დათუნას ეკლესია


galerea



aRwera

შუა საუკუნეებში საქართველოს მჭიდრო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ჩრდ. კავკასიის სხვადასხვა ხალხებთან. ამ ურთიერთობის ერთერთი საბუთია, დაღესტანში, ავარიელთა მთიან მხარეში მდებარე ქართული ტაძარი - ე.წ. "დათუნას ეკლესია“. 1968 წ. ჟურნალ "მაცნეში“ გამოქვეყნდა ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგის წერილი, სადაც იგი მოკლედ განიხილავს „დათუნას ეკლესიას" და სტილისტური ანალიზის მიხედვით, მას X საუკუნის ბოლო და X–XI საუკუნეთა მიჯნით ათარიღებს. „დათუნას ეკლესიისაკენ“ გზა მდ.ავართა კოისუს ხეობის გაყოლებით მიემართება მაღალმთიან რაიონულ ცენტრ სოვეტსკოესკენ. გავცდებით თუ არა სოფ.დათუნას, 2–3 კმ-ში პატარა ხიდთან უნდა გადავუხვიოთ. აქ მთის მდინარე მოსჩქეფს, რომელსაც კატან-კჰალს-ეკლესიის ხევს უწოდებენ. რამოდენიმე ათეულ მეტრში, მოსახვევთან, დახრამული ქარაფებით შემოზღუდული ტაფობი წარმოგვიდგება, რომელიც მაღლა გადმომდგარ პლატოს ქვედა ძირზეა მიბჯენილი. „დათუნას ეკლესია“ ტაფობის ცენტრში; ღელეს მოსახვევით წარმოქმნილ დაბალ კონცხზეა აღმართული. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ამ ადგილებში ეკლესია დიდი ხნის წინათ დასახლებულ ქართველებს აუგიათ. მათივე აზრით, სოფ.დათუნას მკვიდრნიც იმ ქართველთა შთამომავალნი უნდა იყვნენ, რომელნიც თუმცა გამაჰმადიანებულან, მაგრამ ეკლესიის რიდი ჯერაც შემორჩენიათ. ეკლესიის პირდაპირ, შემაღლებულ სერზე, ნაგებობათა კედლების კვალია. შესაძლოა ეს ნასახლარები ეკლესიის მფლობელებს ეკუთვნოდა და დასახლება ქრისტიანული მისიის ფუნქციას ასრულებდა მთიელთა მხარეში. „დათუნას ეკლესიის“ შესახებ წერილობით წყაროებში ცნობები არ მოიძებნება. ქრონოლოგიურად პირველია მთიელთა იმამ შამილის მდივნის, ჰაჯი-ალი ჭუხელის ცნობა, იმდროინდელ ყაჰიბის რაიონის სოფ.დათუნათაში ქართველების მიერ 1363 წელს ეკლესიის აგების შესახებ. იმავე ხანაში, ჩრდ.კავკასიის მკვლევარ დ.ანუჩინს, ვინმე გენერალ კომაროვის ვერსია მოჰყავს: თითქოს XIX საუკუნეში, ომარ ხანს, ყარსის ოლქიდან ქვისმთლელი ბერძნები გადმოუსახლებია და დათუნას ეკლესიაც მათ აუგიათ. ეს ფაქტი ანუჩინს საეჭვოდ მიაჩნია. 1923 წ. დაღესტნის კომპლექსური ექსპედიციის წევრი ნ.ბაკლანოვი აღნიშნავს, რომ დაღესტნის მთელ მხატვრულ მემკვიდრეობასთან შედარებით „დათუნას ეკლესია“ განსხვავებულ და უფრო სრულყოფილ კულტურის გამოძახილად ესახება  ექსპედიციის მეორე მონაწილე ნ.იაკოვლევი კი ძეგლის მოკლე აღწერასთან ერთად გადმოგვცემს ცნობას საუკუნის დასაწყისში აქ კედლის მხატვრობის არსებობის შესახებ. 1954 წელს, „დათუნას ეკლესია“ მოინახულა ქართველმა მკვლევარმა ტ.გუდავამ. იგი ეკლესიის მცირე აღწერის გარდა მოგვითხრობს საქართველოსა და დაღესტანს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე X-XIII სს-ში. მომდევნო ხანაში დაღესტნის სრული ისლამიზაციის შედეგად ეს ურთიერთობა მთლიანად შეწყდა. 1987–88 წწ დაღესტნის კულტურის სამინისტროს მიწვევით, “დათუნას ეკლესიის” შესასწავლად ავარეთში მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი: მ.ანდრიაძის, მ.ჩოდრიშვილის, თ.გაბუნიას, პ.ნუცუბიძის, ხელოვნებათმცოდნე გ.ჭანიშვილის და ფოტოგრაფ ი.ზენკოს შემადგენლობით. ძეგლზე ჩატარდა არქიტექტურულ-აზომვითი სამუშაოები და კომპლექსური კვლევა. მოხდა მისი სრული ფოტოფიქსაცია. (მასალები ინახება "საქრესტავრაციის“ არქივში).

„დათუნას ეკლესია“ დარბაზული ტიპის ნაგებობაა, აგებული ღია ფერის ქვიშაქვის უხეშად გათლილი კვადრებით. ჩრდ.ფასადი 3 მ. სიმაღლის საყრდენ კედელზეა დაფუძნებული ფასადები სადაა და მხატვრული აღქმის ძირითადი აქცენტი გლუვ კედელთა თარაზულ რიგთა წყობაზეა გადატანილი. წყობის ზედა რიგები თანამიმდევრულად ვიწროვდება და დაბალი თარო ლავგარდნით სრულდებოდა, რომელიც თითქმის სრულიად ჩამოიშალა. საყრდენ კედელში წყობა გაცილებით უხეშია ფასადებზე, ჩრდილოეთის გამოკლებით, თითო ვიწრო თაღოვანი, შიგნითკენ წირთხლებგაგანიერებული სარკმელია - აღმ.სარკმლის გვერდებზე ორი მრგვალი ხვრელია აფსიდის გვერდითი სადგომებისათვის, ფრონტონში კი აფსიდსზედა სივრცეში 3 მცირე თაღოვანი სარკმელია დატანებული მცირე მრგვალი ხვრელია სამხ. აღმოსავლეთ სათავსში სამხრეთ ფასადზე. ეკლესიას სამი ერთმანეთის მსგავსი ჩაძირული ნახევარწრიული ტიმპანიანი შესასვლელი აქვს. შიდა მხრიდან შესასვლელები თაღოვანია. ზღურბლები ამაღლებულია, ხოლო წირთხლებზე ბუდეებია ამოღებული მძლავრი ურდულებისათვის. დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელთაგან განსხვავებით, ძეგლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უჩვეულოა კარის დატანება ჩრდ.მხრიდანაც, რადგან აქ 3 მ. სიმაღლის საყრდენი კედელია და შესასვლელის არსებობა ფუნქციური თვალსაზრისით გაუმართლებელი უნდა იყოს. არ ჩანს  მინაშენის არსებობის კვალიც. აქ შეიძლება გავიხსენოთ ის დამოკიდებულება, რაც დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურაში სავანის ეკლესიის ჩრდ.კართან დაკავშირებით. სავანეში ჩრდ კარი; რომელიც ასევე მოკლებულია ფუნქციურ დანიშნულებას მიჩნეულია რუდიმენტულ გადმონაშთად, აფსიდის კედლის სისქეში სამნაწილედი საკურთხევლის ორგანიზაციისა და ამიტომ ჩრდ.დამატებითი სადგომის საჭიროების მოხსნის გამო8. ნაგებობის შიდა სივრცე წარმოადგენს აზიდული პროპორციების მქონე დარბაზს, რომელიც აღმოსავლეთით გეგმით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდასა და დარბაზს შორის განივად წაგრძელებული, გეგმაში მართკუთხა ფორმის ვიწრო კამაროვანი სივრცეა. ამ სივრცის ჩრდილო და სამხრეთ კედლებში 3 მ. სიმაღლეზე დატანებულია თხელი არქიტრავით გადახურული თითო მართკუთხა ხვრელი, საიდანაც შესასვლელებია მოწყობილი აბსიდის გვერდებზე კედლის სისქეში არსებულ მცირე სადგომებში, რომლებიც აღმოსავლეთისკენ აბსიდის მსგავსად მრგვალდება. თვით დარბაზს 2 თანაბარ ნაწილად ჰყოფს 3 საფეხურიანი წყვილი პილასტრი, რომელთა კედლისპირა თითო საფეხურს, გრძივ კედლებზე მაღალი თაღედი გასდევს. 3 თაღია გადაყვანილი დასავლეთ კედელზეც, შუა ამაღლებული ნაწილით. პილასტრთა კაპიტელები მარტივი პროფილის თაროს და წაკვეთილ სიბრტყეს შეადგენენ. დარბაზის აღმოსავლეთ მონაკვეთის კამარაზე წყობაში რელიეფური ჯვარია გამოყვანილი. კედლები შელესილია და მთლიანად გაჭვარტლულია. კედლის მხატვრობის კვალი ჩანს სამხრეთი კარის თაღზე. როგორც ძეგლის აღწერიდან ჩანს „დათუნას ეკლესია“ საერთო ასახულობით, სამშენებლო მასალის გამოყენებით; ფასადების გადაწყვეტის ხერხით, კარ–სარკმელთა ღიობების განსაზღვრული ადგილმდებარეობით და შიდა სივრცის ორგანიზაციით არ გამოირჩევა ქართული საკულტო არქიტექტურის დარბაზულ ნაგებობათა რიგიდან. სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებით ჩრდ. კავკასიაში აღმოჩენილ და მის მომიჯნავე საქართველოს მთიანი მხარის ძეგლთა სტილის განვითარება, საუკუნეთა მანძილზე თან ხვდება საქართველოს ბარის ძეგლების თანმიმდევრულ მხატვრულ - სტილისტურ ცვლილებებს ამიტომ „დათუნას ეკლესიის“ დათარიღებისათვის სრულიად მართებული იქნება ამ ძეგლის განხილვა, მსგავსი ტიპის ქართულ ეკლესიებთან კავშირში და მისთვის ქრონოლოგიური არეს მოძებნა ქართულ დარბაზულ ეკლესიათა თანამიმდევრულ მწკრივში. რენე შმერლინგი „დათუნას ეკლესიის“ დათარიღებისას აღნიშნავს, ამ ნაგებობის გეგმარების ორ თავისებურებას:

1. საკურთხევლის წინ გეგმაში მართკუთხა ფორმის ვიწრო კამაროვანი სივრცის მოწყობის გამო იგი მას აქცევს X ს-ის ქართულ დარბაზულ ნაგებობათა იმ მწკრივის ბოლოში, რომელთა გეგმარებისა და სივრცობრივ გადაწყვეტისას გამოყენებული იყო სხვადასხვა ზომის მონაკვეთთა ურთიერთმონაცვლეობა, რასაც აღარ ვხვდებით X საუკუნის შემდგომ პერიოდში, ხოლო 1002 წ. აგებული ხცისის ეკლესიის საკურთხევლისწინა მართკუთხა სივრცეს მიიჩნევს ადრეულ გეგმარებათა რემინისცენციად

2. დასავლეთ კედლის თაღედს იგი პარალელს უძებნის IX და X–XI საუკუნეთა მიჯნის ძეგლებს შორის: კუსირეთი, იელის წმ.გიორგი, პიპილეთი  ამ მონაცემებით იგი „დათუნას ეკლესიას“ ათარიღებს X საუკუნის ბოლოსა და X–XI საუკუნეთა მიჯნის ფარ - წლებში. ამავე ხანას პასუხობს „დათუნას ეკლესიის“ კიდევ ერთი თავისებურება კერძოდ» აბსიდის გვერდებზე კედლის სისქეში დამატებით წაგრძელებული სათავსების არსებობა, რაც მხოლოდ X–XI საუკუნეთა ძეგლებში გვხვდება. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი გეგმარება ახსნილია ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილის კომპაქტურად გადაწყვეტის მისწრაფებით, რის შედეგადაც შენარჩუნებულია ამ ნაწილის, როგორც ფუნქციური მოთხოვნილება (კედლის სისქეში მოქცეული სათავსები სამკვეთლოსა და სადიაკვნეს ფუნქციას ასრულებენ), ისევე კონსტრუქციული (ეს სადგომები ამცირებენ კედლის უსარგებლო მასივს) ამ ტიპის ძეგლებია X ს–ის დარბაზული ეკლესიები: ეხვევი, არბო, შიდა ქართლის ვანათი, დისევი, ზ/ყარაბულახი, სათხე. XI ს. I ნახევრის „ხოზიტა მაირამი“ ოსეთში და "ზედა სპეთი“. ქრონოლოგიურად უკანასკნელი ძეგლი 1046 წ. აგებული სავანეს "წმ.გიორგია“. თუმცა გამონაკლისის სახით ამგვარი ძეგლი შემდეგაც გვხვდება, მაგ. XIII ს. I ნახევარში აგებული კაზრეთის ეკლესია, მაგრამ იგი „წინა ეპოქაში ჩამოყალიბებულ სამნაწილედი საკურთხევლის რუდიმენტული გადმონაშთია“ XIII-XIV სს. ხშირად იყენებდნენ ადრეულ მოტივებს „დათუნას ეკლესიის“ ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორაციულ ორნამენტაციას. XI საუკუნიდან კი ფასადების მორთვა აუცილებელ მოთხოვნილებად იქცა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ამიტომ "დათუნას ეკლესიის" დათარიღებისას ეს გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. ამას გარდა, შემორჩენილი თარო ლავგარდნის ფრაგმენტიც გამორიცხავს XI საუკუნის შემდგომ პერიოდს, რადგან ამგვარი ტიპის ლავგარდანი X ს. მომდევნო ხანის ძეგლებში აღარ გვხვდება. ამ მონაცემების გათვალისწინებით „დათუნას ეკლესია“, თარიღდება X ს-ის II ნახევრით, თუმცა მთიანი მხარის სპეციფიკის გამო იგი შესაძლოა რამოდენიმე ათეული წლით გვიან აგებულიც იყოს; რადგან ამ რეგიონისათვის დამახასიათებელია ოდნავი დაგვიანება სტილის განვითარებაში. "დათუნას ეკლესიაზე" ჩატარებული აზომვითი და საკვლევი სამუშაოების შედეგად წარმოჩენილი მასალა საშუალებას იძლევა მთლიანად აღვადგინოთ და პირვანდელი დასრულებული სახე მივცეთ ძეგლს.

 

ინფორმაცია მოამზადა თორნიკე დიასამიძემ
ფოტოები: თორნიკე დიასამიძის