წარჩეს ციხე


galerea



aRwera

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკა, გალის მუნიციპალიტეტი, სოფელი წარჩე.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ციხე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: სოფელ წარჩესთან, მთის ქედზე დგას ციხე რომლის კედლები თითქმის დანგრეულია. ციხის გალავანი ქედის  რელიეფს მიჰყვება, ამიტომ მისი გეგმა უწესო ფორმის ელიფსურია. როგორც ირკვევა, სამხრეთის მხარეზე გალავანი კლდის ზოლს მიჰყვებოდა და ბევრგან ძირი გამოცლია და ჩანგრეულა. თითქმის ისევეა აღმოსავლეთით. ერთადერთი ჩრდილოეთის რკალია 7-8 მეტრის სიმაღლეზე შერჩენილი. შუაში ქვის ვიწრო კიბეა, გალავანზე გამავალ საბრძოლო ბილიკზე ასასვლელად. ორ მეტრამდე სისქის კედელზე მეციხოვნეთა სასიარულო ბილიკია გაყვანილი, სადაც ორი ადამიანი თავისუფლად აუვლიდა ერთმანეთს გვერდს.

 ციხის ორივე ბოლო ძლიერ დარღვეულია, ამიტომ ფორმებზე გარკვეული წარმოდგენა არა გვაქვს. აღმოსავლეთის ბოლოში რაღაც სათავსი აშკარად მდგარა, მაგრამ კოშკი იყო თუ სხვა რამ ნაგებობა ამ ადგილის გაწმენდამდე ვერაფერს ვიტყვით.

 ციხის დასავლეთის ბოლოში ნანგრევის დიდი მასაა შერჩენილი, მაგრამ დაზიანების გამო, აქაც გაურკვევლობაა. ციხის ამ წვეტში დიდი მასაა, რომლის ზემოთ, 6-7 მეტრის სიმაღლეზე, დადგმულია ტრაპეციული გეგმის მქონე კოშკის მაგვარი ნაგებობა, ამჟამად მისი ქვედა ნაწილია შერჩენილი.

არის კიდევ ერთი დეტალი, ესაა წყლის აუზი, რომელიც მდებარეობს ეზოს სამხრეთ -აღმოსავლეთის მონაკვეთში. იგი თითქმის ამოვსებულია. მისი კედლები კარგად, მკვრივად არის შელესილი.

მართალია, ციხე დაზიანებულია, მაგრამ ყველა მისი დეტალი იმაზე მეტყველებს, რომ იგი ადრეულია და ძველ ციხეთა ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

 

წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.