ბერისაყდრები
galerea
aRwera
ბერისაყდრების ეკლესია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის აღმოსავლეთით, 4 კმ-ში. იგი განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. გადმოცემით ტაძარი წმ. გიორგის სახელობისა ყოფილა. ნაგებობა დანგრეულია, მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აფსიდია შემორჩენილი. ნახევარწრიულ აფსიდს ცენტრში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი აქვს დატანებული, ჩრდილოეთ კუთხეში კი - პატარა სწორკუთხა ნიშა. ჩრდილოეთის კედელზე ორი სამსაფეხურიანი პილასტრია შემორჩენილი კაპიტელებით და მესამე პილასტრის ნაწილი, რომლებზეც ორმაგი თაღებია გადაყვანილი. პილასტრების თავზე შემორჩენილია კრონშტეინები, რომლებსაც კამარის თაღები ეყრდნობოდა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის ძირითადი ნაწილი უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაგები, პილასტრები, თაღები და კაპიტელები კი - შირიმის გათლილი ქვით. ეკლესიაში ორი ქვის ფილა დევს. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია გამოსახული. შემორჩენილია გალავნის ნაშთიც, რომელიც ტაძარს ჰქონია შემოვლებული.
2009-10 წლებში ბერისაყდრების ეკლესიის მახლობლად აშენდა ათანასე ათონელის ტაძარი, რომელიც მცირე ზომის ბაზილიკას წარმოადგენს. ამჟამად აქ მოქმედი მამათა მონასტერია.
დევი ბერძენიშვილს ბერისაყდრების მონასტერი რველის საციხისთავოს საკულტო ცენტრად მიაჩნია.