სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

ტაძარი ნაგებია რუხი ფერის თლილი ქვით, იგი დარბაზული ტიპისაა, არ აქვს გამოკვეთილი აფსიდი და გადახურული ყოფილა ქვაფიქალით. ფასადები შემკულია გრეხილი ლილვების საპირეებით, რომლებიც ღიობებსა და რელიეფებს შემოუყვება. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ორმაგი გრეხილი ლილვით მოჩარჩოებული სწორკუთხა მოხაზულობის პორტალითა და ღიობის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებითაა გაფორმებული. ორივე პორტალის თავზე სწორკუთხა სარკმელია, რომლებსაც სამმაგი გრეხილი ლილვი შემოუყვება და რომელთა ორივე მხარესაც ყურძნის მტევნების რელიეფური გამოსახულებებია მოთავსებული. ასეთივეა აღმოსავლეთის სარკმელიც, სამხრეთის სარკმელი კი მოურთავი და თაღოვანია. გრძივი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული, კამარა კი - საბჯენი თაღებით. ეკლესიას სამსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ფასადებზე უსისტემოდაა მიმობნეული რელიეფები. ჩრდილოეთის შესასვლელის გვერდით ორმაგი გრეხილი ლილვებით შემოხაზულ ნახევარწრეში გველეშაპია გამოსახული, რომელსაც წმ. გიორგი მუსრავს. იმავე მხარეს გამოსახულია წმ. ესტატე, რომელიც მშვილდს ესვრის ირემს. ფასადზე, ლავგარდნის დასავლეთ მონაკვეთში, წარმოდგენილია ჯიხვის, მიჯაჭვული გველეშაპისა და გველეშაპის გამგვირავი წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებები. ინტერიერი ამჟამად შელესილია, თუმცა ეს მოგვიანებით გადაკეთების შედეგია. სახურავის ქანობებს განახლების კვალი ეტყობა, შესამჩნევია თავდაპირველი და გადაკეთების შემდგომი სახურავის ქანობების დახრა. შემორჩენილია ორივე პერიოდის კარნიზი.

               სადგერის ეს ტაძარი დაბის ტაძართან შედარებით უფრო მდარეა, მხოლოდ ნაგებობის მიხედვით უნდა მიეკუთვნოს XIV-XV საუკუნეებს. ამას მოწმობს სადგერის ეკლესიის დეკანოზისს სვიმონ შოთაძის ცნობაც. მას XV საუკუნის მიწურულში დაუწერია ოდა (შესხმა). მიძღვნილი სადგერის წმ. გიორგისადმი, რომლის შინაარსიდან ვიგებთ, რომ შოთაძეთა გვარი ყოფილა სადგერის ჯვრის მხლებელნი და მცველნი. დეკანოზ სვიმონსა და მის ძმას ვასილს აუგიათ სადგერის ეკლესიის კარიპჭე. ეს მშენებლობა გაგრძელებულა ორი წელიწადი: „ჩუენ ორთავ ძმათა (გვლხინენ) გუარჩამოთ შოთასძეთაო, ხელვყავით გება ტაძრისა ამ შენთა კარის ბჭეთაო, „ორ წელ ვაგე, მიჰყავ ხელი, გავათავეთ კარის ბჭეო“.

სვიმონ შოთაძეს განუახლებია აგრეთვე სადგერის წმ. გიორგის ჯვარი და ხატიც.  თავისი ძლიერებით განთქმული ყოფილა სასწაულთ მოქმედი და მკურნალი სადგერის წმ. გიორგი, რომელიც არჩენდა კეთროვანებსაც.

„აქ მოვლენ კეთროვანნი, სენი მძაფრი რაცა სჭირსა და მხიარულად წავლენ შინა, შენ განკურნებ ყოვლსა ჭირსა“.

სადგერის ჯვარი იმ პერიოდისათვის ცნობილ ოქრომჭედელ მამნეს დაუმზადებია სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ისა და მისი მეუღლის ანას შეკვეთით. სადგერის დიდი ჭედური ჯვარი კანკელის წინ დასადგმელია (230x107 სმ), რომელიც მასზე გაკეთებული წარწერების თანახმად, 1522/1523-1529 წლებით თარიღდება. ჯვარზე გამოსახულია რელიგიური დღესასწაულები (13 კომპოზიცია) და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები. მოჭედილია (მაღალი რელიეფით) მოოქრული ვერცხლის სქელი ფირფიტებით, რომლებიც შემდეგ დაკრულია ხის ჯვარზე.

ხატობას სადგერის ტაძართან იმართებოდა თურმე ბაზრობაც, სადაც სავაჭროდ თავს იყრიდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენელნი. „ცის კიდეთამდის აქ მოვლენ, სადაც არს ხმელთ სამზღუარია. და თურქთა, სპარსთა და არაბთა გამართეს აქ ბაზარია".

XVI საუკუნეში თურქთა ბატონობის დამყარებისას სამცხეში, თურქების შიშით შოთაძეებს სადგერის წმ. გიორგის ჯვარი და ხატი გადაუტანიათ ჩხარში (იმერეთი) და იქვე დასახლებულან, სადგერის ტაძარი დაცარიელებულა და გაპარტახებულა, მას აშკარად ეტყობა შემდეგი დროის შეკეთება-განახლება. იგი მტერს შეუმუსრავს და შემდეგ ისევ აღუდგენიათ, ამას ვახუშტის ცნობაც მოწმობს; „სადგერი არს მაგარი და შეუვალი, ეკლესია შემუსვრილი აღაშენა და შეამკო ხატი მისი. მეფემან ვახტანგ" (გვ. 83-84).

ეს არის ვახტანგ VI (1703-1724 წწ.), რომელსაც სადგერის ეკლესია აღუდგენია და განუახლებია. ტაძარს აკრავს მაღალი კლდე და ღრმა ხევი, მას მისასვლელი აქვს მხოლოდ სამხრეთით და ეს მხარე გამაგრებული ყოფილა გალავნითა და ციხე-კოშკით. შიშიანობის დროს სოფელი ამ ციხე-გალავანში იხიზნებოდა.

ტაძრის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის