ნეძვი
galerea
aRwera
ნეძვის მონასტერი - IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბის ტერიტორიაზე, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში, ახალდაბიდან 10-12 კმ-ში.
ნეძვის წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ და აქ დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი. თუმცა მე-20 საუკუნეში აქ უკვე ნანგრევები იყო.
ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთი აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.
სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ნეძვის ნამონასტრალი ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია. ეკლესია და მის გარშემო მდებარე ნაგებობები თითქმის ბოლომდე დანგრეულია.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის