შაორის ციხე


galerea



aRwera

შაორის ციკლოპური კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსი გაშენებულია ჯავახეთის პლატოზე, ფარავნის ტბის პირას, სოფ. ტამბოვკის ჩრდილო - დასავლეთით. 2775 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ეს კომპლექსი არქეოლოგიურად შესწავლილი არ არის. 1997 წელს განხორციელდა ძეგლს სრული გეოდეზიური და არქიტექტურული აზომვა. სიმაგრეს სახელწოდება მიეცა მთის მიხედვით, რომელზეც აგებულია კომპლექსი. ვახუშტი ბაგრატიონის აღწერის მიხედვით ფარავნის ტბას ერთვის წყარო შაორისა, მდინარად გამომდინარე კლდიდამ და სავსე არს კალმახითა, ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანისა ლოდითა ნაშენი“. შაორის კომპლექსი მკვლევართა ყურადღებას დიდი ხანია იქცევს. ვახუშტი ბაგრატიონის შემდეგ შაორის ციხე -სიმაგრის შესახებ პირველ ინფორმაციას ე. ლალაიანი იძლევა, რომელმაც 1895 წელს მოინახულა ეს კომპლექსი. ამ „ნაციხარ ნაქალაქევს“. 1898 წელს გაკვრით იხსენებს ვ. გულისაშვილი გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. იმავე წელს დაწვრილებით აღწერა ი. როსტომაშვილმა. კომპლექსის შესახებ ვრცელი ინფორმაციას გვაწვდის ლ. მელიქსეთ - ბეგი 1938 წელს საქართველოს მეგალითური ძეგლების შესახებ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში. შაორის ციხის მოკლე აღწერა დ. ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა რამდენჯერმე. 1997 - 2002 წლებში შაორის ციხე-სიმაგრეზე და მთის ძირში არქეოლოგიური სამუშაოები თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა. ი. როსტომაშვილის აღწერით:

Гора Кор-оглы настолко крута и остроконечна, что подняться на вершину ее верхом нет никакой возможности и с половины горы приходится оставлять лошадей на склоне, а самим подняться пешком. Но замечательно, что выше, на самой горе доныне сохранилась в целости искусно сделанная дорога, шириной в четыре аршина, вся ровно устланная плитневыми камнями; она ведет до самой вершины, и так и кажется, что по ней поднимались до самой крепости в экипажах.

ლ. მელიქსეთ-ბეგი აღნიშნავს, რომ: „ეს სადგომი შესდგება ორი ძირითადი კომპლექსისაგან, რომლებიც მდებარეობენ ერთსადაიმავე მთის ორ მწვერვალზე: მათგან ერთი, შედარებით გრანდიოზული, მაღალზეა; ხოლო მეორე, მცირე, დაბალზე“. ლ. მელიქსეთ-ბეგი ეთანხმება ი. როსტომაშვილის განმარტებას, რომ ქოროღლის ციხე იგივე ვახუშტის გეოგრაფიის შაორის ციხე უნდა იყოს და შემდეგ ისევ ი. როსტომაშვილის ციტატა მოჰყავს:

Крепость Кор-оглы окружена была домиками, как и Абульская; следы поселения видны и теперь, в виде множества домиков, или лучше логовищ, сложенных из плитневых камней, без глины, и имеющихся здесь же под рукой в изобилии; домики покрыты теми же плитами, огромных размеров. Крепость построена на самой вершине горы и имеет внутри 40 шагов длины. Высота стены достигает до 2-х и более саженей, а толщина 5-6 аршин. Внутри, кругом всей крепости у самой стены, до сих пор сохранилось до сорока помещений и столко же на сих последних, а всего около 80. Помещений в обоих этажах сохранилось в целости только несколько, а остальные разрушились. Длина, или что же глубина сих помещений достигает до 4-х аршин, а ширина до 2-3-х аршин. Каждое из этих помещений имеет особый вход с площади крепости, но есть и такие, которые имеют ходы и из одного помещения в другое.

ლ. მელიქსეთ - ბეგის აღწერის მიხედვით „თვით ციხე-სიმაგრე (ზედა) კომპლექსისა არსებითად ექვსწახნაგოვანი გეგმისაა, რომელთაგან დაცულია აღმოსავლეთის, ჩრდილო -აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლები, დანარჩენი კი, ან ნახევრად დანგრეულია (სამხრეთ-აღმოსავლეთის), ანდა სრულად განადგურებულია (ჩრდილო - დასავლეთის).

ციხე - სიმაგრე შიგნით ამჟამად ქაოსს წარმოადგენს: სავსებით ანუ ნახევრად ჩამონგრეული ერთ ან ორსართულიანი ბინები ისეა დაგროვებული, რომ მათი ფიქსირება გეგმაზე შეუძლებელი იყო. შედარებით კარგადაა შემონახული შესასვლელი კარი აღმოსავლეთ კედელში, რომლითაც ქვევიდან ზევით ზიგზაგებით მიმავალი ქვაფენილი გზა თავდება, ხოლო გზის პირას, მარჯვნივ მონოლით - ობელისკი დგას, რომელიც ოთხწახნაგოვან და წვეტთავა ძეგლად მოსჩანს. თვით გზა კი „უნიცუმ“-ს წარმოადგენს...“.

 შაორის კომპლექსი ორი ნაწილისგან შედგება და მთის ორ, მაღალ და დაბალ წვერზეა გაშენებული. ცენტრალური, ძირითადი ნაწილი მთის ყველაზე მაღალ წერტილზეა განლაგებული. იგი წარმოადგენს არაწესიერი ოთხკუთხედის ფორმის, მძლავრი კედლით შემოზღუდულ ადგილს (შიდა ფართობი 28 მეტრი * 36 მეტრზეა). კედლები ნაგებია ადგილობრივი (შაორის მთა წარმოადგენს ბაზალტის ქანებისგან შედგენილ მასივს) ბაზალტის ფიქალისაგან, მშრალად. კედლის სიგანე ქვედა ნაწილში 3.0 - 4.5 მეტრს უდრის, ზედა ნაწილში 1.0 - 2.0 მეტრს, რომელიც მთელ პერიმეტრზე მონგრეულია. კედლის შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 5.0 მეტრია. შიდა სივრცის უდიდესი სიგრძე ჩრდილოეთ - სამხრეთის ხაზზე 49 მეტრია, აღმოსავლეთ - დასავლეთის ხაზზე - 40 მეტრი. კედელზე, შიდა მხრიდან, მთელ პერიმეტრზე მიდგმულია მცირე ზომის სენაკები, რომლებიც ერთ ან ორ სართულად ყოფილა განლაგებული. მეორე სართული მხოლოდ სიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილშია შემორჩენილი. სიმაგრეში დღეისათვის 31 სენაკი აღირიცხება. პირველი სართულის სენაკები ბაზალტის ბრტყელი ფილებითაა გადახურული, რაც თავისთავად მეორე სართულის სენაკების იატაკი იყო, ნაწილობრივ კი ეზოს წარმოადგენდა. მეორე სართულის სენაკების თავზე ვიწრო ბილიკია, სიმაგრის შიდა პერიმეტრზე გარსშემოსავლელი ბილიკია დატოვებული. ამ ბილიკზე ასასვლელი კიბე დღეისათვის მხოლოდ # 5 - 7 სენაკების თავზეა შემორჩენილი. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი კიბე სიმაგრის სხვა მონაკვეთებშიც იყო. სიმაგრეს ერთი, 1.0 მეტრის სიგანის შემოსასვლელი აქვს აღმოსავლეთის მხრიდან. მისი სიმაღლე 1.3 მეტრს უდრის. შესასვლელს უშუალოდ ებჯინება ბაზალტის დიდი ფილებით მოგებული გზა, რომელიც შაორის მთის ორ მწვერვალს შორის არსებული ტაფობიდან იწყება. გზის დასაწყისი და ზედა კომპლექსის შესასვლელი აღმოსავლეთითაა მიმართული. გზა ბაზალტის დიდი ლოდებითაა მოგებული. მისი ზედაპირი ადგილ-ადგილ სწორია, ზოგან კი საფეხურებია შექმნილი. გზის გასწვრივ სამი მოედანია გამართული. გზაზე და მოედნებზე მენჰირები ყოფილა აღმართული (შემორჩენილია სამი). გზა ქვედა ციხის სიახლოვეს იწყება და დასავლეთით სერპანტინისებურად მიემართება, ცენტრალური კომპლექსის კარიბჭეს აღმოსავლეთიდან ადგება. მისი სიგრძე 310 - 315 მეტრია, სიგანე 2.0 - 4.5 მეტრს შორის მერყეობს. გზის დასაწყისში, ტაფობთან, მის ორივე მხარეს მცირე ზომის სენაკებია გამართული. გზის ორივე მხარეს სამი მოედანია გამართული. პირველი მოედანი გზის მეორე მკვეთრი მოსახვევის სამხრეთით მდებარეობს და გზასთან ვიწრო შესასვლელითაა დაკავშირებული. მოედნის ნაპირები ქვის ყორეებითაა გამაგრებული. იატაკზე, ადგილ -ადგილ, ქვის ფილებია შემორჩენილი. მეორე მოედანი გზის მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთითაა გამართული. მოედანი ვიწრო შესასვლელითაა გზასთან დაკავშირებული. მისი სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 5-10 მეტრი. აღმოსავლეთი კედლის გასწვრივ, 2-3 მეტრის სიგანეზე, იატაკი ბაზალტის ფილებითაა მოგებული. მოედნის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში, კედელთან დგას 2.3 მეტრის სიმაღლის მენჰირი. იგი დღეისათვის გადახრილია და თითქმის იატაკზე დევს. მეორე მოედნიდან გზა მახვილი კუთხით უხვევს და საფეხურებად ადის მაღლა. გზის ეს მონაკვეთი ყველაზე რთული ადგილია. აქ იგი შედარებით ვიწროვდება და ციცაბო მოსახვევს აკეთებს. შემდეგ გზა სწორდება და დახრაც აღარ არის მკვეთრი. ამ ადგილთან ახლოს გზის მარცხენა მხარეს, 2.9 მეტრის სიმაღლის მენჰირი მდგარა, რომელიც ამჟამად წაქცეულია. ცენტრალური კოპლექსის ჩრდილო - აღმოსავლეთით, გზის მარჯვენა მხარეს ერთი მცირე სენაკი და მესამე მოედანია გამართული. მესამე მენჰირი (მელიქსეთ-ბეგი ობელისკს უწოდებს) მდგარა სიმაგრეში შესასვლელ კართან, გზის მარჯვნივ, რომელსაც მელიქსეთ - ბეგი მონოლით - ობელისკს უწოდებს. მენჰირი დღეს აღარ ჩანს, ალბათ კედლის ნანგრევებითაა დაფარული. მელიქსეთ - ბეგის აღწერით იგი  „ოთხწახნაგოვანი წვეტთავა ფორმისაა, დაახლოებით კაცის სიმაღლისა, თუ ცოტა მეტი. ეტყობა, რომ მენჰირისგანაა გაკეთებული. შაორის მთის ჩრდილოეთი კალთის ძირში არსებული კარიბჭე და სამხრეთი ფერდის ზედა ნაწილში გამართული შესასვლელი თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ მთის წვერზე ასასვლელი ჩრდილოეთიდან იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა და ამდენად მისი დათარიღება ჭირს, მაინც შესაძლებლია ზოგიერთი შეხედულების  გამოთქმა. შაორის კომპლექსის სამშენებლო ტექნიკა და არქიტექტურა დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ზურტაკეტში გათხრილ ყორღანებთან, რომლებიც ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება. რამდენადაც შაორის კომპლექსს დღეისათვის სხვა უფრო ახლო პარალელი არ მოეპოვება, შეიძლება, სამუშაო ჰიპოთეზის სახით დავუშვათ, რომ შაორის კომპლექსიც აღნიშნულ ხანას განეკუთვნება. შაორის კომპლექსის მდებარეობა, აგებულება, არსებული სათავსების იმდენად მცირე ზომები, რომ მათი საცხოვრებლად და სამეურნეოდ გამოყენება ეჭვს იწვევს. საკულტო მოედნების და მენჰირების არსებობა შეიძლება ამ ძეგლის საკულტო ხასიათზე მიუთითებდეს. ქვის ფილებით ნაგები გზაც სარიტუალო პროცესიისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ამდენად, ძეგლის ხასიათიდან, არქიტექტრული თავისებურებიდან, სარიტუალო ხასიათის ნიშნებიდან გამომდინარე შაორის კომპლექსი შესაძლებელია საკულტო კომპლექსად მივიჩნიოთ. ვფიქრობთ, რომ კომპლექსს ადამიანები წლის მხოლოდ მოკლე მონაკვეთში იყენებდნენ, რადგან შაორის მთის წვერზე ცხოვრება მთელი წლის მანძილზე შეუძლებელია ბუნებრივი პირობების გამო. როგორც ჩანს, საკულტო რიტუალი ზაფხულში ტარდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შაორის მთის ძირშიც არის ერთი დიდი მენჰირი (ამჟამად წაქცეულია), რომლის გარშემო დასახლება ყოფილა. ძეგლზე მცირე არქეოლოგიური სამუშაოების  განხორციელების შედეგად გვიანი ბრინჯაოს და ანტიკური ხანის ფენები დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ აბულის ციკლოპური კომპლექსისაკენ სოფელ განძანიდან და სოფელ ვლადიმიროვკიდან მიმავალი გზების პირზეც დგას მენჰირები. შაორის ციკლოპური სიმაგრის მახლობლად ყორღანები მდებარეობს.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი