ქოზიფას მონასტერი


galerea



aRwera

ქოზიფას მონასტერი იგივე გუგომის კომპლექსი მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტყემლოვანიდან 3 კმ-ზე.  კომპლექსში შედის: ხუთი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთმანეთთან. მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ხუთივე ეკლესია დარბაზულია. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა ქოზიფას კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობები (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე.

პირველი ეკლესია (5,1X3 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთითაა. სწორკუთხა აფსიდის კონქი ტრომპებით ყოფილა ამოყვანილი. ერთი სარკმელი საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი, ხოლო მეორე (თაღოვანი) სამხრეთის კედელში. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ფასადებზე თეთრი კირქვის ლავგარდანი შედგებოდა მარტივი ნალისებრი თაღების მწკრივისაგან.

მეორე. ეკლესია (6,7X3,4 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პირველი ეკლესიის გასწვრივ. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ნაგებია უხეშად დაკუთხული ქვით. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთითაა. ერთადერთი სარკმელი სწორკუთხა საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი. ნაგებობა დაბალი და ბნელია, ინტერიერი – დაუნაწევრებელი. საკურთხეველს კონქი და სატრიუმფო თაღი არა აქვს, რის გამოც ნახევარწრიული კამარა მთელ სიგრძეზე ხურავს ნაგებობას. ფასადებზე ლავგარდანს ღრმად ნაკვეთი ნალისებრი თაღები გასდევს.

მესამე, ღვთისმშობლის ეკლესია ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. სტილისტიტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია (17,85X7,85 მ) ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით და პირგათლილი ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ნაგებობის პროპორციები მსუბუქი და აზიდულია. დასავლეთის შესასვლელი გარედან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხევლის კედელს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. აღმოსავლეთის სარკმლის გვერდებზე, 1,5 მეტრის სიმაღლეზე, მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ მიდგმულია ბრტყელი ქვა, რომლის წინა პირი ნახევარწრიულადაა ამოღარული. საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური, ზემოთ გაფართოებული სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის წინ ეკლესიის თანადროული კანკელი დგას. კანკელის ფილები მოჩუქურთმებულია (ორი ფილა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით ორი.

ეკლესია მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. გადარჩენილია მისი ცალკეული ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება; მეორე რეგისტრში მთელი ტანით გამოსახულია მოციქულები, ხოლო ქვემოთ – ეკლესიის მამები.  გრაგნილებზე, რომლებიც მათ უპყრიათ ხელთ, გაირჩევა ასომთავრული წარწერები. ამავე რიგში, ცენტრში, გამოსახულია ხატი მანდილისაი. სარკმლის წირთხლებზე ორი წმინდანია, თაღში – ჯვარი მედალიონში. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტის ზოლით. დარბაზში, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, თაღს ზემოთ მოცემულია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში – ქრისტე და სამარიტელი დედაკაცი. მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები შემონახულია დასავლეთ კედელზეც. გაირჩევა მხოლოდ ცალკეულ გამოსახულებათა სილუეტები: ზემოთ – ხარება, მესამე რეგისტრის სამხრეთ მონაკვეთზე - სული წმინდისმოფენა. მოხატულობის კოლორიტი ნათელია – ჭარბობს ცისფერი, ღია მწვანე, თეთრი, ოქრა, მოწითალო-აგურისფერი. მოქნილი ხაზი, გამომსახველი სახეები, ფერადოვანი ზედაპირის მსუბუქი ხაზოვანი დამუშავება შესრულების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს.

ეკლესიის სამხრეთით კარიბჭე და მის გვერდებზე ცალფერდასახურავიანი ნაგებობები იქო. ეს მინაშენები სამ (პირველ, მეორე და მესამე) ეკლესიას შორის არსებულ სივრცეს ავსებდა. ჩრდილოეთის მინაშენი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი; მინაშენში მოხვედრა მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიიდან შეიძლებოდა.

მეოთხე ეკლესია აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში, სტილისტური ნიშნებით სავარაუდოა XV-XVI საუკუნეებით დათარიღება. იგი ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის მთელ დასავლეთ ფასადს. ნაგებობა შედარებით კარგად არის დაცული;  ეკლესია (8,6X5,75 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვით. იგი დამოუკიდებელი სამლოცველოა. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. კარის თავზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში თითო მცირე ზომის სარკმელია. მეოთხე ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთ შესასვლელზეა (ამოშენებულია) მიდგმული. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, ხოლო მისი ცენტრიდან ოდნავ ჩრდილოეთით, კედელზე სატრაპეზო ქვაა მიშენებული. კამარა ნახევარწრიულია და ეყრდნობა ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს. შინაგანი სივრცე განიერი და დაბალია. კედლები შელესილი ყოფილა, შელესილობა ჩამოცვენილია. ფასადები შედარებით კარგად დამუშავებული ქვით არის ნაგები. დასავლეთ ფასადზე ძლიერ მახვილკუთხიან ფრონტონს ასრულებს მარტივი ფორმის თაროს, ლილვისა და მსუბუქად ამოღარული წრეთარგისგან შედგენილი თლილი ქვის ლავგარდანი. ნაგებობა გადახურული ყოფილა კარგად გათლილი ლორფინებით. ეკლესიას ჩრდილოეთით ძირითადი ნაგებობის თანადროული ორი მინაშენი აქვს. პირველი უშუალოდ ეკლესიის კედელზეა მიდგმული თლილი ქვის თაღით. იგი შედარებით მოზრდილია და დამხმარე სათავსს წარმოადგენს. კამარა ნახევარწრიული აქვს, დასავლეთ კედელში ერთადერთი სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი მოზრდილი თაღოვანი გასასვლელით ეს სათავსი მეორე მინაშენთან (გაირჩევა მხოლოდ კონტურები) იყო დაკავშირებული.

მეხუთე ეკლესია მეოთხესა და პირველ ეკლესიებს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი შესაძლოა მერთხე ეკლესიის დროინდელი იყოს (XV-XVI სს.). ნაგებობა ეკლესია(9,4X5,2 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ კედლით უშუალოდ მიშენებულია მეოთხე ეკლესიაზე. ამ კედელზე პილასტრებს შორის გადაყვანილი ყოფილა დეკორატიული თაღები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით ჰქონია, ხოლო სარკმელი – დასავლეთით.

გალავანი კომპლექსისათვის შემოუვლიათ XIII ს-ის ბოლო ათეულ წლებში. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ფართო შესასვლელს ანუ „გარეთა ბჭეს“ ასომთავრულ-წარწერიანი თაღი ჰქონია (წარწერა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში) წარწერას აკლია თავი და ბოლო, ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება დადგენა – მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის აშენებასა და შემკობაზე.

ქოზიფას მონასტრის, ყველა ეკლესია აღდგენილია და ამჟამად მოქმედებს მამათა მონასტერი. მონასტრის სარესტავრაციო სამუშაების დროს აღმოჩენილია სხვადასხვა კერამიკის ნაკეთობების კვალი, აგრეთვე თიხის მილები, რომლებითაც წყალი მიეწოდებოდა მონასტერს.