აკვანება


galerea



aRwera

აკვანებას ეკლესია ბოლნის-დმანისის გზის პირას დგას დაახლოებით მეხუთე კილომეტრთან მდებარეობს. ტაძარი შიგნიდანაც და გარედანაც თლილი ქვის წყობითაა მოპირკეთებული. ქვა მუქი ყვითელია. კედელი სქელია - 110 სმ. ეს ერთნავიანი ეკლესიის მეორე ვარიანტია. ა)მისი აფსიდი შვერილი არ არის - საერთო სწორკუთხედშია მოქცეული. ბ)სამხრეთით მას ორნაწილედი ეგვტერი აკრავს. მისი დასავლეთი უაფსიდო ნაწილი უფრო გრძელია, საკურთხევლის გვერდით მდებარე და მასთან გასასვლელით დაკავშირებული აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს კვადრატულ სივრცეს აღმოსავლეთის აფსიდით. კვადრატი ჯვაროვანი კამარით იყო გადახურული. ეკლესიას შიგნითაც და გარეთაც ჩუქურთმიანი მორთულობა აქვს. გარეთ - აღმოსავლეთი სარკმლის სათაური, შიგნით - აფსიდის იმპოსტები და ეკლესიიდან აფსიდიან ექვტერში გასასვლელის თავზე მოთავსებული საკმაოდ რთული კომპოზიცია. მედალიონში ჩასმული თანაბარმკლავებიანი ჯვარი, სტილიზებული ფოთლები და მტევნები. მორთულობის სისტემაც და ხასიათიც აკვანებას VI საუკუნის ძეგლებთან აკავშირებს და მისი აგების თარიღადაც ეს საუკუნეა მიჩნეული. შენების ხარისხი, განსაკუთრებით პერანგის ბრწყინვალედ შესრულებული წყობა, დიდად საინტერესო მორთულობა მოწმობს, რომ ის ხანის მაღალი მხატვრული დონე არა მარტო უმთავრეს ძეგლებში, არამედ ასეთ მინიატურებშიაც ჰპოულობს ასახვას. შენობის ზომები გარედან სიგრძე - 9 მ., სიგანე - 8,5 მ., სავარაუდო სიმაღლე შიგნით - 6 მეტრამდე.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან ერთად "აკვანების" ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რეკონსტრუქციამდე ტაძრის მდგომარეობა სავალალო იყო – თითქმის არ არსებობდა მთავარი ნავის კედლების საპირე ქვები, ჩამოქცეული იყო სახურავი, ხოლო მინაშენი თითქმის მთლიანად იყო განადგურებული.

რესტავრაციის შედეგად ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა ტუფის ქვით, აღდგა ტრიუმფალური თაღი და კონქი ტუფის ქვისგან ძველი წყობის მიხედვით, კამარა ზემოდან დამუშავდა კირის დუღაბით.

ცენტრალური დარბაზის მთელ პერიმეტრზე მოეწყო თარო კარნიზი, გაკეთდა მუქი ნაცრისფერი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით. რადგანაც ფასადზე შემორჩენილი ყველა ქვა მოითხოვდა გამაგრებას, დაიფშვნა ძველი ქვები და შერეულ იქნა სპეციალურად დამზადებულ დუღაბში, ფერის შესანარჩუნებლად.

ვებ-გვერდზე ამ ეტაპისათვის განთავსებულია რესტავრაციამდე გადაღებული ფოტოები, რესტავრირებული ტაძრის ფოტოები დაიდება მოგვიანებით.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის