ვაზისუბნის სანაგირე
galerea
aRwera
ვაზისუბნის სანაგირის ღვთისმშობლის ეკლესია, მდებარეობს სოფლის ზემოთ (სამხრეთ-დასავლეთით), ექვსიოდე კმ-ში, წილიანახევის ერთ-ერთ თხემზე, ხშირ ტყეში. ადრე, როგორც ჩანს, აქ მონასტერი ყოფილა, რომელიც აერთიანებდა სამ ეკლესიას – ბაზილიკას, დასავლეთის ორსართულიანი კარიბჭით, და ბაზილიკაზე, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, ოდნავ მოგვიანებით მიშენებულ მცირე ეკლესიებს.
დასახელების (სანაგირე) წარმომავლობა გაურკვეველია, ხალხური ეტიმოლოგიით იგი მომდინარეობს სიტყვა უნაგირიდან, რაც ეკლესიის ადგილმდებარეობითაა გამოხატული – მთას, რ-ზედაც ეკლესია დგას, უნაგირის ფორმა აქვს. ბაზილიკაზე დაცულ XVII ს-ის წარწერაში კი, იგი მოხსენიებულია „სანგირეთ მღვთის მშობლის ბრწყინვარე ეკლესიად”. მონასტერს გარს ევლებოდა დაბალი გალავანი, რომლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოწყობილია შესასვლელი. გალავნის გარეთ (25-30ზე), სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნაგებობის ნაშთია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - მარანი.
ბაზილიკა შთამბეჭდავი, მოზრდილი ნაგებობაა (გარეთა ზომები: სიგრ. – 20.3 მ, სიგ. – 13.8 მ.) განეკუთვნება X ს-ის მიწურულს. მიუხედავად ორდინარული სამშე- ნებლო მასალისა, დეკორატიული თვალსაზრისით იგი საკმაოდ გააზრებულადაა გამოყვანილი. კედლები რიყის ქვითა და აგურითაა ნაშენი, აფსიდი, კონქი, კამარები, თაღები და პილასტრები აგურისაა. შიგნით ბაზილიკა მთლიანად შე- ლესილი ყოფილა. ბაზილიკის მთავარი ნავი, რომელიც გვერდის ნავებისაგან გამიჯნულია ბოძების ერთი წყვილით. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის წინ ღრმა ბემაა, რ-ის კამარასა და აფსიდის კონქს შორის საკმაოდ მაღალი „შუბლია“. საკურთხეველში სამი დიდი თაღოვანი სარკმელი და ორი მცირე ნიშაა. ქვემოთ კედელს ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს, რომლის შუაში, ცენტრალური სარკმლის ქვემოთ, გამოყვანილია პატარა შემაღლება – მონასტრის წინამძღვრის ადგილი. აფსიდის შუაში დგას დიდი, კუბური ფორმის ტრაპეზი. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ბოლოში გეგმით თითქმის კვადრტულ და ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული განცალკევებული სათავსებია – სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც შესაბამის ნავს დასავლეთის კედელში გაჭრილი თაღოვანი კარით უკავშირდებიან. სადიაკვნეს შესასვლელი გარედან გადახურულია ქვის ზღუდარით, შიგნით კი თაღოვანია. სამკვეთლოს შესასვლელიც თარაზულადაა გადახურული, თუმცა მას ორივე მხრიდან წყობაში მოქცეული თაღები აქვს. სამკვეთლო განიერი თაღოვანი გასასვლელით საკურთხეველთანაცაა დაკავშირებული. ორივე სათავსის აფსიდში თაღოვანი სარკმელია, რომელთა ქვემოთ, კედელზე ტრაპეზია მიდგმული. სამკვეთლოს აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდის სარკმლის გარდა, სამკვეთლოს ჩრდილოეთით ხოლო სადიაკვნეს სამხრეთ კედელში მოწყობილია თითო მრგვალი სარკმელი. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე გეგმით სწორკუთხა და ცილინდრული კამარით გადახურული თითო სათავსია, აღმოსავლეთით თაღოვანი სარკმლით და პატარა ღიობით დასავლეთიდან სათავსებში ასასვლელად, როგორც ჩანს, ხის მისადგმელ კიბეს იყენებდნენ. მთავარი ნავი გვერდით ნავებთან ორ-ორი თანაბარი სიმაღლის, მაგრამ სხვადასხვა სიგანის თაღითაა დაკავშირებული. ოთხივე თაღი მთავარი ნავის მხრიდან ორსაფეხურიანია. საკურთხევლის მიმდებარე თაღები ორჯერ უფრო განიერია. მათ ქუსლებთან გამოყოფილია იმპოსტები – აღმოსავლეთ მხარეს მაღალი თაროა, რომელიც აგურის სამი რიგითაა გამოყვანილი, ხოლო დასავლეთით – შირიმის ქვაში გამოკვეთილი ლილვი. შუა ნავის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ორ წყვილ პილასტრს ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღი ნავში საკურთხევლის სივრცეს გამოყოფს. პილასტრები დასრულებული ყოფილა თაროსებრი კაპიტელებით, რომლებიც მოგვიანებით (როგორც ჩანს მოხატვის დროს) ჩამოუმტვრევიათ. ნავების დამაკავშირებელი განიერი თაღების მალებში, აღმოსავლეთ გვერდზე მიშენებულია კუბური ფორმის მაგიდა ხატების დასასვენებლად. მთავარი ნავის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმელია: ორ-ორი – განიერი მალის, ხოლო თითო – მცირე მალის ზემოთ. დასავლეთ კედელში კარიბჯეში გასასვლელი მაღალი კარია, მის ზემოთ – პატრონიკეს უფრო პატარა ღიობი და კიდევ უფრო მაღლა – თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავების გარეთა კედელში, შუა ნავის ვიწრო თაღის პირდაპირ, თაღოვანი სარკმელია, ხოლო განიერი თაღის პირდაპირ – ტიმპანით დასრულებული განიერი და მაღალი კარი. მეორე ასეთივე კარია მათ დასავლეთ კედელში. ამ კარებით ისინი დასავლეთის კარიბჯეს უკავშირდებიან.
ბაზილიკაში შემორჩენილია განვითარებულ შუა საუკუნეებში შესრულებული მხატვრობის
მეტად დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხეველში, სამხრეთ მხარეს, სარკმლის გასწერივ გაირჩევა ორი ფრონტალური ფიგურა (სავარაუდოდ ეკლესიის მამები). ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებანი, დიდი ზომის სხეულითა და ტერფებით შემონახულია ბემის კედლებზე (სამხრეთით ერთიმეორის ზემოთ რეგისტრის ხაზით გაყოფილი ორ-ორი ფიგურაა, ხოლო ჩრდილოეთით – მხოლოდ ორი) და სარკმლის წირთხლებზე. საკურთხევლის მოხატულობა დასრულებულია ორნამენტის სოლით. ცენტრალურ ნავში, სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, შემორჩენილია რაღაც სცენის მცირე ნაწილი (ნაგებობა) და მის ფონზე წარმოდგენილი წმინდანები. (ცალკეული ფიგურები გაირჩევა დასავლეთ კარის ტიმპანში. ერთ-ერთი მათგანი ბავშვია. სამხრეთ-დასავლეთის ბოძიდან დასავლეთ კედელზე გადაყვანილი თაღის სოფიტის ცენტრში ჯვრის გამოსახულებაა. ხოლო ამავე ბოძის სამხრეთ წახნაგზე, მთელი ტანით წმინდანია გამოსახული. ტაძარში შემონახული სხვა ფრაგმენტები იმდენადაა დაზიანებული, რომ მათი გარჩევა შეუძლებელია.
მხატვრობის კოლორიტში ჭარბობს ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-აგურისფერი, ღია მწვანე, ცისფერი. წმინდანთა მონუმენტალური და დენადი გამოსახულებანი და ოსტატურად შესრულებული ორნამენტი, მოხატულობას განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლებთან აკავშირებს.
დასავლეთის კარიბჭე ბაზილიკასთან ერთადაა გამოყვანილი. შესასვლელი მას დასავლეთ კედლის შუაში აქვს. კარი თაღოვანია. მოგვიანებით ღიობში ისრული თაღი ჩაუშენებიათ და იგი მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. შიგნით კარიბჭე პილასტრების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით გაყოფილია სამკვადრატულ ნაწილად. მათგან შუა შეკრული კამარითაა გადახურული, გვერდითები კი – კოლოფა კამარით. გვერდის ნაწილებს დამოუკიდებელი შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვთ. ორივე მათგანის აღმოსავლეთ კედელში კარია, რომელიიც შესაბამის ნავში გადის, ხოლო დასავლეთით – მაღალი და განიერი თითო თაღოვანი სარკმელი.
კარიბჭის სამხრეთ ნაწილის დასავლეთ კედლის კამარის დასაწყისში, მოწყობილია პატარა ღიობი, საიდანაც იწყება II სართულზე ასასვლელი მილისებრი ხვრელი. კარიბჯის II სართული შედგება თანაბარი ფართობისა და ერთმანეთთან დაკავშირებული სამი კვადრატული სათავსისგან. შუა სათავსის დასავლეთის კედელში, ეკლესიაში გამავალი ღიობის მოპირდაპირედ, მაღალი, თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდის ნაწილების დასავლეთ კედლის – თითო პატარა მრგვალი სარკმელი. ჩრდილოეთით მდებარე სათავსს ერთი პატარა სარკმელი ჩრდილოეთიდანაც აქვს ბაზილიკაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული ეკლესია მთლიანად აგურისაა, განეკუთვნება X-XI სს. მისი შუა ნაწილი, რომელიც ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების მიმართ რამდენადმე შემაღლებულია და ორქანობიანი სახურავითაა დაფარული. დანარჩენიბი კი – ცალფერდა სახურავით, ქანობით ჩრდილოეთისკენ. შესასვლელი შუა კედელშია ბაზილიკის შესასვლელის პირდაპირ. აღმოსავლეთით, საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში, თაღოვანი სარკმელი და მის ორსავე მხარეს მდებარე, თითო მცირე ზომის ნიშაა. ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშია, ორი – ჩრდილოეთით. მათგან ერთი აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო მეორე – შესასვლელის ზემოთ. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისაგან კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. დასავლეთის ნაწილის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის სამივე ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით. მათგან შუა ნაწილის კამარის ღერძი ბაზილიკის ჩრდილოეთ კედლის პერპენდიკულარულია.
ბაზილიკას სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, ეკვრის XI-XII სს-ში აგებული, საკმაოდ განიერი და ვრცელი, მაგრამ შედარებით დაბალი, ეკლესია იგი გადახურულია კოლოფა კამარით ერთ საბჯენ თაღზე, რომელიც ეყრდნობა გრძივი კედლების ერთსაფეხურიან პილასტრებს. ეკლესია მთლიანად რიყის ქვისაა, მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია მოპირკეთებული შირიმის წესიერი ფორმის თლილი კვადრებით, რომლებიც დაწყობილია თანაბარი სიმაღლის სწორ რიგებად. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. მეორე კარი ბაზილიკის სამხრეთ ნავიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის შვერილი აფსიდია. ინტერიერი განათებულია ოთხი თაღოვანი სარკმლით. ეკლესია გადახურულია ორქანობიანი სახურავით. შიდა სივრცის მსგავსად იმპოზანტური და შთამბეჭდავია ბაზილიკის გარეგანი სახეც.
ბაზილიკის დასავლეთ ფასადს შეადგენს ორსართულიანი კარიბჭის ერთიანი კედელი. რომელიც დასრულებულია ორფერდა სახურავით და ოდნავ წინ, შუა ნავის აზიდული კედლის სიბრტყე, პატარა სარკმლით შუაში. ამავე ვერტიკალზეა განლაგებული კარიბჭის I სართულის აგურით ნაწყობი დიდი სარკმელი და მის ქვემოთ, კარიბჭეში შესასვლელი თაღოვანი კარი, რომელიც შირიმის კვადრებითაა მოპირკეთებული. კარის ორივე მხარეს, II სართულის განაპირა ნაწილებზე, შირიმის სუფთად გათლილი ქვებით გამოყვანილი თითო თაღოვანი სარკმელია. ფასადის ზედა ნაწილში, სარკმლის გვერდებზე, აგურისა და რიყის ქვის ერთიან წყობაში, ჩასმულია თითო მოზრდილი შირიმის კვადრატული ფილა, რომელშიც ამოჭრილია მრგვალი სარკმელი. გარდა ამისა, სართულების საზღვარზე, შესასვლელის სამხრეთით, კიდევ ერთი მრგვალი სარკმელია, რომელიც კარიბჭის II სართულზე ასაძრომ ხვრელს აშუქებს. კარიბჭე გადახურულია ორფერდა სახურავით, რომლის ბოლოები ბაზილიკის გვერდითი ნავების სახურავებთანაა შერწყმული. ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის ფასადი, რომლის უმეტესი ნაწილი ამ მხრიდან მიშენებული ეკლესიითაა დაფარული, მოპირკეთებული იყო სუფთად გათლილი შირიმის კვადრების სწორი რიგებით. კედლის დასავლეთ ნაწილში არსებულ მაღალ თაღოვან სარკმელს, რომლის საზღვარზეც მიშენებული ეკლესია მთავრდება, განიერი. პროფილირებული საპირე ევლება. სავარაუდოა, რომ მსგავსი საპირე ჰქონდა სამკვეთლოდან გამომავალ მრგვალ სარკმელსაც. სარკმლებს შორის ბაზილიკაში შესასვლელი კარია. მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედელი კი მთლიანად აგურითაა ნაწყობი. ამ კედელზე, გარდა სამი დიდი სარკმლისა, რიტმულადაა განლაგებული ყრუ თაღები. მათ ზემოთ, ფასადის მთელ სიგრძეზე, ვერტიკალურად დაყენებული აგურებით გამოყვანილია ფიგურული არშია. კედელი დასრულებულია მაღალი ლავგარდნით, რაც ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხით შვერი- ლი აგურის რიგების მონაცვლეობითაა შედგენილი. ამგვარადვეა გაფორმებული მთავარი ნავის სამხრეთ კედელიც.
ბაზილიკის აღმოსავლეთ ფასადი ძირითადად აგურითაა ნაწყობი. რიყის ქვა ჩართულია მხოლოდ აფსიდების შვერილებში, აგურის სახეებიან წყობაში, სარკმლის საპირეები შიმირიმისაა. საკურთხევლის აფსიდის შვერილის ზემოთ აღმართულია მთლიანად აგურით ნაწყობი და მაღალი ლაეგარდნით დასრულებული მთავარი ნავის სწორი კედელი, რომელიც მორთულია პატარა სწორკუთხა შეღრმავებით და მასში ჩაწერილი, აგურისავე წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვრით. შუა აფსიდის მძლავრ გამონაშვერში გაჭრილ სამივე სარკმელს, შირიმის პროფილირებული საპირე ევლება, რომლებიც ერთმანეთს შირიმისავე თაღებით უკავშირდებიან. ამ ძირითად დეკორატიულ მახვილს ემატება კედლის ფიგურული და ფერადოვანი წყობა – სარკმლებს ზემოთ და ქვემოთ. სარკმლებს ზემოთ რიყის ქვის სამი რიგი, აგურის სამი რიგისგან შედგენილ შრეებს შორის არის მოქცეული. მათგან რიყის ქვის ზედა რიგში, ქვებს შორის თითო აგურია ჩადგმული – ვერტიკალურად. სარკმლებს ქვემოთ კვლავ წყობის რიგების მონაცვლეობაა: რიყის ქვის ერთი რიგი (ქვებს შორის ვერტიკალურად ჩადგმული სამ-სამი აგურით), აგურის სამი რიგი და ა. შ.
გვერდის აფსიდების სარკმლებიც შირიმის პროფილირებული საპირეებითაა მორთული. მათ გვერდებზე და ქვემოთ კედლის წყობა ისეთივეა, როგორიც მთავარ აფსიდზე.
სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი კედლის სიბრტყეში ჩაჭრილი თამასითაა მორთული. ასევე პროფილირებული თამასა ევლება დასავლეთ სარკმელსაც. მის ზემოთ ოთხი კვადრატული ფორმის შეღრმავებაა, რომელთა ერთობლიობა ჯვრის სახეს ქმნის. სარკმლის ქვემოთ, საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში ჩასმული სწორკუთხა შესასვლელია. ფასადზე შემორჩენილია თავდაპირველი ლავგარდნის ფრაგმენტები, რომლიის პროფილს დახრილი სიბრტყე და ლილვი შეადგენს. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.
1990-იანი წლების დასაწყისში სპეციალურმა სამეცნ-სარესტ. საწ. სახელოსნომ ძეგლზე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტ. ი. მოსულიშვილი), რომელიც მოკლე ხანში შეჩერდა.
2016 წელს ძეგლზე კვლავ ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისგან, გამაგრდა და შეილესა ტაძრის კედლები, გამოიცვალა სახურავი. რეაბილიტირებული ტაძრის ფოტოები საიტზე განთავსდება მოგვიანებით.