აბულის ციხე


galerea



aRwera

სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს აბულის „ციკლოპური“ კომპლექსი. კომპლექსი გაშენებულია ფარავნის ტბის სამხრეთ - დასავლეთით, მცირე აბულის მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე არსებულ მაღალ კონცხზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კასტორიუსის რუკაზე (Tabula Peutingeriana) დატანილი პუნქტი Apulum, დღევანდელი აბული უნდა იყოს. Tabula Peutingeriana სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო - სატრანზიტო გზების, სავაჭრო ცენტრების და გადამანაწილებელი პუნქტების შესახებ უმნიშვნელოვანესი წყაროა. ეს არის საგზაო რუკა, რომელიც ახ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარშია შედგენილი რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ და წარმოადგენს ამ ეპოქის მსოფლიოს რუკას. მასზე დატანილია საგზაო ბადე ბრიტანეთიდან ჩინეთამდე გეოგრაფიული პუნქტების და მათ შორის მანძილის აღნიშვნით. კასტორიუსის რუკაზე სამხრეთ კავკასიაში ორი საგზაო მაგისტრალია დატანილი. ორივე მათგანის შეერთების ადგილად ანტიკური ხანის ქალაქი არტაშატია აღნიშნული. აქედან ერთი გზა მიემართება ჩრდილო - დასავლეთისაკენ. გზაზე შემდეგი პუნქტებია აღნიშნული:  Artaxata  - არტაშატი, Strangira - აშტარაკი, Condeso - კონდაქსაზი, Misium  - კულიჯანი, Gaulita - კალინჯა,  Pagas  - ფოკა, Apulum  - აბული, Caspiae  - ხოსპია, Ad merkurium  - ახალციხე, Ad fontem felicem  - როდოპოლისი - ვარციხე - შებასტოპოლის,  Sebastopolis - სოხუმი ნ. ლომოურისმიხედვით; ფაზისი - ფოთი ი. ბანანდიანის და ს. ერემიანის მიხედვით.

ყურადღებას იქცევს ის, რომ Tabula Peutingeriana - ს  Apulum-ი დღესაც ცოცხალი ტოპონიმია ფარავნის ტბასთან. ძველი სავაჭრო გზის მარშრუტი ამ გეოგრაფიული პუნქტის აბულის მთისა და სოფელ აბულის მიდამოებში ლოკალიზებაზე ეჭვსგარეშე მიუთითებს.

აბულის „ციკლოპური“ კომპლექსი პირველად ი. როსტომაშვილმა აღწერა 1898 წელს: „მცირე აბულზე აქამომდე დაცულია კარგა მოზრდილი ციხე, უქვითკიროდ ნაგები“. რუსულად გამოქვეყნებულ ნაშრომში იგი აღნიშნავს, რომ მცირე აბულის სამხრეთ კალთაზე აქამდე შემონახულია ძველი, დიდი სიმაგრე რომელიც შესახედავად სრულიად განსხვავდება ყველა სხვა სიმაგრისაგან. ციხე-სიმაგრეს კი ასე აღწერს:

“Сложена она вся из огромних плитневых саженных камней и достигает высоты до 3-х саженей, при толщине стен до 5-6 аршин. ... Как стены крепости, так и стены самых домиков сложены без всякого цемента и глины. ... Кругом крепости, как о том свидетельствует множество жилищ, искусно сложенных и крытых плоскими камнями, со множеством ходов, переходов и улиц, существовало обширное поселение. Это поистине киклопическая постройка”.

 სიმაგრის გარშემო არსებულ ქვების მასას ი. როსტომაშვილი „კარკნალ“-ს უწოდებს და მიუთითებს, რომ ქვების გროვების ქვეშ მეგალითური სისტემის შენობებია დამარხული. ამ ადგილს ასევე მოიხსენიებს ლ. მელიქსეთ - ბეგი. კომპლექსს კი მცირე აბულის „ქოროღლის“ უწოდებს. მისი აზრით კომპლექსი ციხე - სიმაგრეს წარმოადგენს, რომელსაც სამი შესასვლელი აქვს. ამასთან აღნიშნავს, რომ „ციხე-სიმაგრე ისევე, როგორც მასში და მის გარშემო ნაშენი ბინები მხოლოდ ვეებერთელა ლოდებით არ არის აგებული, არამედ ნატეხი ქვებითაც, რაიც მაიცა-და-მაინც ამ სადგომს ციკლოპურ ნაგებობათა სისტემას აშორებს“. აბულის კომპლექსი და მისი მიდამოები რამდენჯერმე მოინახულა დ. ბერძენიშვილმა და სტატიებიც მიუძღვნა.

1997-2000 წლებში ძეგლზე განხორციელდა გარკვეული სამუშაოები კერძოდ, შედგა კომპლექსის გენგეგმა და ცალკეული ნაგებობების გეგმები. კომპლექსი ნაგებია ბაზალტის ფილებით, უდუღაბოდ. იგი წარმოადგენს რთულ კომპლექსს, რომელიც შედგება ცენტრალური, გამაგრებული ნაწილისა და მის გარშემო არსებული დასახლებისაგან. კომპლექსის განაშენიანების ზონა 200 მეტრი *  120 მეტრზე ტერიტორიას მოიცავს. დასახლება ძირითადად ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთითაა გამართული.

დასახლებას შუაზე კვეთს ბილიკი, რომელიც კომპლექსის სამხრეთ აღმოსავლეთით, მცირე აბულის მთის ძირში არსებული ღელეს პირას იწყება. ბილიკი დასახლებას სამხრეთ -ჩრდილოეთის ხაზზე კვეთს და კომპლექსისაკენ მიმავალ მთავარ გზას კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში შესასვლელის წინ უერთდება მას. ბილიკი ბაზალტის ნაშალშია გამართული. ადგილ - ადგილ, ბილიკის ორივე მხარეს ყორეებია ამოყვანილი, რომელთა შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 1,2 მ-ს არ აღემატება. ბილიკს არაერთი განშტოება აქვს, რომლებიც კონკრეტულ სახლებთან მთავრდება. მთავარი გზა კომპლექსს ჩრდილო -აღმოსავლეთიდან ადგება. ის იწყება აბულის მთის ძირში გამავალი ღელის პირას, მიუყვეება ქედის ფერდს და კომპლექსის ცენტრალურ შესასვლელთან სრულდება. მისი სიგრძე ღელედან კომპლექსამდე დაახლოებით 2.0 კმ-ია. გზას, შუა ნაწილში, უერთდება განძა - ახალქალაქის დამაკავშირებელი ძველი გზიდან მომავალი კედევ ერთი გზა. ეს უკანასკნელი სერპანტინად ადის მცირე პლატოზე, რომლის სამხრეთ კიდეზე პირველად აღწერილ გზას უერთდება.

აბულის კომპლექსის დასახლების სახლები ბაზალტის ნაშალშია გამართული. ყველა ნაგებობის კედლები მშრალი წყობითაა ამოყვანილი. სახლებს ძირითადად ნახევარწრიული გეგმარება აქვთ. ასევე გვხვდება წრიული სახლები. ოთკუთხა გეგმარების სახლები იშვიათია. გადახურვა ძირითადად ცრუთაღოვანია, გვხდება ბანურსახურავიანი ნაგებობებიც. იშვიათად გვხვდება ცალკე მდგომი ერთსენაკიანი სახლები. სახლები ძირითადად მრავალსენაკიანია. ყველა სენაკი მცირე ზომისაა. ყველა სახლის წინ ღია ეზოა, რომელიც ღიობით ბილიკთან არის დაკავშირებული

აბულის „ციკლოპური“ კომპლექსის ცენტრალური ნაწილი რთული გეგმარებისაა. ძირითადი ნაწილი მძლავრი კედლითაა შემოსაზღვრული. ნაგებია ბაზალტის ფილებით, მშრალად. კედლების შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 7.0 მეტრია. კედლის სიგანე საფუძველთან 3.5 – 5.0 მეტრია, ზედა ნაწილში 2.0 – 2.5 მეტრს აღწევს. ცენტრალური კომპლექსის გრანდიოზულობა, გეგმარება და მშენებლობის ტექნიკის მიხედვით ის თითქოს თავდაცვით ნაგებობას მოგვაგონებს. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალები თითქოს ამ ვარაუდს გამორიცხავს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ კომპლექსს სამი შესასვლელი აქვს - აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. კედლები შესასვლებთან მძლავრი ბურჯებითაა გამაგრებული, რომლებიც ძირითადად შესასვლელებთანაა აღმართული. ცენტრალური კომპლექსის შიდა ტერიტორია მთლიანად ნაგებობებს უკავია, რომლებიც ორ ან სამ სართულადაა განლაგებული. სასიმაგრო კედლის პერიმეტრზე განლაგებული სენაკები მცირე ზომისაა და თავისი ხასიათით შაორის საკულტო კომპლექსის სენაკებს მოგვაგონებს.

ცენტრალური ნაწილი შედარებით მოზრდილ ნაგებობებს უკავია. ცენტრალური კომპლექსი ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი ვიწრო გასასვლელით, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ შესასვლელებს აკავშირებს. ეს ორი კარიბჭე მასიურ კედლებშია შეჭრილი და გრძელი დრომოსის სახითაა ფორმირებული. დრომოსები თანდათან მაღლა ადის და ცენტრალური სიმაგრის ეზოს დონეზე ამოდის. რაც შეეხება სამხრეთ შესასვლელს, იგი, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა მხოლოდ ცენტრალური კომპლექსის სამხრეთით მდებარე მოედანზე გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ ამ მოედანს სხვა მხრიდან შესასვლელი არ უჩანს. ცენტრალურ კომპლექსს გარსშემოსავლელების ორი სარტყელი აკრავს. ორივე მათგანი კედლითაა გაყოფილი, ისე, რომ მათ შორის გასავლელი არსად არის დატოვებული. გარსშემოსასვლელების კედლებში მცირე სენაკებია დატოვებული. კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, აბულის „ციკლოპური“ კომპლექსის მსგასება შაორისა და თრიალეთ - ჯავახეთის ამ ტიპის ძეგლებთან, საფუძველს გვაძლევს მისი აგების თარიღად გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპი (ძვ. წ. XV-XIV სს.) ვიგულისხმოთ. ძეგლის მდგომარეობა არასახარბიელოა. უკანასკნელი წლების მანძილზე ჩამოინგრა ცენტალური ნაწილის დამცავი კედლის ჩრდილო - აღმოსავლეთი ბურჯის დიდი ნაწილი, დაზიანდა დასავლეთის შესასვლელიც. დაზიანებები ძირითადად ანთროპოგენულია. ადგილობრივი მოსახლეობა კომპლექსის ტერიტორიას არ იყენებს, რადგან ის სათიბს არ წარმოადგენს და საძოვრად არის ვარგისი. დაზიანების ძირითადი მიზეზს არაორგანიზებული ტურისტული ჯგუფები წარმოადგენენ.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი