ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ლეჩხუმში, ხვამლი მთის წვერზე. ხვამლი მთის შესახებ უამრავი ლეგენდა და თქმულება არსებობს, რაც გარკვეული მისტიკურობას სძენს იქაურობას. ხვამლის მთიდან იშლება ლეჩხუმის საუკეთესო ხედები. წმინდა გიორგის ეკლესიის, დღევანდელი ნაგებობა აშენებულია 1910 წელს, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, ხოლო რაც შეეხება ძველ ეკლესიას დაახლოებით XII-XIII საუკუნეების უნდა ყოფილიყო, ამას მოწმობს ტაძრის მშენებლობისას ნაპოვნი ქვა ასომთავრული წარწერით: „წმინდაო გიორგი მეოხ და მფარველ ექმენ ერისთავთერისთავსა ენს (ეოანეს? ელარიონს?) სულითა და შვილთა მისთა“. აღნიშნული ქვა ამჟამად ქუთაისის მუზეუმში ინახება.

დღევანდელი ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით ხუთწახნაგა აფსიდით სრულდება. ძირითადად ნაგებია კირქვისა და შირიმის ქვით, დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. დარბაზი საკურთხევლისა და დასავლეთის სარკმლებით ნათდება. გადახურულია თუნუქით.

ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია დეტალურად აქვს აღწერილი გიორგი ბოჭორიძეს. მისი გადმოცემით ეკლესიაში კიდევ ერთი წარწერიანი ქვა ყოფილა, რომელიც ახლად აშენების დროს კალატოზს ოთხ ნაწილად გაუტეხავს და ნატეხები თითოელ კუთხეში ჩაუდია. დასავლეთ-ჩრდილოეთის და დასავლეთ-სამხრეთის კუთხეებში გიორგი ბოჭორიძეს დაფიქსირებული აქვს წარწერის ნაშთები, თუმცა დანარჩენ ორ კუთხეში წარწერა უკვე აღარ ჩანდა. დასავლეთ-ჩრდილოეთ კუთხეში მდებარე ქვაზე:

                                                           Ⴑ
                                                                 ႰႤႸႠႸ

დასავლეთ-სამხრეთ კუთხეში: ႣႠ

                                                             Ლ.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის