ლამაზ საყდარი
galerea
aRwera
„ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, (დმანისი)“
ლამაზი საყდარი – ლამაზი საყდარი, ანუ, როგორც ე. თაყაიშვილი უწოდებს მას, – ვახუშტი ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, – ლიპარიტის უბანი, აგებულია თამარისა და დავით სოსლანის მეფობაში, ვინმე თეოდორეს მიერ. იგი საოცარი ეფექტურობით არის აგებული მდინარე ხრამის ღრმა კალაპოტიან ფერდობზე. გალავნის თაღოვანი კარიბჭის, მთელი რიგი ნანგრევებად ქცეული სამონასტრო შენობების, გავლის შემდგომ იგი უცებ წარმოდგება აღმოსავლეთის ფასადით. ეკლესია ერთდარბაზიანია, შემოსილია აბსოლუტური სიზუსტით მორგებული, თლილი ქვის კვადრებით. მისი მოვარდისფრო, სოსანისფერი ელფერი ქმნის იმ მაღალმხატვრული კედლის წყობის სურათს, რომელიც ახასიათებს ამ პეროდის ნიმუშებს. შენობა საგანგებოდ პროფილირებულ ცოკოლზე დგას და დაგვირგვინებულია მდიდრულად ორნამენტირებული კარნიზით. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან ჰქონია, ჩრდილოეთის მხარე კლდეს ებჯინება, ხოლო დასავლეთის მხარეს მინაშენი ჰქონია, რომელიც მთავარი დარბაზისგან დამოუკიდებელია და მასში შესასვლელიც სამხრეთის მხრიდან ყოფილა. ტაძარი მეტად დაზიანებულია, გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. ჯერჯერობით დგას დასავლეთი კედლის ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი, რომელიც კეხიდან ძირადე შუაზეა გახსნილი. ეკლესია შელესილი ყოფილა და ერთ ადგილას, აღმოსავლეთ სარკმელის წირთხლში, ჩანს მოხატულობის კვალი, რომელიც ძალიან მალე მთლიანად წაიშლება. შემორჩენილი კარნიზის, აღმოსავლეთის სარკმლის საპირისა და სარკმლის თავზე აღმართული ჯვრის ორნამენტები ძალიან შთამბეჭდავია და დღესაც მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ადგილზე ხელუხლებლად ყრია ეკლესიის კედლებიდან ჩამოცვენილი ქვების გროვა, მათ შორის წარწერიანი ქვებიც. ლამაზი საყდარი ერთი ნახვით, ადგილმდებარეობით, ზომებით და ტიპოლოგიურად ძალიან მსგავსია ქობერის ეკლესიისა, რომელიც ისტორიული ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე მდინარე დებედას ხეობაშია. მაღალი, მოხდენილი პროპორციები შენობისა XII - XIII საუკუნეებში ჯდება, ხოლო კედლის ზედაპირზე გაბნეული აქცენტები სარკმლის ჩუქურთმები, საპირეთა პროფილი, შიდა სივრცის პროპორციები, ფრაგმენტულად შენახული ფრესკული მხატვრობის ნიშნები, ტიპიურია თამარის ეპოქის დარბაზული შენობებისათვის.
საერთოდ ქვეყნის და კერძოდ, დმანისხევის ეკონომიკური აღმავლობა კარგად ჩანს ისპიანის სამების მაგალითზე. კაზრეთისხევის ამ სოფელში XIII საუკუნის I მეოთხედში შენდება სამონასტრო კომპლექსი, რომლის ერთნავიანი ეკლესია, თავის მხატვრულ - არქიტექტურული გადაწყვეტით, იმ ეპოქის საუკეთესო ძეგლებს მიეკუთვნება. ეკლესია მოხატული ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ საკურთხეველში შერჩენილი სცენები გაირჩევა: კონქში, ალბათ ღვთისმშობელი, სარკმლის ქვემოთ – ქრისტე ჯვრული შარავანდედით, სარკმლის წირთხლებზე – წმინდანები კოზმან და დამიანე, ქვემოთ მოციქულთა მოძრავი ფიგურები, სულ დაბლა კი – ეკლესიის მამათა მწკრივი, აღსანიშნავია, რომ ისპანისა და ქობარის ეკლესიათა კედლის მხატვრობა საერთო სქემით ხასიათდება, რომელიც ქართული კედლის მხატვრობაში აღარ მეორდება. ისპიანის ეკლესიის მახლობლად შერჩენილია სატრაპეზო, რომელიც ერთი უდიდესთაგანია საქართველოში. ესაა ორსართულიანი შენობა, რომლის ყოველი სართულის ფართობი 140 კვ.მ.-ს აღწევს. აქვეა საცხოვრებელ დასამეურნეო ნაგებობათა ნაშთები, ირგვლივ კი გალავანი. ისპიანის ეკლესია და სატრაპეზო თავისი მნიშვნელობით აღემატება სოფლის ორდინალურ საკულტო ნაგებობებს და უნდა ვიფიქროთ, სამეფო დომენში შენდება მეფის ან მისი მოხელის ინიციატივით, ამ სოფლის სახელწოდებაში ასახულია გარემო, სადაც მოთეთრო მცენარე ისპინი ჭარბობს. აქედანაა ადგილის სახელი „ისპიანი“.
ეს ვრცელი ციტატა დაგვჭირდა იმიტომ, რომ აღწერილობით ძალიან გავს „ლამაზ საყდარს“ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დ. ბერძენიშვილი თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ მიმოხილვაში, ზუსტად აღწერს ყველა ძეგლსა და ადგილს, ხოლო „ლამაზ საყდარს“ არ ახსენებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისპიანი შეიძლება „ლამაზი საყდრის“ მეორე სახელი იყოს, თან ავტორი იგივე სტატიაში აღნიშნავს, რომ XVIII საუკუნის II ნახევრის საქართველოში ნამყოფი რაინეგსი კი აღნიშნავდა, რომ ქვეშის მიდამოებში მოიპოვებოდა მარმარილო, მწვანე და წითელი ეშმის ქვა, ანუ იასპი. სწორედ ამ ფერის წითელი ქვითაა ნაგები „ლამაზი საყდარი“ ანუ იასპის ქვით და შეიძლება ისპიანიც სწორედ ამიტომ შეერქვა. ისპიანს ახსენებს ლ. მუსხელიშვილი თავისი ექსპედიციის მასალებში 1937 წელს. ასევე აღსანიშნავია „ლამაზი საყდრის“ შესახებ რ. მეფისაშვილის ინფორმაცია ძეგლის მეგობარში: „თამარ მეფის დროს მდინარე ხრამის ხეობაში აშენდა ე.წ. „ლამაზი საყდარი“. კარის თავზე ვრცელ წარწერაში იკითხებოდა შემდეგი სიტყვები: „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობა თამარ და დავითისა“ და შემდეგ „თამარისათვის ღმრთისა სწორისა შეიწირე“ წარწერამ ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. ხოლო თვით ნაგებობა დაუდევარი მოპყრობის შედეგად, გასული საუკუნის 50-იან წლებში ხრამჰესის მეორე კასკადის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებების შედეგად 1956 წელს ტაძარი ერთიანად ჩამოინგრა დაინგრა და განადგურდა, „ლამაზი საყდარი“, როგორც მას ხალხმა შეარქვა, მართლაც ძალიან ლამაზი ძეგლი იყო. კარ - სარკმლები მორთული ჰქონდა სხვადასხვა სახის დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ჩუქურთმებით. მოჩუქურთმებული იყო კარნიზიც, შიგნით კი კედლები მხატვრობით იყო დაფარული“. რჩეულიშვილი თავის ნაშრომში ასე ახასიათებს „ლამაზ საყდარს“: „საუცხოო დამუშავება ქვის ზედაპირისა, მდიდარი და მაღალმხატვრული ორნამენტაცია, ამასთან ერთად, ორნამენტულ მოტივთა შაბლონურობა, – იძლევა ცენტრალური ქართლის კარის ოფიციალური ხუროთმოძღვრის გაწაფულ ხელს, და ამ მხრივ დისონანსი შეაქვს რაიონის ხელოვნებაში“ (იგულისხმება ზურტაკეტის ველის ძეგლები). როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში ძეგლი სავალალო მდგომარეობაში იყო. დღესდღეობით ძნელი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაშია ეს მეტად მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი. კეთილი ნების, დიდი ძალისხმევისა და თანხის გამონახვის შემთხვევაში კი შესაძლებელია ამ უნიკალური ძეგლის აღდგენა, გამაგრება და გადარჩენა. თუ არადა ვკარგავთ საკმაოდ მნიშვნელოვან ძეგლს XIII საუკუნის I ნახევრისა.
„თრიალეთი
კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“
„ლამაზი საყდარი“ დარბაზული ეკლესიაა. ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული. ტაძარი მოპირკეთებულია შესანიშნავად გათლილი ქვებით და უხვად ყოფილა შემკული ჩუქურთმით, რომელთა მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები მრავლად ყრია ფერდობზე. აქვე გდია არქიტრავის ქვა დიდი წარწერით, რომელსაც ექ. თაყაიშვილი ასე კითხულობს: „სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისათა და ყოველთა წმიდათა მისთა მე თეოდორე იოდოსის ძე ღირს ვიქმენ აღშენებად საყდრისა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა, ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, მეფობასა თამარ და დავითის სალოცველად ჩემთის, მშობელთა და ძმათა ჩემთათის. ყოველთა უმეტესო, უფროსად კურთხეულო დედოფალო, რომელმან ჰშევ ქრისტე ღმერთი, შეიწირე ჩემგან თეოდორეს მიერ აღშენებული ესე საყდარი და საწუთოსა ამას ძითურთ მისაფარველე, ხოლო საუკუნოსა მას მეოხად გვექმენ წინაშე ძისა შენისა, რათა აოცნე ყოველნი ბრალნი ჩემნი და სუფევასა მას მიმცნე მართალთა წილ. წმიდათა წინასწარმეტყველთა ქადაგებულო, დედაო ღმრთისაო, ბჭედ დაკრძალულად, კიბედ, სასაკმევლედ, საყდრად, სასანთლედ, კვერთხად აღყვავებულად, თამარისათს ღმრთისა სწორისა შეიწირე”. წარწერა დღემდე დაკარგულად ითვლებოდა და ის ხელახლა მიკვლეულ იქნა 2007 წელს. ოდნავ დაცილებით კი ფრესკის დიდი ფრაგმენტი იქნა დაფიქსირებული. წარწერიდან ოდნავ მოცილებით შესასვლელის თაღოვანი ნაწილი გდია, რომელზეც საუცხოოდაა შემორჩენილი დიდი, დაახლოებით 2.0 მეტრის სიმაღლის ფრესკა, როგორც ჩანს, მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულებით. თაყაიშვილს აღნიშნული აქვს, რომ ეკლესია შიგნიდანაც ისეთივე ქვებითაა მოპირკეთებული, როგორითაც გარედან და არავითარი შელესილობის კვალი არ შეინიშნება. დღეს ინტერიერი მთლიანად შელესილია. ექვთიმე იმაზეც მიუთითებს, რომ ეკლესია პრაქტიკულად მოხატული არ ყოფილა. ფრესკა იყო მხოლოდ შესასვლელის თავზე, ინტერიერში - ღმრთისმშობლისა და მთავარანგელოზების გამოსახულებით. მარჯვნივ წმ. მიქაელი, მარცხნივ წმ. გაბრიელი, შესაბამისი ასომთავრული წარწერებით. ეს კედელი, შესასვლელიანად დღეისათვის თითქმის მთლიანადაა დანგრეული და ხევშია გადაწოლილი. ეკლესია აგებული ჩანს XII საუკუნის ბოლოს XIII საუკუნის დასაწყისში - 1189-1205 წლებში. ლიპარიტის უბანში აშკარად შეინიშნება სხვადასხვა დროის ნაგებობათა ნაშთები. ძეგლის ზოგადი თარიღი X-XIV საუკუნეებით შეიძლება განისაზღვროს. მცირე ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დგას „ლამაზი საყდრის“ დასავლეთით. ის ძლიერ დაზიანებულია. ორი ეკლესიის ურთიერთმიმართება მცირე ეკლესიის ადრეულობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
აბანოები გამართულია „ლამაზი საყდრის“ დასავლეთით, 100 მეტრის დაცილებით. აბაზანები კლდეშია გამოკვეთილი. „ლამაზი საყდრის“ გარშემო დიდი დასახლებაა. იგი უშუალოდ კარიბჭიდან იწყება, მოიცავს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას. აქედან სამხრეთით, მდ. ყარაბულაღის მიმართულებით დიდი დასახლების ნაშთები ჩანს; ნამოსახლარი ჩრდილოეთით და ჩრდილო - დასავლეთითაც გრძელდება და მდ. ხრამის ხეობიდან გომარეთისაკენ მიმავალ გზამდე აღწევს.
„ლამაზი საყდრის მონასტერი“ 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად გახდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი
ფოტოები ანზორ მჭედლიშვილის