ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლიკანის ხევის წყლის ხეობაში მდებარეობს. ლიკანის ძველი ნასოფლარია სწორედ მონასტრის მახლობლად ყოფილა. ტაძარი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. დღესდღეობით იგი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. გეგმით ერთნავიანია, საკმაოდ ვრცელი და მაღალი. მისი მთავარი ნაწილი ნახევარწრიული აფსიდით დამთავრებული ნავია. ეკლესიის ჭერი ჩაქცეულია, კედლის ნაწილიც დაშლილია. ტაძარს დასავლეთის მხარეზე მიშენებული აქვს სამრეკლო, საიდანაც კარი შედის ჯერ დახურულ დერეფანში (სტოა), შემდეგ შიგ ტაძარში, რომლის კედლები შეკრულია თაღიანი სალტეებით. ეკლესიას ჩრდილოეთით აქვს მეორე კარი, რომელიც შედის ამ მხარეზე მიშენებულ გრძელ სათავსოში. იგი გაყოფილია ორ ოთახად. პირველ ოთახიდან მეორეში აქვს გასასვლელი კარი. ლიკანის ეს ტაძარი თავისი გეგმითა და ნაგებობით ტაძრისის და მწვანე მონასტრის მსგავსია. მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა.

XVI საუკუნეში ეკლესიისთვის სამრეკლო მიუდგამთ, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთის კედელს. მისი ქვედა სართული კუბის ფორმისაა, მასიურკედლებიანი, დიდი დაუმუშავებელი ლოდებით ნაგები და ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერით შემოზღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად ქვაყორის კიბეა მიშენებული. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია. სამრეკლოს შესასვლელის დასავლეთის მხარეს კედელზე ამოჭრილია ქათული ასომთავრული წარწერა:

  1. „ქ: იპრიანა: ლიკანისა: ღვთისმშ
  2. ობელმან: და: აღვაშენე: სამრეკლო: ესე მე.
  3. ქრისტე შეიწყალე-დ ავალის: შვილმა: და თანა მეცხედრე
  4. მან მეფეთა: მეფისა: ასულმა: თამარ: მათთა: მშო
  5. ბელთა“

ბოლო სტრიქონის ასოები მკრთალია და ძნელად წასაკითხი. წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია ბორჯომის ხეობის მფლობელ ავალიშვილთა წარმომადგენლებს აუგიათ: ფეოდალ ქიშვარდ ავალიშვილსა და მის მეუღლე თამარს, ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ასულს. როგორც ცნობილია, ამ ხეობის მფლობელნი იყვნენ მებატონე ავალიშვილები და ლიკანის მონასტერიც მათ ეკუთვნოდა. თავისა და თავისი მეუღლის სულის საცხონებლად ავალიშვილს ლიკანის ღვთისმშობლისათვის აუგია ეს სამრეკლო.

თავად ტაძრის აღსავლის კარზე ყოფილა კიდევ ერთი წარწერა (XVII საუკუნის I ნახევარი. დღეს დაკარგულია) იუწყებოდა რომ გივი ავალიშვილსა და მის მეუღლე სოფიო მეფის ასულს აღუდგენიათ აღსავლის კარი.

ლიკანის სამრეკლო მწვანე მონასტრის სამრეკლოს წააგავს და სავარაუდოდ იმავე პერიოდში, XV-XVI საუკუნეებშია აგებული.

 ეკლესიის ჩრდილოეთით არის მიწისქვეშა ორი გრძელი ნაგებობა, ერთი ჩანგრეულია, მეორე კი მთელია. იგი კლდის ქვითაა ნაგები დუღაბით, მთლიანის სიგრძე უდრის 12 მეტრს, განი-–4 მ, ეს სათავსოები დაყოფილია ოთახებად და აქვს ერთი შესასვლელი პატარა კარი. ამას გარდა ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ნამოსახლარია, სადაც ბევრი ჩაქცეული დარბაზებია. ისინი სხვადასხვა. ზომისაა და ნაგები დიდი ლოდებით.

შუასაუკუნეებში ეკლესიის ტერიტორიაზე სამონასტრო ცხოვრება იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია ჩვენდა სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაშია.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის