სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი
galerea
aRwera
ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, დაბა ახალი ათონი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: ეკლესია.
ისტორიულ - არქიტექტურული აღწერა: წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს.
ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების თანახმად, იესო ქრისტეს მოწაფეებმა წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. ანდრია პირველწოდებულმა ახ.წ. I საუკუნეში პირველებმა იქადაგეს ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც.
წმინდა მამათა გადმოცემით, ახ. წ. აღ-ით 55 წელს მოციქული წმ. სვიმონ კანანელი წარმართებმა ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს. (ნიკოფსია – ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის მხარე).
IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. მომდევნო საუკუნეებში აქ თეთრი თლილი ქვისგან ააშენეს ტაძარი, რომელსაც რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, მათ შორის, XIX-ის 80-იან წლებში. დღეისათვის ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების - თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებები.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
დამატებითი მასალები.
ანაკოფიის წმინდა სიმონ კანანელის სახელობის ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ანაკოფია-ფსირცხის ტერიტორიაზე, ზღვიდან ნახევარ კილომეტრში, მდინარე ,,ფსირცხას“ ვიწრო ხეობში. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. ანაკოფიის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა სტოათი და ეკვდერებით.
,,იგი ნაშენია თეთრი თლილი ქვით. გარეთა ფასადის მხრივ ტაძრის მოცულობა ჩასმულია საერთო მართკუთხედში, მხოლოდ აღმოსავლეთით, კერძოდ საკურთხევლის მხრიდან, აქვს სამ აფსიდიანი კედელი. კუთხოვანი აფსიდები გარედან ნახევრად-წრიულია, ხოლო შუა, ცენტრალური აფსიდა ხუთწახნაგოვანი.
გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგარ ბურჯს, რომელთაც ჯვრისებრი ფორმა აქვთ. შიდა ინტერიერი ტაძრისა შელესილია, თუმცა შელესილობის ქვეშ იგრძნობა ძველი კედლების ფორმები. ტაძრის მთავარი ნალისებური ფორმის აფსიდა უერთდება გვერდითა ნალის ფორმის მქონე აფსიდებს. საკურთხევლის გვერდითი სივრცეები იხსნებიან მთავარი დარბაზის სივრცეში.
სიმეტრიულ და მშვიდ სივრცეში შედის სამი კარი. დასავლეთის კარი, რომელიც გადის სტოაში და სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები, რომლებიც ოდნავ დასავლეთით არის ამოჭრილი“.
აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაკვირვებით, სიმონ კანანელის ეკლესიის ,,აფსიდებს მკაფიოდ გამოსახული ნალისებური მოხაზულობა აქვს, რაც დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ტაძარი ნაშენია თლილი ქვით, წყობის რიგები თანაბარია, წესიერი, ჰორიზონტალური, მაგრამ ქვები უშუალოდ არ ეხება ერთმანეთს“.
XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი დიმიტრი ბაქრაძე წმინდა სიმონ კანანელის ეკლესიის შესახებ აღნიშნავს: ,,ფსირცხის სანაპიროზე დგას ძველი ეკლესია, რომელიც მთლიანად გადარჩენილია, ჩამონგრეული აქვს მხოლოდ გუმბათი. ეკლესია დიდი არ არის. სამხრეთის კედელზე ჯერ კიდევ შემონახული იყო ნახევრად წაშლილი მაცხოვრის სახე. დასავლეთ კედელზე იყო ღვთისმშობლისა და ორი მოწამის სახე. ანაკოფია იყო ძველად საეკლესიო კათედრა, ცხომის (ცხუმის) კათედრის სახელწოდებით. გაერთიანებული საქართელოს 40 საეპისკოპოსოთა შორის სიით მას ეკავა 25-ე ადგილი და მეფის კურთხევის დროს მისი ეპისკოპოსი დგებოდა ბედიის ეპისკოპოსზე უფრო მაღლა“. (3.151).
,,1882 წელს ამოყვანილი გუმბათი ეფუძნება ოთხ ჯვრის ფორმის საყრდენს. ბზიფისგან განსხვავებით ანაკოფიის ტაძარს დასავლეთით ნარტექსი გააჩნია, რომელიც გამბრჯენი თაღების და დასავლეთი კედლის პილასტრების მეშვეობით სამ ნაწილად არის და ნაწევრებული. მასში კარი სამი, ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან არის გაჭრილი. ტაძარს კი დევ აქვს გრძივი ფასადების ცენტრში არსებული შესასვლელები. ნა გე ბობის ექსტერიერის ხასიათს აყალიბებს თლილი ქვის თანაბარ ზომიერი წყობა, ასე ვე მაღალ ყელიანი გუმბათის და კორპუ სის პროპორციული დამოკიდებულება. დეკორატი ულ აქცენტს ქმნის აღმოსავლეთი სარკმლების თავსართი“.
,,არანაკლებ, იქნებ კიდევ მეტადაც იყოს მნიშვნელოვანი ეკლესიების კიდევ ერთი, უკვე არა მარტო ტიპოლოგიით , დროითაც ურთიერთდაკავშირებული ჯგუფი. ესენი გახლავთ ბზიფის ციხის, ანაკოფიის წმ. სიმონ კანანელის , ლიხნე -ზუფუსა და მოქვის ტაძრები. ოთხივე ,,ჩაწერილი ჯვრის“ გეგმითაა აგებული და წარმოადგენს გუმბათიან ნაგებობას მოფარგლულს გარე კედლების სწორკუთხედით და შუაში თავისუფლად მდგომ (,, ჩვენ“ ტაძრებში -ოთხ ) ბურჯზე დამყარებული გუმბათით. ყველა თლილი ქვითაა ნაშენი, ყველას სამნაწილიანი საკურთხეველი აქვს დასავლეთით საკურთხეველი გარეთკენ სამი შვერილი აფსიდით გამოდის (ანაკოფიასა და მოქვში ისინი ამჟამად მთლიანად განადგურებულია). ამ ჯგუფის ტაძართა დაცულობა სხვადასხვანაირია. ყველაზე მეტად ბზიფის ეკლესიაა დანგრეული - მორღვეულია მისი ზედა ნაწილები, დაკარგულია პერანგის დიდი ნაწილი და ა.შ. ანაკოფიის ეკლესია ერთი შეხედვით, სულ მთელია, ნამდვილად კი 1882 წელს საფუძვლიანად განახლებული - იმ დროისაა გუმბათიცა და გარე პერანგის დიდი ნაწილიც, რაც გარკვეულ ზომაზე ამახინჯებს შენობას,თუმცა შემკეთებლები ცდიან წინანდელი ფორმები გაემეორებინათ (მაგალითად, საკურთხევლის სარკმელთა თავსართების პროფილები და მოსართავები-თავისებური ჯვრები); მაშინვე მოუნგრევიათ დაზიანებული ბჭეებიც. XIX საუკუნის, უფრო სწორად 1850-იანი წლების შეკეთებამ ძლიერ შეუცვალა იერი მოქვის ტაძარსაც -აქ პორტიკებიც მოშალეს და მთლიანად გამოცვალეს გარე პერანგი, რამაც არსებითად დაამცრო მისი გამომსახველობა (მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი დანაწევრება თითქოს აქაცაა წაბაძული); შიგნით ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევია - ახლად მხოლოდ დასავლეთი ნაწილის გადახურვებია ამოყვანილი და შეცვლილია ნართექსიდან საკუთრივ ტაძარში შემოსასვლელი - წინათ აქ ერთი კი არა, სამი თაღი ყოფილა; შესაძლებელია გუმბათიც ახალი ანაგები იყოს - თუ ასეა, ის ზედმიწევნით მისდევს ძველს, რაშიც აღდგენამდელი XIX საუკუნის ანაზომები გვარწმუნებს.“. (5.199-200).
,,1882 წელს განახლებულ იქმნა ანაკოფიის ძველი ტაძარი წმ. მოციქულის სიმონ კანანელისა. ამ ტაძარში, როგორც ზეპირგადმოცემა მოგვითხრობს, არის დასაფლავებული გვამი ამავე მოციქულისა. თუმცა ამ საუკუნის დასაწყისში ქრისტეს სარწმუნოება მეტად დაზუსტდა აფაზეთში, განსაკუთრებით როცა პიწუნდის ღვთისმშობლის ხატი პიწუნდიდან გაასვენებულ იქმნა გელათის მონასტერში მეჩვიდმეტე საუკუნის ნაევარში, მაგრამ ხალხი მაინც დიდ პატივს ამ ტაძარს, სადაც განისვენებდა ნაწილნი მოციქულისა. ყოველ წყალობით მრავალი მლოცველი მოდიოდა ამ ტაძარში მოციქულის წმ. ნაშთთა თაყვანისაცემლად. მაგრამ დროთა ვითარებისა გამო ეს ტაძარი წარმოადგენდა ნანგრევებს, რასაც ამტკიცებს ა.ნ. მურავიევის აღწერილობა ამა ტაძრისა 1840 წელს.
,,ჩვენ გამოვედით ზღვის ნაპირას, ამბობს მურავიევი, რომ დაგვეთვალიერებია ტაძარი, რომელშიაც ხალხის სიტყვით, განისვენებს წმ. მოციქულის გვამი, მაგრამ დიდხანს ვეძებეთ ეს ტაძარი ნიკოფსიის ნანგრევებს შორის. ადგილობრივ მკვიდრთა ენა არ ვიცოდით, ვინმესთვის რომ გვეკითხა, თუ სად მდებარეობდა ეს ტაძარი. ბოლოს ვიფიქრეთ, რომ ტაძარი ალბათ მთის ციხეში იქნებოდა და გავსწიეთ იქით, მაგრამ ამ დროს გამოგვიჩნდა ერთი კაცი, რომელმაც აღგვითქვა ამ ტაძრის ჩვენება და უკავნე დაგვაბრუნა. გაგვარონინა ნიკოფსიის ნანგრევები, გაგვიყვანა ქალაქის გალავანის იქით ერთ მინდორზე, რომელიც სავსე იყო ნანგრევებით და რომლის შუაში იდგა მშვენიერი ტაძარი, რომელსაც ჩანგრეული ჰქონდა სახურავი, ამ ტაძრის დასავლეთი ეგუტერი გავსებული იყო ქვებით და დაფარული მცენარეებით. სამრეთის ეგუტერის ზემოთ კიდევ მოსჩანდა მაცხოვრის ნახატი. ტაძარი აშენებულია ბიზანტიურ სტილზე. კედლები ტაძრისა მეტად თხელია და ნაშენია რომაულ აგურისაგან. ტაძრის თაღი დაშვებულია მორჩილა სვეტებზე. მხატვრობა უკვე წაშლილა, მაგრამ დასავლეთი მხრით კედელზე კიდევ მოჩანს: მიძინება ღვთისმშობლისა და ორი მოწამე. მოციქულის სასაფლაო არსად ჩანს, მაგრამ რადგან ძველი ჩვეულებისამებრ, წმ. ნაწილებს ასაფლავებდნენ ტრაპეზის ქვემოთ, მე ვილოცე იმ ადგილს ზემოდ, სადაც ტრაპეზი იყო“. (6.112-113).
სიმონ კანანელის ეკლესიის ისტორიას და იმდროინდელ ყოფას ეხმიანება ჟურნალ ,,მწყემსის“ კორესპოდენცია.
,,როცა ეს ტაძარი უკანასკნელად განაახლეს, იმ ადგილს, სადაც ტრაპეზია, ნახეს მანეთი ალექსი კომნენის დროისა; აქედამა სჩანს, რომ ეს ტაძარი უკანასკნელად განუახლებიათ აფხაზეთ-იმერეთის მეფის დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (1089-1125 წწ.) მეთორმეტე საუკუნეში. ძველი მხატვრობისგან დარჩენილა ტაძარში: ჩრდილოეთის კედელზე განახლებული მოხატულობა წმ. მოწამისა. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მოხატულობა არის დიდი მოწამის გიორგისა, რომელიც ძლიერ ჰგავს იმ გამოხატულებას, რომელიც იმექონება ერთ სასწაულთმოქმედ ხატზე ათონის ზოგრაფის მონასტერში, სადაც ეს მოწამე დახატულია ზეზედ მდგომარე და არა ცხენზე მჯდომი. კედლები შეთეთრებულია. კანკელი ახალია. დასავლეთის ეგვტერზე დაშენებულია სამრეკლო. სასურველია, რომ ჩამონგრეული დერეფნები ხელახლად შეკეთდეს. ეგუტერის ჩრდილოეთ ნაწილში სჩანს სასაფლაო, რომელშიაც არის რამდენიმე თავის ქალა და ძვლები. აქვე უნდა შვნიშნოთ, რომ ამ ტაძარში, ანუ მის მახლობლად, იყო დასაფლავებული ბატონისშვილი დიმიტრი, ძმა აფხაზთ-იმერეთის მეფის გიორგისა (1014-1027), რომელიც სასტიკად ეომებოდა თავის ძმას ტახტისათვის და რომელიც, როგორც ვიცით, გარდაიცვალა ნიკოპსიაში. სამხრეთ შესასვლელ კარებში კარის ნალის მაგიერ ძევს დიდი მოგრძო ქვა (ალბათ უწინდელი სასაფლაოს ფიქალი, რომელზედაც შუაგულში ამოჭრილია სიმრგვალე, რომელშიდაც არის ოთხ-თავიანი ჯვარი ჩვეულებრივი ბერძნული სიტყვებით; სიმრგაველეს გარშემო ყველა კუთხით არის სამ-სამი ბერძნული ასო. ამ ასოებით დაწერილია; ,,ღვთისა დედაო! აცხოვნე წმინდა გიორგი მიტროპოლიტი ცხემსკისა (სუხუმისა). ასე იწოდებოდნენ ეპისკოპოსები, რომელთა საკათედრო ტაძრად იყო წმინდა მოციქულის სიმონ კანანელის ეკკლესია). ალბად ეს სასაფლაოს ქვა, ტაძრის განახლებამდე მეშვიდე საუკუნის პირველ მეოთხედში იყო დადებული ცხომის ტაძრის რომელიმე ეპისკოპოსის საფლავზედ. საკურთხევლის კედლის ერთ ქვაზე იმექონება წარწერა ბერძნულ ენაზე. ეჭვი არ არის, რომ ეს ქვაც, სასაფლაოს ქვა უნდა იყოს.