ჰუჯაბი
galerea
aRwera
ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ფოლადაურის სათავეებში, მის მარჯვენა სანაპიროზე, თანამედროვე სოფელ ახ - ქერფის მახლობლად მდებარეობს. ეს სოფელი ამჟამად მარნეულის რაიონში ითვლება; ძველად კი შედიოდა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში, რომელსაც ბოლნისის ხევი ეწოდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი ფოლადაურის ხეობის აღწერისას ჰუჯაბის მონასტერსაც ისხენიებს: „არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუნბათიანი, კედილს ადგილს და აწ ცალიერ არს“. სოფლების სიაში ავტორი ამ სახელწოდების სოფელსაც ასახელებს, ფორმით „უჯაბი", რომელიც მოქცეულია სოფელ ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის.
სამონასტრო კომპლექსი სოფლიდან დაახლოებით 1 კილომეტრზეა ლალვარის მთის ძირში. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გუმბათიანი ეკლესიაა, რომლის კედლებში გამოყენებულია აგური და გათლილი ქვის ლოდები. მოპირკეთებაში ღია ფერის ქვებს ენაცვლება მუქი ფერის ლოდებიც, რაც სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. სარკმლები და გუმბათის ყელი უხვად ყოფილა შემკული ქართული წნული ორნამენტით, ასეთივე წნული ჩუქურთმითაა შევსებული მოზრდილი ჯვარიც. შიგნიდან ეკლესია მოხატული ყოფილა, რომლის კვალი ჯერაც ეტყობა. ხელოვნების ისტორიკოსები ამ ნაგებობას XIII საუკუნის I ნახევარს მიაკუთვნებენ.
გალავნის შესასვლელთან მეორე ეკლესიის ნანგრევებიცაა. იგი დარბაზული ტიპის შენობა ყოფილა, საშუალო ზომის თანაბარი ლოდებით, ჰორიზონტალურ წყობაზე ნაგები. გვიან გადაკეთებული ეს ნანგრევები, 1956 წლამდე თივის შესანახად იყო გამოყენებული. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, მცირე ეკლესია ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს. შირიმის, ქვა რომლითაც ის აუგიათ, ხევის აყოლებით, დაახლოებით 1 კილომეტრზე მოიპოვება. ეზოში არსებული ნანგრევები მოწმობენ, რომ აქ იქნებოდა მონასტრის ბერთა სენაკები და სატრაპეზო, ასევე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი.
სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა სანაპიროს ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია შემორჩენილი საკუთარი ეკლესიის ნანგრევით. 1988 წლის მდგომარეობით ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთის კედელიღა იდგა, თუმცა ეკლესიის ბუდე კარგად ჩანდა (10 მ * 4 მ-ზე). ეს უნდა იყოს ჰუჯაბის ნასოფლარი.
ჰუჯაბის მიდამოებში სხვაც ბევრი ნასახლარ - ნაეკლესიარია; მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ფოლადაურს აყოლილი გზა და მგლის კარის უღელტეხილია, რომელსაც ლორე -ტაშირში გადავყავართ. ახ - ქერფიდან იგი 13 კილომეტრზეა, ზღვის დონიდან 1770 მეტრზე. ესაა დაახლოებით 80 მეტრის სიგრძის კლდეში გამავალი დერეფანი, რომლის სიგანე ზოგან 10 მეტრამდეა. არ ჩანს რომ კლდე ყველგან ხელოვნურად იყოს გაკაფული. იგი უფრო აქ გამავალ მოგზაურთა მიერაა საუკუნეების განმავლობაში დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სარგებლობდა როგორც ფოლადაურის, ასევე შულავრის ხევიც, რომელსაც ლორისკენ სხვა გადასასვლელი არ აქვს; ეს გზა კი უფრო მოკლეა მაშავერ - ფინეზაურისა და დებედის ხეობათა გზებთან შედარებით. უღელტეხილის სიახლოვეს, გზის პირა კლდეზე, პატარა, სქელკედლებიანი, დარბაზული ეკლესიის, ნანგრევი იყო, რომლის ნალისებური აფსიდა ნაგებობას ადრეული შუა საუკუნეებით ათარიღებდა.
ჰუჯაბის ტაძარი მდებარეობდა ლორესკენ მიმავალი უღელტეხილის მგლის კარისაკენ მიმავალ გზაზე. აღნიშნული გზის მნიშვნელობას ადასტურებს მის გასწვრივ, ხეობის ორივე ნაპირზე დამოწმებული ნასოფლარების სიმრავლე. ფეოდალური ხანის მთელ სიგრძეზე ისინი ცოცხალი ერთეულები ჩანან, რაც ამ გზის სიცოცხლისუნარიანობაზეც მეტყველებს. ამასვე გვიდასტურებენ წერილობითი წყაროებიც: ჟამთა აღმწერლის ცნობით, თბილისზე გალაშქრების წინ ჯალალედინი „დაბანკებულ იყო სომხითს, ხევსა ბოლნისისა“ ორბელიშვილნი ერთ საბუთში წერენ: „ბოლნისზე… ამ ჩვენს მამულში რაც ქარავანი გაივლის, ბაჟი სულ ჩვენაო“. საბაჟო ყოფილა მგლის კარის უღელტეხილის, სიახლოვესაც, რაზედაც 1717 წლის კიდევ ერთი საბუთი მეტყველებს. ესაა საზღვრების გარიგების წიგნი აქაური მფლობელებისათვის: „კაჭაჭკუტიდამ რომ სომხითისაკენ გზა გარდმოვა, სომხითს რომ გადმოხედავს წინ ერთი სერი არის – სახელი ურაც - თალა ჰქვიან, იმის გაღმითაც ერთი სერი არის კაჭაჭკუტისაკენ, რაც იმ ორს შუა ხევი ჩამოვარდება ჭიპექის წვლამდის.... ორის წყლის შესაყრის სისწორ სერი რომ შემოივლის, თავს საბაჟოს ქვის ყრილობა, იმათან ელის შარა რომ შემოივლის, გზის კლდე ნადვალეთის სამძღვრამდის დარჩა, შანშიაშვილებს, იმის გადმოღმა დარჩა ოფრეთელო, ქკსა უე“. როგორც ვხედავთ, საბაჟოსთან ელის შარაცაა დასახელებული, რაც ქვემო ქართლის ბარში ჩამოსახლებული, თურქმანული ტომების ცხვრისა თუ საქონლის გზას გულისხმობს. ისინი თავის ფარებს საზაფხულო საძოვრებისკენ ამ გზით ერეკებოდნენ.
იმავე გზის მნიშვნელობაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფეოდალური ხანის გვიანი საუკუნეების ძეგლი ესაა ქვის ერთ თაღიანი ხიდი ფოლადაურზე, შულავრის ხეობიდან გადმოსასვლელში. სწორედ მისი სახელი შერქმევია იქვე არსებულ სოფელს ახ - ქერფი აღნიშნავს „თეთრ ხიდს”. სოფელში სომხური მოსახლეობაა. იქაური მოხუცების თქმით, ესენი ერეკლე მეფის დროს არიან გადმოსახლებულნი, თუმცა სასაფლაოზე XIX საუკუნეზე ძველი საფლავი არ ფიქსირდება.
საინტერესოა, რომ ჰუჯაბის მონასტრის სახელი არ გვხვდება ძველ საბუთებში. მხოლოდ XVIII საუკუნის I მეოთხედიდან ჩანს იგი „ხუჯაბის“ ფორმით: ესაა 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარი და დასტურლამალი, სადაც აღნიშნულია ხუჯაბის ქორის ბუდე. თუ ეს ამბავი შემთხვევითი არაა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰუჯაბი ანუ ხუჯაბი მოგვიანებით შერქმეული სახელია, მაგრამ ჩვენ არც ამ ადგილის ძველი სახელწოდება ვიცით. ჰუჯაბი (ხუჯაბი) ივ. ჯავახიშვილის განმარტებით არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვიდან ჰაჯიბი (ხაჯიბი), ეჯიბს –– მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს. ე. ი. ჰუჯაბი (ხუჯაბი) ქართულად შეიძლება გავიგოთ როგორც „ეჯიბნი“.
ზემოთქმულთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება XVII საუკუნის ორი საბუთი. პირველი 1651 წლისაა, რომელშიც როსტომ მეფე წერს: „გიბოძეთ ეჯუბისშვილსა, კარისა ჩუენისა მესტუმრესა დონდარს და ძმასა თქუენსა ზურაბს, ძმისწულსა შენსა მირზაალის, შვილთა თქუენთა შავერდის და გამრიკს…. მას ჟამსა, ოდეს ბედნიერთ ხელმწიფეთა პაპა -მამათა ჩუენთა, პაპა თქუენი და მამა თქუენი ლორიდამღა აეყარა და სომხითს გარდმოესხა და ბედნიერს პაპასა ჩუენსა, პატრონსა ლუარსაბს და მეფესა პატრონსა სვიმონს პაპა - მამათა თქუენთათვის წყალობა ექნა და ებოძებინა სომხითს ოხერი ნასოფლარი ყუდრო და ნასოფლარი შიხჩობანი და პაპა - მამათა თქუენთა აეშენა და სამკუიდროდ დაგჩომოდა“.
ამ საბუთის მიხედვით გამოდის, რომ ეჯუბისშვილები (იმავე წლის სხვა საბუთში ესენი ეჯიბისშვილებად იხსენიებიან) XVI ს-ის შუა წლებში ლორიდან გადმოუსახლებიათ მეფე ლუარსაბსა და მის ძეს სიმონს. მაშინ მიუღია ამ საგვარეულოს სომხითის ნასოფლარები ასაშენებლად და სამკვიდროდ როსტომის დროს (1651 წელი) ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი სამეფო კარის მესტუმრის სახელს ფლობს, თუმცა მათი გვარსახელი ისევ მეკარის თანამდებობას აღნიშნავს. ამავე პირებს იხსენიებს 1651 წლის სხვა დოკუმენტიც. იქ ნათქვამია, რომ მეფის კარის მესტუმრეს ეჯიბის შვილს დონდარს, მის ძმას ზურაბს, მათ შვილებს შავერდისა და გამრიკას, როსტომ მეფემ უბოძა სომხითის სოფელი მიშტარაშენი და მამული სოფელ ტალავერში. საინტერესოა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი, ალბათ დონდარის ძის გამრიკას სახელის გათვალისწინებით, საბუთის აღწერას იწყებს სიტვებით: „სიგელი გამრეკელებისა, მიცემული როსტომ მეფის მიერ“. თუ ეს მახვილგონივრული მიხვედრა სხვა მხრივაც დადასტურდებოდა, მაშინ გვეცოდინებოდა ეჯუბისშვილთა ძველი გვარი - თორელი. ეს მით უფრო, რომ ცნობილია, თორელთა გვარის წარმომადგენლების სამოხელეო და სამამულო მფლობელობა ქვემო ქართლში.
აგერთვე საინტერესოა ქართულ - სპარსული ორენოვანი საბუთი, რომლის მიხედვით, 1661 წელს შაჰნავაზი, კარის მესტუმრე დონდარ ეჯებისშვალს, მას და ძმას და შვილებს აძლევს სომხითის ნასოფლარებს კარასპიუორსა და ნადვალეთებს. სპარსული ტექსტის მიხედვით, ეძლევა „დონდარ - ბეგ თუშმალს... მის ძმას ზურაბს და მის შვილებს შაჰვერდის და გამრიკს... სომხითს სოფელი ქარასაფური და ნადვალეთი. გააშენებენ და დაასახლებენ რა ხსენებელ სოფლებს, თავის თიულად დამტკიცებულად იცნონ ისინი“. აქ ნახსენები ნასოფლარები ფოლადაურის ზემო წელზეა, ჰუჯაბის სიახლოვეს. ისანი ეჯიბისშვილებს დაუსახლებიათ და იქაური მებატონეებიც გამხდარან. 1721 წლის აღწერის დავთარში სოფლებში კარასპუორში, ზემო და ქვემო ნადვალეთებში მებატონეებად თუშმლიშვილები იხსენიებიან. ესენი კი, ზემოხსენებული საბუთის სპარსული ტექსტის მიხედვით, იგივე ეჯუბისშვილები არიან, რადგან თუშმალი სპარსულში მეკარეს, კამერდინერს აღნიშნავს, ამიტომაა, რომ საბუთის ქართელი ტექსტის „დონდარა ეჯუბისშვილის“ ფარდად, სპარსული ტექსტი იძლევა „დონდარ - ბეგ თუშმალს“. ასეთ პირობებში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნასოფლარად ქცეული ჰუგაბი, ოდესღაც ეჯიბთა (ეჯუბიშვილთა) მიერ მოშენდა და სახელიც აქედან მიიღო სოფელმა. ვაბუშტის რუკაზე სოფ, ჰუჯაბში აზნაურის რეზიდენციაა აღნიშნული. ეგების აქ იჯდა ეჯიბი, მეკარე, მცველი მგლის კარისა, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. ასეთი სახელი XVII საუკუნის საქართველოში დადასტერებულია ხეობაში. 1609 წელს ტაშისკარში ყირიმელ თათრებთან მომხდარი ომის დროს, გიორგი სააკაძემ წინასწარ შეკრა გასაქცევი გზა ხეობით, ახალციხსაკენ. იოსებ თბილელი წერს: „ჩვენი სიკვდილი აღარ გვჩნდა იოტად, ნუ კეკრისა, გზები შეუკარ კორტანეთს, შალვა უფროსი მეკრისა“. ე. ი. კორტანეთის გზაზე მეკარეთა უფროსი ვინმე შალვა ყოფილა.
ანალოგიური ვითარება შეიძლება ვივარაუდოთ ფოლადაურის ზემო წელზედაც და მაშინ ჰუჯაბის სახელწოდება უფრო გასაგები გახდება.
ჰუჯაბის ტაძარი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოსა და სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ტერიტორიული კუთვნილება საკამათო გახდა მას შემდეგ, რაც 2005 წელს ტელეკომპანია „მზის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ხუჯაბის კადრებს იღებდა, ცეცხლი გაუხსნეს სომეხმა მესაზღვრეებმა. როგორც გაირკვა, ხუჯაბის ტაძარს სომხური მხარე თავის სახელმწიფო საზღვრებში მოიაზრებს და შესაბამისად, მესაზღვრეებმა გადამღები ჯგუფი საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის კანონდამრღვევებად ჩათვალეს. ქართულ მედიაში გავრცელდა სტატიები, რომელთა მიხედვითაც საზღვარი მესაზღვრეებმა უკანონოდ გადმოწიეს სომხეთის სასარგებლოდ, რის შედეგადაც ხუჯაბი სომხური კონტროლის ქვეშ მოექცა; ზოგიერთი წყარო ასახელებს 300 მეტრს, ზოგი კი 400-ს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰუჯაბის ტაძარი საქართველოს საზღვრებში იყო მოქცეული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის რაიმე სახის ხელშეკრულება საზღვრის გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე არ გაფორმებულა. მონასტერი, რომ საქართველოს ფარგლებში მდებარეობს ამას ადასტურებს ცნობარი“ საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფოს დაცვაზე“, გამოცემული თბილისში 1959 წელს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლების დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ. აგრეთვე „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ატლასი, გამოცემული 1964 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.
ჰუჯაბის მონასტერი დაცარიელდა მტრის მორიგი შემოსევის დროს როცა მათ პირწმინდად მოსპეს მონასტრის ყველა წმინდა ბერი. 1905 წელს კი იქ ჩამოყალიბდა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის დედათა მონასტერი, რომელმაც იარსება 1935 წლამდე. ამ წელს იგი ველურად დაარბიეს (გაუგებარია თუ რა მიზეზით) და ისე განდევნეს მონაზვნები, მონასტრიდან, რომ წაიღეს მხოლოდ რაც მათ ტანზე ეცვათ. მონაზვნებმა თავი შეაფარეს სოფელ ახ - ქერფსა და იქ დამკვიდრდნენ. შემდეგ მათ მოაწყეს ერთ - ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველო და სენაკები, ცხადია ძალზე ვიწრო და სრულიად შეუფერებელ პირობებში. ეს ყველაფერი, დგინდება მონასტრის იღუმენიის პავლას ნათქვამით რომელიც ცოცხალი მოწმე იყო მომხდარი ამბის რადგან 1935 წელს იგი იყო ჰუჯაბის დედათა მონასტრის მონაზონი.
დღესდღეისობით ჰუჯაბის მონასტერთან, საქართველოს მხრიდან მისვლა ფაქტიურად შეუძლებელია. იგი შორიდან ჩანს სადახლო-ახკერპის გზიდან. შორიდან გიმზერს ქართული ხუროთმოძღვრების დიდებული ძეგლი, თითქოს საშველად გიხმობს....
ჰუჯაბი, თავისი კულტურული ღირებულებით არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა თავის თანადროულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, უფრო მეტიც მსგავსი პერიოდიკის ძეგლები ძალზედ საინტერესოა რადგან უკვე კარგადაა ჩამოყალიბებულია ქართული ტრადიციული საეკლესიო არქიტექტურა. დასანანია, რომ მსგავსი მაშსტაბის ძეგლი მხოლოდ ბედის ანაბარაა მიტოვებული. გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის აღნიშნული სიტუაციის გონივრულად განხილვის შედეგად ჰუჯაბის მონასტერი დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის