ქვაბისხევი


galerea



aRwera

ქვაბისხევის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში. სოფელი გაშენებულია მტკვრის მარცხენა მხარეზე. მას ჩამოუდის მდინარე ქვაბისხეულა, რომელსაც სათავე აქვს ლომის მთის ძირას. ეს ხეობა ვიწროა და კლდოვანი.

„ღვთისმშობლის“, მონასტერი: აგებულია მაღალი კლდის ფერდობზე, კლდის ლოდებისაგან. ეკლესია სამნავიანია გვერდის ნავები ღიაა და აქვს თაღიანი სვეტები. თავისი გეგმითა და ნაგებობის ტექნიკით ქვაბისხევის მონასტერი წააგავს კვირიკეწმინდას და აშენებული უნდა იყოს იმავე VIII-IX საუკუნეებში. კარი აქვს დასავლეთით, თავზე ამოჭრილია ჯვრები. ეკლესია შელესილი ყოფილა და მოხატულიც. ტაძარი გადახურული იყო ქვაფიქალით. თუმცა რესტავრაციის შემდეგ თუნუქით გადაუხურიათ. მხატვრობა შემონახულა სამხრეთის ნავის ერთ ოთახში, რომელსაც აქვს შესასვლელი კარი და ერთი სარკმელიც. ეს ოთახი მოხატულია (იგი შეიძლება იყოს აკლდამა). მოხატული ოთახის ზომებია 2X2,50 მ; ტაძრის ფართობი კი 8X4 მ. ამ ოთახის კარის თავზე გამოხატულია ხელაპყრობილი ფიგურა, მოსჩანს მისი მარჯვენა ხელის მტევანი და შარავანდედის ნაწილი ქარაგმიანი ასომთავრული წარწერით „წინ“.

ოთახის კედლის მოხატულობა, შედარებით, კარგად შემონახულია, მხოლოდ მხატვრობა სხვადასხვა დროისაა. ზემო იარუსის მხატვრობა უფრო ძველია და კარგადაც არის შესრულებული. ზემო იარუსის წმინდანები გამოსახულნი არიან ჩვეულებრივი მანერითა და პოზებით, მათ შორის სამი წმინდანის წელსქვემოთ, შემდეგში ზედ დაუხატიათ ორი ფიგურა საერო ტანსაცმელში და გამოყოფილია კუთხედი ჩარჩოთი. წინ მთელი ტანით დგას მანდილოსანი, უკან მამაკაცი, ორივეს ხელები აქვს აპყრობილი (ვედრების პოზაში) და თავთან აქვს ასომთავრული წარწერა: მამაკაცს „შოთა“ ქალის კი ძნელად გასარჩევია: „ ი ა-მ რ“,

ეს მხატვრობა აშკარად განსხვავდება ძველი კედლის მხატვრობისაგან. როგორც ჩანს, კედლის მხატვრობა შემდეგში განუახლებიათ და ამ განმაახლებელის მამაკაცისა და ქალის სურათიც ქვემოთ მოუთავსებიათ.

ქვაბისხევის მონასტრის ქვემოთ ძველი ნასოფლარია, სახლების საძირკვლები კარგად მოჩანს, სახლები დარბაზული ტიპისაა, დიდი ლოდებით ნაგები. აქვე მაღალ კლდეში გამართულია სამალავები, მათ შორის შერჩენია წინა მხრიდან ამოშენებული კედელი, დანარჩენს ჩამონგრევია. სამალავს აქვს პატარა კარი და სარკმელი.

ქვაბისხევიც თურქთა ბატონობის ხანაში გავერანებულა, მონასტერი გაუქმებულა და მოსახლეობაც გადახიზნულა.

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის აღწერაში ეს სოფელი შეტანილია აწყურის რაიონის ახალციხის ლივაში სოფ. ქვაბის სახელწოდებით. იმ მომენტში იქ ცხოვრობდა მხოლოდ ექვსი მოსახლე.

დღეს ქვაბისხევი საკმაოდ მოზრდილი სოფელია. აქაური ქართველების უმრავლესობა გადმოსულია რაჭიდან. მოხუცების გადმოცემით უწინ აქ მოსახლეობა არ ყოფილა და XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოშენებულა. ამას მოწმობს აქაური საფლავის ქვების წარწერების ქართული თარიღებიც „ჩყედ" (1894 წ.), „ჩყუ“ (1890 წ);

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის