მღვიმევის მონასტერი
galerea
aRwera
მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.
სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან; მას სახურავ-თაღად ბუნებრივი კლდე აქვს. თაღს უდგას ორი სვეტი, კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით; სარკმელი: აღმოსავლეთით 3, სამხრეთით 1, ჩრდილოეთით 2 სანათური. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვა.
შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია, მხატვრობა განახლებულია, საეკლესიო შინაარსის მხატვრობის გარდა აქ დახატულია ისტორიული პირებიც.
ჩრდილოეთის კედელზე, საკურთხეველთან ახლოს არის რაჭის ერისთავი ასომთავრული და მხედრული წარწერებით ასომთავრულად: „რატი კახაბერი(ს)ძე“ მხედრულად: ”ქ:. ამა:. ეკლესი(ი)სა:. აღმაშენებელი:. რაჭის:. ერისთავი:. კახაბერი(ს)ძე:, რატი:.“ რატის დასავლეთით (მარჯვნივ) მისი მეუღლე წარწერებით მხედრულად: „ [ქ] მეუღლე მათი რუსუდან“; იგივე წერია ასომთავრულადაც.
რუსუდანის დასავლეთით (მარჯვნივ) დიდებული მხედრული წარწერებით: კახაბერი(ს(ძე) ნიანია იგივე წერი ასომთავრულადაც.
დასავლეთის კედელზე მოჩანს საერო პირთა სურათების ნაშთი (მუხლს ქვევითი ნაწილი –– ჩაცმულობა).
ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე, გარეთ, სარკმლის ქვევით (სამხრეთისაკენ) აქვს მხედრული წარწერა: „ბატონისშვილი გიორგის მიერ წინამძღვარ ვიქმენ დიღნოს აქა:. და ფ(რია)დ ღვაწლის დამდებმან:. ესე საფლავი: ვითხარე: აჰა“
წარწერა უჩვენებს საფლავს წინამძღვრისას რომელიც უნდა იყოს ძირს, კედელთან, იგი ეკუთენის XVIII ს. მასში მოხსენებული გიორგი ბატონიშვილი შემდეგში მეფე იმერეთისა გიორგი VII არის განმაახლებელი ეკლესიისა, რომელიც იკითხება ეკლესიის დასავლეთით მდებარე ლოდის წარწერაში.
მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები.
ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობებია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის