კორცხელი
galerea
aRwera
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მე-8 კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე.
კორცხელის ეკლესიას ექვთიმე თაყაიშვილი XVII-საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებს და მის აშენებას ლევან II დადიანს მიაწერს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ლევან II დადიანს, რომ ეკლესია თავიდან აუშენებია X-საუკუნის ნაეკლესიარზე. ტაძრისათვის შეწირული ხატის 1640 წლით დათარიღებული წარწერიდან ვიგებთ, რომ იგი აუგია(განუახლებია) ლევან II დადიანს და შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის, რომელიც იმ პერიოდში ქართველთა მფლობელობაში იყო. წარწერის შინაარსი ასე გამოიყურება: „კოცხერისა ღთის მშობელო, რომელთა სასოებითა და სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით. ხოლო სოფლისა ჟამთა ვითარებისაგან ჯერეთ სრულად ვერ ხელვყავით საყდრისა ამის აშენებისა და დახატვისა მეტი, ამა ვითარებასა შინა... მიიცვალა... თანამეცხედრე ჩვენი დედოფალთ დედოფალი ნესტან-დარეჯან. ჩვენ მას უკან, რაცა წმიდასა ეკლესიასა მოუნდების გავაწყვეთ და გავარიგეთ... შევსწირეთ ჯვარსა წმიდასა გოლგოთას...”
ტაძარი ქვის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამი შვერილი აფსიდი აქვს, ნაგებია კარგად გათლილი თეთრი ქვით. ეკლესიის გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებს და ოთხკუთხედ ქვისაგან აშენებულ ოთხ სვეტს. აქვს 7 მცირე სარკმელი, რომელშიც ხის დეკორატიული ჩარჩოებია. შესასვლელი არის სამი მხრიდან დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, სამივე შესასვლელი თაღოვანია. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამი მხრიდან თაღებით გახსნილი გალერეა-კარიბჭე. ფასადები ქვის მცირე კვადრებითაა მოპირკეთებული და სადაა, ერთადერთი დეკორატიული ელემენტი მარტივი პროფილის მქონე ლავგარდანია.
ეკლესია შიგნიდან შელესილია და მოხატულია, მხატვრობა დაზიანებულია თუმცა გაირჩევა გარკვეული ბიბლიური სცენები, წმინდანთა და საერო პირების გამოსახულებები. დასავლეთის კედელზე, გაირჩევა წმინდა გიორგის, წმინდა დიმიტრის და წმინდა თეოდორეს გამოსახულებები, აქედან პირველ ორს ბერძნული წარწერები აქვს, ჩრდილოეთის კედელზე არის ტაძრის მაშენებლის ლევან მე-II დადიანის სურათი.
კორცხელი ეკლესია რამდენიმეჯერ არის აღდგენილი და შეკეთებული. მარი ბროსეს კანკელზე დაფიქსირებული აქვს შემდეგი წარწერა, რომლის მიხედვით 1811 წელს ეკლესია განუახლებია ნიკოლოზ დადიანს ლევან დადიანის საოხად და სადღეგრძელოდ მისი მეუღლის და შვილებისა. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით კანკელზე არსებული წარწერის მიხედვით, უკანასკნელად ტაძარი შეუკეთებიათ 1858 წელს.
ექვთიმე თაყაიშვილმა კორცხელი ეკლესია მოინახულა და დეტალურად აღწერა „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანის“ მეორე წიგნში.
ამჟამად კორცხელის ტაძარი არის მოქმედი დედათა მონასტერი.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის