრთისაითა, ესე ჴელი დავწერეთ ჩუენ, კრიხმან სოფელმან: ვინცა ნაწირავი გაჰჴუთოს საბერო და წილი საღმრთო და სალაპირო არა მისცეთ. კრულია ღმრთისა პირითა ვინცა მის[ცეს].”
წარწერა პალეოგრაფიულად ეკუთვნის XI ს. იგი წარმოადგენს პირობის ხელწერილს, დადებულს ხალხის მიერ; ის მეტისმეტად ძვირფასი ძეგლია; სამწუხაროდ ორი ადგილის გამოუცნობელობა ხელს უშლის მისი შინაარსის სრულ გამორკვევას. აქ აღვნიშნავ მხოლოდ ერთს: საყურადღებოა, რომ წარწერაში პირობის ხელწერილის აღსანიშნავად სწორედ იგივე ტერმინი – „ჴელი“-ა ნახმარი, რომელიც ჩემ მიერვე 1924 წელს სოფ. მეჯვრისხევში აღმოჩენილი რამინისა და გიორგის ხელწერილში 923-926 წლისა.
- მე-7 წარწერის ქვევით იმავე (მეთრე) ქვაზე არის მხედრული წარწერა სამ სტრიქონად, რომელიც წვრილად არის ნაწერი, გადასულია და არ იკითხება.
- მე-7-8 წარწერების მარცხნივ ქვაზე არის მინაწერი ხუცურად „წმიდაო“.
- იქვე, აღმოსავლეთის კუთხესთან ორ, ერთმანეთის გვერდით მდებარე ქვაზე არის ხუცური წარწერა ოთხ სტრიქონად, რომელიც არ იკითხება. იგი ჯერ ერთი, მეტისმეტად წვრილად და ოდნავი ჩაღრმავებით არის ნაწერი, მეორეც მას სჭრის ქვის კვეთისგან დაჩნეული ირიბად მიმავალი ხაზები.
- სამწირველოს აღმოსავლეთ კედელზე არის მინაწერი ასომთავრულად: „წნო მთვრ“ (წმინდანო მთავარნო).
- კარიბჭის დასავლეთ-სამხრეთ კუთხეში დასავლეთის მხრიდან არის მინაწერი ხუცურად: „საუსა გიორგის“ (სულსა? გიორგისასა).
- თვით ეკლესიის სამხრეთი სარკმლის მარჯვნივ თავდაყირა დადებულ ქვაზე არის რაღაც ნიშნები.
შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შენახულია მაღლა ნაწილში, ძირა ნაწილი კი, დაზიანებისა გამო, ნაწილობრივ შეთეთრებულია კირით. წარწერები მხატვრობას საზოგადოდ ასომთავრულად აქვს, გარდა ჩრდილო კედელზე დახატული მთავარანგელოზისა და მესამე და მეოთხე დიდებულებისა, რომელთაც ხუცურად აწერიათ.
საკურთხეველის კონქში დახატულია ვედრება. მაცხოვოვარს მარცხენა ხელში უჭრავს გაშლილი წიგნი, დაწერილი ასომთავრულად. პირველ რიგში – მღვდელმთავრები, მდგომარენი, დაზიანებული, მარჯვნივ 3, მარცხნივ 3, სულ 6. ტრიუმფალური კამარის თავზე დახატულია ხარება. თვით კამარაზე გამოყვანილია ძვირფასი სახეები. საკურთხევლის გვერდების აღმოსავლეთ კედელზე, პირველ წიგნში – წმინდანები, მდგომარენი, დაზიანებულნი: მარჯვნივ 1, მარცხნივ 3, სულ 4. II რიგში წმიდანები, მდგომარენი: მარჯვნივ წმ. ეკატირინე და წმ. ბარბარე, მარცხნივ რომელიღაც წმიდანი, დაზიანებული წმ. მარინა.
თაღი: ჩრდილოეთ მხარეს დახატულია ამაღლება და ნათლისღება, უკანასკნელი ძლიერ დაზიანებულია; სამხრეთ მხარეს – შობა ქრისტესი და ფერისცვალება, ორივე დაზიანებული.
ჩრდილოეთი კედელი; პირველ რიგში დახატულია ანგელოზები, მხრებამდე; II რიგში – ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა (გადადის კუთხეზე აღმოსავლეთით) და ჯვარცმა.
სამხრეთი კედელი: პირველ რიგში – ორი წმინდანი, მხრებამდე; II რიგში –- წმინდანები: კედელზე 2, სარკმელში 2, სულ 4. დასავლეთი ნაწილი დაზიანებულია.
საეკლესიო შინაარსის მხატვრობის გარდა არის კიდევ სხვა პირთა სურათებიც, სახელდობრ:
1. ჩრდილო კედლის II რიგში, საკურთხევლის ახლოს დახატულია მთავარანგელოზი, მდგომარე, პირით დასავლეთისაკენ. მის მარჯვნივ დგას ოთხი დიდებული (ორი მის მახლობლად და ორი პილასტრის დასავლეთით). პირით აღმოსავლეთისაკენ და ხელგაპყრობით მისკენ (მთავარანგელოზისაკენ). პირველს აწერია ასომთავრულად: „ესე არს...“; მას ხელში ეკლესიის მოდელი უნდა სჭეროდა, მაგრამ სწორედ ეს ადგილი დღეს დაზიანებულია, ამ (პირველ) დიდებულსა და მთავარანგელოზს შუა (ხელებთან) ყოფილა ხუცური წარწერა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია: |[მთავ]არ| [ანგ] ელო |-| ზო| .. აილოდ:--; მათსავე ფეხებთან არის ხუცური წარწერა:
„[მო] იხატა წმიდაი ესე ეკლესიაი დეკანოზობასა გიორგი კორცანაისძისას, ასისთვობასა იოანე ლომაისძისასა და იოანე დევისძისასა; შეიწყალენ წმიდანო მთავარანგელოზ[ნო]. ამისა მოხა[ტვ]ისა ჩუ...“
მეორე დიდებულს აწერია ასომთავრულად: „ესე არს ვაჩიანი“, მესამეს ნუსხურად: „ესე არს მოგ აი“. მეოთხეს ნუსხური წარწერიდან შერჩენია მხოლოდ ორი ასო:.. „და“
2. სამხრეთ კედელზე საკურთხეველთან ახლოს დახატულია ორი საერო პირი: ისინი პირით დასავლეთისაკენ არიან მიქცეული; შენახულან მარტო წელზევით, დანარჩენი მოცილებული აქვთ; წარწერებიც არ შერჩენიათ. მხატვრობა ეკუთვნის XI საუკუნეს.
სიძველენი:
ეკლესიის სიძველეთათვის ზემოხსენებული რუსეთის ელჩები წერენ: „ეკლესიაში ხატები სამკაულებიანია; წმინდანის სახე და სამოსი და ხატის აშიები ნაჭედია კერცხლზე და დაფერილია ოქროს წყალში, ხოლო შარავანდედები ადგილობრივ ხატებს ოქროსი აქვს, შემკული მინანქრით“ (ტოლოჩ. 122--133). დღეს ხსენებული ვერცხლზე ნაჭედი და ოქროცურვებული ხატების მინანქრიანი ოქროს შარავანდედები სულ აღარსად ჩანს, ხოლო თვით ხატებიდან დარჩენილია ნაშთი, სახელდობრ:
1. (ქ. 1882). ფიცარზე ნახატი მიქელ მთავარანგელოზის ხატი, შეჭედილი ვერცხლით, 91X72 სმ (მაქსიმუმი ზომით), მხატვრობა მოცილებული, ნახევრად დამწვარი, დამტვრეული; ვერცხლის შემკულობა ბევრ ადგილს აგლეჯილი, დაკარგული აქვს; შერჩენია 6 თვალი, დანარჩენი აკლია. მთავარანგელოზს თავზე აქვს ასომთავრული წარწერა: „მ ქ ლ.: | მთ რნ | გლზ|ი.:,“ ანუ მიქელ მთავარანგელოზი.
2. (ქ. 1883) ვერცხლზე ნაჭედი ჩვილედი ღვთისმშობლის ხატი გადაკრული ფიცარზე, 27X23 სმ. ფიცარი და თვით ხატიც ძლიერ დაზიანებულია; ვერცხლის ფურცელი ბევრ ადგილას აგლეჯილი და დაკარგული აქვს, შერჩენია 4 თვალი, დანარჩენი აკლია.
3. (ქ. 1884, 1885), წმ. გიორგის ხატები, ბრპენისა, 14,5X9 სმ, 2 ცალი, წმ. გიორგი მჯდომარეა ცხენზე, შუბით ვეშაპს გმირავს, ხატი შემკულია ბერძნულ-სომხური ასომთავრული წარწერებით; ბერძნული წარწერა მოთავსებულია ხატის ზევითა ნაწილში, სომხური ძირა ნაწილში (ა) და მარჯვენა მხარეს (ბ).“
ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის