ზენუბნის სამების კომპლექსი


galerea



aRwera

სამების კომპლექსი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზენუბნის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრზე, მთის წვერზე. განეკუთვნება VIII - IX საუკუნეებს და გვიან შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის სამების ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გალავანი.

სამების ეკლესია (8.2 მეტრი * 7.5 მეტრზე) დარბაზულია. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს ნაგებია კირის ხსნარზე ნაწყობი, შერჩეული დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიაჩებულია. ჩამოშლილია კამარის ჩრდილოეთის გვერდის ნაწილი და აქა-იქ ფიქლის საბურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან ქვის არქიტრავითაა გადახურული თარაზულად. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც ფართო მხრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო და მაღალი, სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული საფუძველი შექმნილია საკურთხევლის კუთხეებში გარდიგარდმო დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ თანდათან გადმოშვერილი თხელი ქვების წყობით. კონქის არეში მოწყობილია მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის გვერდის კედლებში, კუთხეებთან ახლოს, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი თაღოვანი ნიშია სამხრეთ კედელში, შესასვლელის თავზე. ეკლესიის გრძივი კედლები და კამარა პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი  საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. დარბაზისა და საკურთხევლის კედლებს მთელ სიგრძეზე ფართო საფეხური გასდევს. ეკლესიაზე დასავლეთიდან მოგვიანებით მიუდგამთ ნატეხი ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესია  (6 მეტრი * 3.9 მეტრზე),  ამჟამად მისი მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. რელიეფიდან გამომდინარე, იგი სამების ეკლესიასთან შედარებით მაღალ ადგილზე დგას. უფრო გვიან (გვიან შუა საუკუნეებში) ორივე ნაგებობისთვის სამხრეთიდან მიუშენებიათ, ერთიანი ვიწრო, დაბალი სათავსი. იგი მცირე ეკლსიის შესაბამის კედელს მთლიანად, ხოლო დიდი ეკლესიისას ნაწილობრივ ფარავს. შესასვლელი მცირე ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენიდან აქვს. აღოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის სამხრეთ გვერდში ელიფსის ფორმის პატარა ნიშია. აფსიდის ღერძზე სარკმელია მოწყობილი. იგი დიდი ეკლესიის დასავლეთ სარკმლის გაგრძელებაზეა. სამხრეთ მინაშენი სანახევროდაა შემორჩენილი, იგი განათებული იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით. მინაშენის იატაკი სამების ეკლესიის იატაკზე რამდენადმე მაღლაა, რის გამოც ეკლესიის კარის ღიობში კიბის რამდენიმე საფეხურია მოწყობილი. მინაშენი ეკლესიას ტავდაპირველადაც ჰქონია. კედლის ტითქმის მთელს სოიგრძეზე შემორჩენილია წყობით შვერილი ქვებით გამოყვანილი თარო, რომელსაც როგორც ჩანს, მინაშენის კმარა ეყრდნობოდა.

კომპლექსის შემადგენლობასი შემავალი კოშკი ხუთწახნაგაა, ის დგას დიდი ეკლესიის სამხრეტ აღმოსავლეთ კუთხესთან. ნაგებობა განეკუთნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმიტ არაწსიერი ხუთკუთხედის ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. მას ზედა ნაწილი მოწღვეული აქვს. შემორცენილია მისი მხოლოდ ორი სართული. კოშკს ეტყობა რამდენიმე შეკეტების კვალი. პირველ სართულზე დასავლეთ კედელში ფართო თაღოვანი კარია გაჭრილი. სართული ორი სხვადასხვა ზომის სადგომისგან სედგება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება გამმიჯნავ კედელში გაჭრილი ვიწრო გასასვლელით.  სადგომის მოზრდილი ნაწილის ჩრდილოეთ კედელში ვიწრო სარკმელია, სამხრეთ კედელში კი კარი რიტაც იგი კოშკზე მიშენებულ მოგრძო სადგომს უკავშირდებოდა. სარტულის მცირე სადგომის კედლები ყრუა. კოშკის II სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. სამხრეთ კედელში კარის წირთხლია მორჩენილი. ამ კარით II სართული მინაშენის II სართულთან იყო დაკავშირებული. კოშკის აღმოსავლეთით, გალავნის გარეთ, კედლიდან  1 მეტრზე, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაცილებული სამი სწორკუთხა ბურჯია, რომლებიც, როგორც ჩანს, კოშკის ზედა, ამჟამად მონგრეული ნაწილის საყრდენს ქმნიდა. იქვე ახლოს ნანგრევებად ქცეული ორი სწორკუთხა ნაგებობაა. კომპლექსის დანარჩენ ნაგებობათაგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ვასილ ჭიჭაღუასი