ფოთოლეთი


galerea



aRwera

ფოთოლეთის მონასტერი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე. ტაძარს სახელწოდება ფოთოლეთი შემორჩა მისი მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან იგი მდებარეობს ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფოთოლეთის მონასტერს აიგივებდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმინდის ტაძართან, თუმცა ეს მოსაზრება შემდგომი კვლევების შედეგად გაქარწყლდა, დღეისათვის კვირიკეწმინდის ადგიომდებარეობა ცნობილია და მის შესახებაც განთავსებულია ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე. არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ტაძრის აშენების თარიღად IX-X საუკუნეები.

ფოთოლეთის ეკლესია სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძარი ნაშენია მოვარდისფრო-მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული ზომის ქვებით, რომელიც მხოლოდ პირითა მხრიდანაა მოსწორებული. შედარებით წესიერად გათლილი დიდრონი ქვები ნახმარია პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის. შუა ძირითად სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერტყმის ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთის ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში გამოეყოფა მოგრძო აფსიდიანი ცალკე სათავსი - სამკვეთლო. ეკლესიის შუა ნაწილს გარშემოსავლელთან ორი კარი აკავშირებს - სამხრეთისა და დასავლეთისა, რომელთა პირდაპირ არის გაჭრილი თვით ეკლესიის შესასვლელებიც. სამკვეთლო თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ ნაწილთან და გარშემოსავლელთან. VIII-IX საუკუნეების ბორჯომის ხეობის სხვა ეკლესიების მსგავსად, ფოთოლეთის ტაძარს ახასიათებს სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა.

1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. ამ დროს გამოვლინდა ტაძარში X საუკუნის კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე ამოკაწრულია XI საუკუნის წარწერები.

2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები. ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, XVI საუკუნის დასასრულს ფოთოლეთის ეკლესია წყვეტს ფუნქციონირებას.

2011 წლიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აღდგა ტაძარში სამონასტრო ცხოვრება. დღეისათვის ფოთოლეთის ეკლესია მოქმედია და მამათა მონასტერს წარმოადგენს.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის