კლიკის ჯვრის ეკლესია


galerea



aRwera

კლიკის ჯვრის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანიდან 1 კმ-ზე, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება VII - VIII საუკუნეებით. ნაგებობა წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას (10.5 მეტრი * 10 მეტრზე), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები კი (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1 - 2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამსრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან. შესასგლელი სამხრეთის მინაშენშია. შუა ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია გვერდით სათავსებში გასასვლელი კარები. სამივე ეკლესიის აფსიდები სწორკუთხაა. შუა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში, სხვადასხვა სიმაღლეზე, თითო სარკმელია. გვერდის ეკლესიების აღმოსავლეთ კედლებშიც თითო სარკმელია. შუა სათავსის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები პილასტრებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემოსაზღვრული კედლის ბრტყელი ნიშები. პილასტრებით არის გამოყოფილი დარბაზისაგან ღრმა საკურთხეველიც. ამ პილასტრებზე და აღმოსავლეთის კედელზე დაყრდნობილი თაღები საკურთხეველში ქმნის ღრმა ნიშს. კონქზე გადასვლა ხდება თაღებს ზემოთ, სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეების ტრომპებისა და მათ თავზე მოთავსებული ხუთი წახნაგის საშუალებით. შუა ეკლესია სატრიუმფო და საბჯენ თაღებზე და დასავლეთის კედელზე ღაყრდნობილი ცილინდრული კამარით (ჩანგრეულია) იყო გადახურული.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი